ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგრესიული რიტორიკა


აგრესიული რიტორიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანი გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრება.

ისრაელის ლიდერებმა ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გააძლიერეს აგრესიული რიტორიკა ირანის წინააღმდეგ. ისრაელის ხელისუფლება არ მალავს, რომ ირანზე დარტყმას აპირებს ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეჩერების მიზნით.

ცოტა ხნის წინათ, ისრაელის მესვეურები დაიმუქრნენ, რომ ამგვარი თავდასხმა შესაძლოა წელსვე განხორციელდეს. ამ განცხადებამ ისრაელის საზოგადოებაში მძაფრი კამათი გამოიწვია, სადაც ჯერ კიდევ ახსოვთ ოცი წლის წინ ერაყის პირველი ომის დროს ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები.

68 წლის მოშე მეირონი თელ ავივის გარეუბან რამათ განში ცხოვრობს. ის ამ ქალაქის მერის მოადგილე იყო, როდესაც 21 წლის წინ სადამ ჰუსეინმა დასავლეთის კოალიციურ ძალებთან ომის დროს, ისრაელის ქალაქებს სკადის ტიპის რაკეტები დაუშინა.

მეირონი იმ დღეს იხსენებს, როდესაც მეუღლესთან ერთად სახეზე გაკეთებული აერწინაღებით თავშესაფარში იმყოფებოდა, რაკეტა კი სახლთან მდგარ მათ ავტომობილს დაეცა.

“ ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული. ხუთი თუ ექვსი სახლი იწვოდა მანქანებთან ერთად. მე და ჩემი მეუღლე სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს.“

ამ მწარე გამოცდილების მიუხედავად, ისრაელის ლიდერები ირანზე თავდასხმას გეგმავენ, რათა ამ ქვეყანას ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცენ. თუმცა როგორც ისინი ამბობენ, სამხედრო ოპერაციას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ. ისრაელის ლიდერების განცხადებით, საერთშორისო საზოგადოების ყოყმანის შემთხვევაში, ისრაელი დამოუკიდებლად განახორციელებს აღნიშნულ ოპერაციას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანი გლობალურ უსფართხოებას ემუქრება. მისი თქმით:“ ატომური ბომბით შეაიარაღებული ირანი არა მარტო ისრაელს, არამედ მთელ რეგიონს და მსოფლიოს ემუქრება. ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება.“

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაქის განცხადებით, დრო ცოტა რჩება ეფექტური სამხედრო დარტყმის განხორციელებისთის, რომელიც ამ წლის ბოლოსთვის მაინც უნდა მოხდეს.

სამხედრო ექსპერტების აზრით, ირანს ბირთვული ობიექტები მიწისქვეშა ბუნკერებში გადააქვს, რომლებმაც შესაძლოა ყველაზე ძლიერ დაბომბვას გაუძლონ.

ირანი თვის მხრივ არ მალავს, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს საკადრის პასუხს გასცემს თავდასხმის შემთხვევაში. თეირანის ბალისტიკურ რაკეტებს დღესვე შეუძლიათ ისრაელამდე და ევროპის ზოგიერთ სახელმწიფომდე მიღწევა. როგორც ამბობენ, ირანი იმგვარი ბალისტიკური რაკეტის შექმნაზეც მუშაობს, რომელიც ამერიკის ტერიტორიას მიაღწევს.

შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, ირანმა ორმუზის სრუტის გადაკეტვის მუქარით უპასუხა.

როგორც სამხედრო ისტორიის სპეციალისტი მარტინ ვან კრეველდი აცხადებს, სამხედრო დარტყმას ირანის წინააღმდეგ, მხოლოდ რამდენიმე წლით შეუძლია ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეფეხება. ასე რომ, საერთაშორისო თანამეგობრობა ჯობია დროზე შეეგუოს ბირთვული ირანის არსებობას.

" არსებობს იმის საშიშროება, რომ ირანის ხელისუფლებამ ერთ მშვენიერ დღეს თქვას, რომ ამდენი დავიდარაბის შემდეგ, მართლაც მოვიდა ბომბის შექმნის დრო და პირდაპირ განაცხადოს ამის შესახებ.“

თელ ავივის ინსტიტუტის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ეფრაიმ კამის განცხადებით:

“ ეს კიდევ უფრო გაზრდის დესტაბილიზაციას მთელ ახლო აღმოსავლეთში, რადგან ირანის მსგავსად ეგვიპტე, საუდის არაბეთი, თურქეთი და სირიაც მოინდომებენ ატომური ბომბის შექმნას.“

ირანზე თავდასხმის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ისრაელის თვითმფრინავებს სამიზნემდე მისაღწევად ჰაერში საწვავის დამატება დაჭირდებათ. გარდა ამისა, მათ მეზობელი ქვეყნების ნებართვა უნდა აიღონ მათ საჰაერო სივრცეში შეჭრის შემთხვევაში.

შეერთებულ შტატებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა მხოლოდ 43% უჭერს მხარს ირანზე თავდასხმაში ამერიკის მონაწილეობას. მაშინ, როდესაც გამოკითხულთა 62%-ს სჯერა, რომ ადრე თუ გვიან თეირანი შეძლებს ატომური იარაღის დაუფლებას.

XS
SM
MD
LG