ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეიდარ ალიევის შემდეგ, რონალდ რეიგანი


რონალდ რეიგანის ძეგლი თბილისში, რიყეზე
რონალდ რეიგანის ძეგლი თბილისში, რიყეზე

ვარდების რევოლუციის მერვე წლისთავზე, საქართველოს დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლის წინ მდებარე რიყის პარკში, ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა.

ეს ღონისძიება რეიგანის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. რეიგანის საპრეზიდენტო ფონდთან შეთანხმებით, თბილისში ფუნქციონირებას შეუდგა რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრიც.

„რეიგანი, მოგეხსენებათ იყო ის უკიდურესად გამბედავი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, ვინც გაბედა და პოლიტიკური კონიუნქტურის საწინააღმდეგოდ, საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა. სწორედ ამის შემდეგ რეალურად დაიწყო ბოროტების იმპერიის დაშლა. ჩვენ მისი 100 წლისთავთან დაკავშირებით, ამ დიდი პიროვნების წინაშე, ვაკეთებთ ასეთ პოლიტიკურ და მეგობრულ ჟესტს და გავხსენით ძალიან დემოკრატიული ფორმის ქანდაკება.“
ნიკა რურუა, კულტურის მინისტრი

ოფიციალური ინფორმაციით, ეს იქნება პირველი ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, რომელსაც რეიგანის სახელი მიენიჭა. რეიგანის ცენტრი საქართველოში რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ოფიციალური პარტნიორის სტატუსით იმუშავებს.

კულტურის მინისტრი ნიკა რურუა "ამერიკის ხმასთან" ამბობს რომ რეიგანის ძეგლის დადგმა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური და მეგობრული ჟესტია:

„რეიგანი, მოგეხსენებათ იყო ის უკიდურესად გამბედავი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, ვინც გაბედა და პოლიტიკური კონიუნქტურის საწინააღმდეგოდ, საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა.

სწორედ ამის შემდეგ რეალურად დაიწყო ბოროტების იმპერიის დაშლა. ჩვენ მისი 100 წლისთავთან დაკავშირებით, ამ დიდი პიროვნების წინაშე, ვაკეთებთ ასეთ პოლიტიკურ და მეგობრულ ჟესტს და გავხსენით ძალიან დემოკრატიული ფორმის ქანდაკება.“

სკამზე ჩამომჯდარი როლანდ რეიგანის ძეგლი, რიყის პარკიდან პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს გაჰყურებს. სკამზე კი ინგლისურ და ქართულ ენებზე ამოტვიფრულია ფრაზა, „Freedom is never more than one generation away from extinction“, „თავისუფლების შენარჩუნება ყოველი თაობის საზრუნავი უნდა იყოს.“

ეს ფრაზა რონალდ რეიგანმა 1961 წელს ფენიქსში, სავაჭრო პალატის სხდომაზე გამოსვლისას წარმოთქვა. მაშინ. 50 წლის რეიგანი ჯერ კიდევ დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და ტელეკომპანია სი-ბი-ეს-ზე, ყოველკვირეული სატელევიზიო პროგრამა „ჯენერალ ელექტრიკის თეატრი“ მიჰყავდა.

ძეგლის ავტორი ქართველი მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძე არ აკონკრეტებს, რა თანხა გაიღო თბილისის ბიუჯეტმა რეიგანის ძეგლის შესაქმნელად:

„გადავწყვიტეთ, არ ყოფილიყო არავითარ ამაღლებულ პედესტალზე შემდგარი, ასე, სტუმრად მოვიდა რეიგანი, პარკში შემოვიდა და პარკის სავარძელში ზის. პარკში ნებისმიერ შემომსვლელს შეუძლია მივიდეს და დაჯდეს რეიგანის გვერდით.“

ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც 1981 წლიდან 1989 წლამდე მართავდა შეერთებულ შტატებს, სიცოცხლის ბოლო ათი წლის მანძილზე ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებოდა. რეიგანი 2004 წელს, ლოს ანჯელესში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კაპიტოლიუმში გამოჩენილი ამერიკელების ქანდაკებების ეროვნულ დარბაზში, რეიგანის ბრინჯაოს სკულპტურა მხოლოდ 2009 წელს გამოჩნდა. წელს, რეიგანის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო რეიგანის ქანდაკებების მომრავლება მთელ მსოფლიოში შეინიშნება.

ივნისში, რეიგანის 7 მეტრიანი ქანდაკება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიხსნა. ივლისში, რეიგანს ქანდაკება ლონდონის ცენტრში, უკვე ბრიტანელებმა დაუდგეს. 10 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება ერთი მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

თავისთავადაც ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან საპატივცემულო პიროვნება, ამერიკის ძალიან კარგი პრეზიდენტი, მაგრამ რა შუაშია, აქ თბილისში, რიყეზე?
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი

1 ნოემბერს, რეიგანის 9 ფუტიანი ქანდაკება ვაშინგტონის რეიგანის სახელობის საერთაშორიო აეროპორტთან დაიდგა, ქანდაკება 900 ათასი აშშ დოლარი დაჯდა. 6 ნოემბერს, რეიგანის ქანდაკება ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა ამერიკის ქალაქ ნიუპორტ ბიჩში, იქ მისი მოპარვა სცადეს და ძლიერ დააზიანეს.

20 ნოემბერს, რეიგანის კიდევ ერთი ქანდაკება პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ ვარშავაში გახსნა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რეიგანის ქანდაკება კი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისშია. რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს:

„არ ვეხები როგორი ძეგლია კარგია, არ არის კარგი, რანაირია. თავისთავადაც ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან საპატივცემულო პიროვნება, ამერიკის ძალიან კარგი პრეზიდენტი, მაგრამ რა შუაშია, აქ თბილისში, რიყეზე?

დიდი დიდი, საქართველოს შესახებ სცოდნოდა რეიგანს შევარდნაძისგან, სხვა ქართველი მას ბუნებაში არ უნახავს. თვითონ მიხეილ სააკაშვილი და რაღაც წრეს მის გარშემო, აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ რეიგანი არის იმ მსოფლმხედველობის გამოხატულება, ნეოკონსერვანტიზმისა და ლიბერტალიანელობის, რასაც თითქოს და ეს ხელისუფლება ატარებს.“

რონალდ რეიგანი არის უცხო ქვეყნის მეორე პრეზიდენტი, რომელსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ, თბილისში ძეგლი დაუდგეს. მანამდე 2007 წელს, აბანოთუბანში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გაიხსნა. ალიევის კიდევ ერთი ბიუსტი მარნეულშიც დგას.

ჰეიდარ ალიევის ძეგლი თბილისში
ჰეიდარ ალიევის ძეგლი თბილისში

თბილისში ასევე არის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა; საქართველოს რამდენიმე ქალაქში კი პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის - ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩები.

ბათუმში - შეიხ ნაჰაიან ბინ მუბარაქ ნაჰაიანის სახელობის ქუჩა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების განათლების ამჟამინდელი მინისტრია. ახლახანს, ანაკლიაში კი ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარიც გვაქვს.

საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ "ძეგლების პოლიტიკის" გამო. ყველაზე დიდი კრიტიკა ქუთაისში, 2009 წლის დეკემბერში, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის სამხედრო დიდების მემორიალის აფეთქებას მოჰყვა, რა დროსაც დედა შვილი, ეკა ცუცხვაშვილი და ნინო ჯინჭარაძე დაიღუპნენ, ეს უკანასკნელი 11 წლის იყო.

ქუთაისში, 2009 წელს აფეთქებული სამხედრო დიდების მემორიალი, რომლის დემონტაჟსაც მსხვერპლი მოჰყვა
ქუთაისში, 2009 წელს აფეთქებული სამხედრო დიდების მემორიალი, რომლის დემონტაჟსაც მსხვერპლი მოჰყვა

დედა-შვილი მემორიალის სიახლოვეს, კორპუსში ცხოვრობდნენ და ძეგლის დემონტაჟისას უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, აფეთქებული მემორიალის ბეტონის თაღის ნასხვრევები მოხდათ. 46 მეტრი სიმაღლის დიდების მემორიალი ქუთაისში 1981 წლიდან იდგა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად. ქუთაისელები მემორიალს "მზეჭაბუკის" ძეგლის სახელით მოიხსენიებდნენ.

"ამ ხალხს არ ესმის და არა აქვს გაცნობიერებული ამ მონუმენტის მნიშვნელობა. არ ესმით რა არის კულტურული და ისტორიული მეხსიერება"
მერაბ ბერძენიშვილი, მოქანდაკე

ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა კაცის "მზეჭაბუკის" ქანდაკება, რომელიც დიდების მემორიალის ნაწილი იყო, აფეთქებამდე მოხსნეს და ძეგლის ავტორის მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში გადაიტანეს. ხელისუფლებამ დიდების მემორიალის აფეთქების გადაწყვეტილება, პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის გამო მიიღო.

"ამ ხალხს არ ესმის და არა აქვს გაცნობიერებული ამ მონუმენტის მნიშვნელობა. არ ესმით რა არის კულტურული და ისტორიული მეხსიერება" - თქვა მაშინ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების გემოვნებაში ასევე ვერ ჩაჯდა, ზესტაფონში, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის ქანდაკება „დაჭრილი არწივი“, რომელიც ასევე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას ეძღვნებოდა.

ზესტაფონის ცენტრიდან აღებული ელგუჯა ამაშუკელის "დაჭრილი არწივი"
ზესტაფონის ცენტრიდან აღებული ელგუჯა ამაშუკელის "დაჭრილი არწივი"

ზესტაფონის ცენტრში ეს ძეგლი 1970 წლიდან იდგა, 2009 წელს, ძეგლეს ჯერ ადგილი შეუცვალეს, შემდეგ კი საერთოდ აიღეს და ახლა, როგორც ზესტაფონიდან გვაცნობეს, ღია ცის ქვეშ არის დაგდებული.

2007 წელს დაწყებულ ქალაქ სიღნაღის რეაბილიტაციას შეეწირა, მოქანდაკე ვახტანგ ონიანის „ამირანის“ ქანდაკება, რომელიც სიღნაღში 1980 წლიდან იდგა.

ქანდაკების დემონტაჟი 2008 წელს მოხდა, ამჟამად სად არის ქანდაკება დასაწყობებული უცნობია. სიღნაღში მოარული ჭორები, რომ ქანდაკება დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს არ დასტუდება. სიღნაღში ასევე ადგილი შეუცვალეს სოლომონ დოდაშვილის ძეგლს.

სიღნაღში "ამირანის" ქანდაკება 2008 წელს აიღეს
სიღნაღში "ამირანის" ქანდაკება 2008 წელს აიღეს

2009 წლის ზაფხულში, რუსთავის შესასვლელიდან ასევე აიღეს, მოქანდაკე ძმების ჯუმბერ და თამაზ ჯიქიების სკულპტურული კომპოზიცია „თავისუფლების რაშები“.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო საბჭოთა პერიოდის ძეგლი. კომპოზიცია 2003 წელს, პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის მიწურულს, „რუსთავ ქალაქობაზე“ გაიხსნა და არაოფიციალური ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტს მილიონ ლარამდე დაუჯდა. ეს ძეგლიც ღია ცის ქვეშ არის დასაწყობებული.

რუსთავში, "თავისუფლების რაშების" კომპოზიცია, ასევე 2009 წელს მოხსნეს
რუსთავში, "თავისუფლების რაშების" კომპოზიცია, ასევე 2009 წელს მოხსნეს

2009 წელს, თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ასევე მოხდა, "პრომეთეს" ძეგლის დემონტაჟი, რომელიც ბელგიაში მცხოვრებ ქართველ მოქანდაკე დევი ხმალაძის ნამუშევარია.

"პრომეთე" 2009 წელსვე თბილისიდან რატომღაც ბორჯომში გადაიტანეს. ეს ძეგლი 2007 წელს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლონელ და ლიტველ კოლეგებთან, ლეხ კაჩინსკისთან და ვალდას ადამკუსთან ერთად გახსნა.

2007 წელს, გახსნილმა პრომეთეს ძეგლმა თბილისიდან, 2009 წელს, მოულოდნელად ბორჯომში გადაინაცვლა
2007 წელს, გახსნილმა პრომეთეს ძეგლმა თბილისიდან, 2009 წელს, მოულოდნელად ბორჯომში გადაინაცვლა

თბილისში, რეიგანის ძეგლის გახსნამდე, ერთი კვირით ადრე, 2011 წლის 17 ნოემბერს, ლანჩხუთის ცენტრიდან, ღამით, ასევე ჩუმად აიღეს, „აჯანყებული გურულის“ ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „გადარეულ გურულს“ უწოდებდა.

„აჯანყებული“ მოქანდაკე გოგი ოჩიაურმა 1981 წელს დადგა და გურული გელეხების აჯანყებებს მიუძღვნა. ამ დროისთვის, ქანდაკება ლანჩხუთის რკინიგზის სადგურთან, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ არის წაქცეული.

"აჯანყებული" იგივე "გადარეული გურული" ლანჩხუთის ცენტრიდან 17 ნოემბერს გაქრა, "გურია ნიუსის" ფოტო
"აჯანყებული" იგივე "გადარეული გურული" ლანჩხუთის ცენტრიდან 17 ნოემბერს გაქრა, "გურია ნიუსის" ფოტო

ამ ფონზე, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში ბათუმის ბულვარში, 12 კვერცხის და 2 ქოშის („შლოპანცის“) კომპოზიცია გაჩნდა. კვერცხების სიგრძე თითქმის 2 მეტრია, მთლიანად კომპოზიციის კი 6 მეტრი. კომპოზიციის ავტორი თვითნასწავლი ფრანგი მოქანდაკე ელიზა ლილი ფანტოცია.

ბათუმის მერია ამ დრომდე არ იძლევა ინფორმაციას, თუ რა თანხა დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს თანამედროვე ხელოვნების ეს ნიმუში, რომელსაც ბათუმელები (და არა მარტო) არც თუ კეთილგანწყობილად შეხვდნენ.

12 კვერცხის და 2 ქოშის („შლოპანცის“) კომპოზიცია ბათუმის ბულვარში, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში გაჩნდა
12 კვერცხის და 2 ქოშის („შლოპანცის“) კომპოზიცია ბათუმის ბულვარში, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში გაჩნდა

ასეთივე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, ასევე ნოემბერში დადგმულ, გიგანტური ველოსიპედის სკულპტურის მიმართ.

ველოსიპედის სკულპტურა ფრანგ მოქანდაკე ჟან დუპუის ეკუთვნის და განასახიერებს, "ევროპა-აზიის საზღვარზე მდებარე საქართველოს მყიფე მდგომარეობას".

ველოსიპედი, რომელსაც ორი საჭე აქვს, სიგრძეში 8 მეტრია, სიმაღლეში კი 4 მეტრი. სკულპტურა ფრანგ მოქანდაკე ჟან დუპუის ეკუთვნის და ავტორის აზრით, განასახიერებს, "ევროპა-აზიის საზღვარზე მდებარე საქართველოს მყიფე მდგომარეობას".

2005 წელს, ხელისუფლებამ, სწორედ "ვარდების რევოლუციის" მოედნიდან აიღო და დიღმის მასივში გადაიტანა, დავით აღმაშენებლის ძეგლი, ავტორის მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის და საზოგადოების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად.

მაშინ თბილისის მერიამ, საქართველოს ყველაზე დიდი მეფის ძეგლისთვის ადგილის შეცვლა, რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციას (ე.წ „ანდროპოვის ყურების“ დანგრევას) და ყაზახი ინვესტორის მოთხოვნას დაუკავშირა.

ყაზახებმა მაშინ ქართველ პარტნიორებთან ერთად სასტუმრო „ივერია“ შეიძინეს, აფხაზეთის და თბილისის ომის დევნილები გამოასახლეს და სასტუმროს რეაბილიტაცია დაიწყეს.

"ვარდების მოედანზე", საიდანაც 2005 წელს, დავით აღმაშენებლის ძეგლი აიღეს, 2011 წელს, დიდი ველოსიპედის ძეგლი გაჩნდა
"ვარდების მოედანზე", საიდანაც 2005 წელს, დავით აღმაშენებლის ძეგლი აიღეს, 2011 წელს, დიდი ველოსიპედის ძეგლი გაჩნდა
XS
SM
MD
LG