ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში რევოლუციის წლისთავს აღნიშნავენ


ეგვიპტეში რევოლუციის წლისთავს აღნიშნავენ
ეგვიპტეში რევოლუციის წლისთავს აღნიშნავენ

მუსლიმთა საძმომ გარკვევით განაცხადა, რომ არ აპირებს ეგვიპტის მომავალზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობის აღებას.

შარშან თაჰრირის მოედანზე რევოლუციურ მოძრაობაში მილიონობით ეგვიპტელმა მიიღო მონაწილეობა. აქ იყვნენ ღარიბები და საშუალო ფენის წარმომადგენლები, მუსლიმები და ქრისტიანები.

სახალხო გამოსვლების ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანეს ეგვიპტელმა ახალგაზრდებმა და პროგრესულად განწყობილმა საზოგადო მოღვაწეებმა. ისინი ფეისბუქის და თვითერის აქტივისტები იყვნენ, რომლებმაც რევოლუციაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს.

ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნებში მუსლიმთა საძმომ გაიმარჯვა, რომლებიც სახალხო გამოსვლების საწყის ეტაპზე დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. ამ გარემოებამ ახალგაზრდა ეგვიპტელების იმედგაცრუება გამოიწვია.

ჰანან აბდელ ალიმის განცხადებით:

“ პარლამენტი თაჰრირის მოედანზე თავგანწირული ხალხის წყალობით აირჩიეს და ჩვენ უნდა შევახსენოთ მის წვერებს, რომ რევოლუციის შედეგად მოვიდნენ ხელისუფლებაში.“

დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტები ეგვიპტელი ხალხის ხმის გაგონებისკენ მოუწოდებდნენ მთავრობას, ახლა კი თავად აღმოაჩინეს, რომ ხალხი თურმე ისლამისტებს უჭერს მხარს.

თუმცა ეგვიპტელთა ნაწილი ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ პარლამენტი წინააღმდეგობას გაუწევს ეგვიპტის სამხედრო მმართველების ტირანიას.

სამეჰ აბდელ აზიმის განცხადებით:

“ეს ხალხი ეგვიპტელებმა აირჩიეს და დიდი ნდობა გამოუცხადეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახლად არჩეული პარლამენტი უარს იტყვის წარსულ გამოცდილებაზე და რევოლუციის შემდეგ ეგვიპტე ახალ ცხოვრებას დაიწყებს.“

როგორც ეგვიპტელი ადამიანის უფლებათა დამცავი გასერ რაზეკი აცხადებს რელიგიური, თუ სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი.

მისი თქმით:

“ეგვიპტე არასოდეს არ ყოფილა სეკულარული სახელმწიფო. ის სადღაც შუაში იყო. ავიღოთ მემკვიდრეობის საკითხი. ეგვიპტეში მემკვიდრეობას არასოდეს განსაზღვრავდა სამოქალაქო კანონმდებლობა. ის ან შარიათის შესაბამისდ წყდებოდა, ან ქრისტიანული ეკლესიის კანონების მიხედვით. ეგვიპტეში ქრისტიანს ყოველთვის აკრძალული ჰქონდა მუსულმანი ქალის ცოლად მოყვანა. ამ ქვეყანაში არასოდეს არ ყოფილა სამოქალაქო ქორწინება.“

მუსლიმთა საძმომ გარკვევით განაცხადა, რომ არ აპირებს ეგვიპტის მომავალზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობის აღებას. გასერ რეზაკის აზრით ეს დადებითი მოვლენაა.

მისი თქმით:

“ ჩვენ რეპრესიული, ავტოკრატულ რეჟიმის პირობებში ვცხოვრობდით თითქმის 60 წლის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე არავინ არ იცოდა კოალიციების პირობებში ცხოვრება. დღეს ეგვიპტეს სწორედ ისლამისტების და ლიბერალების თანამშრომლობა სჭირდება.“

რევოლუციის აქტივისტების აზრით, პირველ რიგში ეგვიპტელი ხალხის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. ამისთვის კი, აუცილებელია სამხედროები თავის ყაზარმებს დაუბრუნდნენ. ამ მიმართულებით ეგვიპტის სამხედრო საბჭოს მეთაურმა უკვე გადადგა ნაბიჯი. მუჰამედ ჰუსეინ ტანტავის განცადებით დროა ბოლო მოეღოს ეგვიპტეში 30 წლის მანძილზე მოქმედ საგანგებო მდგომარეობას.

XS
SM
MD
LG