ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის გზა იაროსლავლზე გადის


თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, მაისში რუსეთში გუბერნატორებსაც ადგილობრივად აირჩევენ.

იაროსლავლის ისტორიული ცენტრი მე-16 საუკუნის სპასკის მონასტრით „იუნესკოს“ მიერ მსოფლიო საგანძურთა სიაშია შეყვანილი.

ორი წლის წინ, როცა ვოლგაზე გაშენებული ქალაქის ათასწლოვანი იუბილე აღნიშნეს, ვლადიმირ პუტინმა განსაკუთრებული მოწადინება გამოიჩინა. პრემიერმა იაროსლავლის გარეგნულ რესტავრაციაში და უძველესი ტაძრების აღდგენაში მილიონობით დოლარი ჩადო.

შარშან ქალაქს დიდი უბედურება დაატყდა თავს. კრემლის საწინააღმდეგო განწყობებმა პირველად მას შემდეგ იჩინა თავი, რაც ქალაქის ჰოკეის მთელი გუნდის თვითმფრინავში დაღუპვის მიუხედავად მატჩი არ გადადეს. „ლოკომოტივის“ სათადარიგო მოთამაშეები აიძულეს ყინულზე მაინც გამოსულიყვნენ. მიზეზი დმიტრი მედვედევის მიერ რინგზე დასწრების სურვილი იყო. პუტინი დაუყოვნებლივ ეწვია ქალაქს და ყვავილებით 26 დაღუპულ ჰოკეისტს პატივი მიაგო.

იაროსლაველებისთვის როგორც ჩანს პუტინის ვიზიტი საკმარისი არ იყო. აპრილის დასაწყისში გამართულ ქალაქის მერის არჩევნებზე ოპოზიციონერმა ევგენი ურლაშოვმა კრემლის კანდიდატი შთამბეჭდავად - 70 პროცენტით 28-ის წინააღმდეგ - დაამარცხა.

ათიათასობით ადამიანი, თითქმის 100 ათასი კაცი დაიძრა მაშინ სახლებიდან და ყვავილების დასაწყობად არენისკენ წავიდა. გიგანტური მასშტაბის ტრაგედია იყო. „ლოკომოტივის“ სამკერდე ნიშანი დღესაც მიკეთია, აი აქ“ - ამბობს გამარჯვებული ურლაშოვი და დასძენს, რომ მიზეზი რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ იყო. ხალხს ყოფილი მერის 23-წლიანი მმართველობის პერიოდში დაკანონებული კორუფცია და განუკითხაობა ყელში ამოუვიდა.

„მხოლოდ მშვიდობიანი გარდაქმნები გვინდა, მეტი არაფერი. არჩევნებით მოპოვებული ცვლილებები გვესაჭიროება და არა რევოლუციით, ან ძალადობით. ახალი ხელმძღვანელობის არჩევა ევოლუციურ, კანონიერ, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში უნდა მოხდეს“ - აცხადებს ევგენი ურლაშოვი.

ოპოზიციის ამგვარი გამარჯვება ერთეული არ გახლდათ და შესაბამისად კრემლის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. იაროსლავლის გარდა ოფიციოზის კანდიდატებმა ადგილობრივი არჩევნები კიდევ 4 დიდ ქალაქში წააგეს.

თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, მაისში რუსეთში გუბერნატორებსაც ადგილობრივად აირჩევენ. ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე კრემლი არასასურველ გუბერნატორებს სასწრაფოდ იცილებს. უკანასკნელ ხანს მოსკოვის ჩათვლით 8 უმთავრეს რეგიონში ახალი გუბერნატორი დაინიშნა.

ურლაშოვის ერთ-ერთი რიგითი მხარდამჭერი, ანდრეი ჩეკანოვი თვლის, რომ გზა პოლიტიკური გამარჯვებების გზა სწორედ მის ქალაქზე, იაროსლავლზე გადის და შორს არ არის ის დრო, როცა ოპოზიცია კრემლამდე მივა:

ხალხმა დაამტკიცა, რომ მას საკუთარი აზრი გააჩნია, რომელიც ხელისუფლების აზრისგან განსხვავდება. ამ წუთას ეს ერთეულ ქალაქში მოხდა, მაგრამ ზოგადად ამ ტენდენციას მთელი რუსეთისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა“ - ამბობს ის.

ანდრეი ჩეკანოვის აზრით დრო შეიცვალა. ზრდასრული ადამიანების 60 პროცენტი უკვე ინტერნეტზეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ინფორმაციის არაოფიციალურ წყაროებზეც მიუწვდებათ ხელი და შესაბამისად დამოუკიდებელი აზროვნება უყალიბდებათ - აღნიშნავს ის.

ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სოკოლოვი ოპოზიციის გამარჯვებას იმითაც ხსნის, რომ წინა მმართველობამ ბევრი დანაპირები არ შეასრულა. მისი თქმით, იყო იაროსლავლის 1000 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პროექტები, რომლებიც 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო და დღემდე არ განხორციელებულა. ქალაქის მკვიდრთა იმედები მათ არ შეასრულეს, ამიტომაც ხალხს ცვლილებების სურვილი გაუჩნდა, გვიხსნის ის.

7 მაისს ვლადიმირ პუტინი ინაუგურაციისთვის ემზადება. ეს მისთვის პირველი ინაუგურაცია არ არის. როგორც ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ხავიერ სოლანამ ახლახან აღნიშნა, რუსეთი შეიცვალა და „ძველ პრეზიდენტს სამართავად თვისობრივად ახალი ქვეყანა ხვდება“.

XS
SM
MD
LG