ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება


”ქართული ოცნების” 10 ივნისის მიტინგს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2012 წლის 6 ივნისს ქუთაისის პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პოლიციამ 7 ივნისს ”ქართული ოცნების” სამი აქტივისტი დააკავა. დაკავებულთა დასაცავად ქუთაისში ქართული ოცნებიდან ადვოკატთა ჯგუფი გაემგავრა. ”ქართული ოცნება” დაკავებული აქტივისტების საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, 10 ივნისს ”ქართულ ოცნებას” ქუთაისში აქციის ჩატარება აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ ქართული ოცნების პრესსპიკერმა განცხადება ჯერ კიდევ 4 ივნისს გააკეთა უკვე ტრადიციულ ბრიფინგზე. ”ეს იქნება ისეთივე ამაღლებული და შთამბეჭდავი აქცია, როგორიც იყო 27 მაისს თბილისში” - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

”ქართული ოცნების” 10 ივნისის მიტინგს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ექსპერტი ზურაბ აბაშიძე ამბობს:

”ცხადია, ოპოზიცია ეცდება ქუთაისის მიტინგიც შთამბეჭდავი და ხალხმრავალი იყოს. ვფიქრობ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა ისწავლონ ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა. ამ ორი მიტინგით არაფერი მთავრდება, მხოლოდ იწყება, არჩევნებამდე საკმაო დროა. თუ ხელისუფლება და ოპოზიცია, უპირველეს ყოვლისა კი ხელისუფლება მოინდომებს, ეს არჩევნები ნორმალურად ჩატარდება, ხოლო თუ გაუთავებლად დამნაშავის ძებნაში ვიქნებით, არჩევნები ცუდად ჩატარადება, რაც ქვეყანაში ვითარებას გაართულებს. ჯერჯერობით თითქოს მაინც ისეთი სურათი ჩანს, რომ არჩევნები შეიძლება მეტნაკლებად ნორმალურად ჩატარდეს, უფრო ხარისხიანად, ვიდრე აქამდე და შეიძლება ლეგიტიმურობის ხარისხიც მეტი იყოს. ბევრი პრობლემაა ძალიან, ბევრი დარღვევებია, ბევრი უკმაყოფილებაა, ბევრი საგანგაშო ინფორმაციაც ვრცელდება, მაგრამ საერთო ჯამში თუ შევხედავთ, ვფიქრობ არის პოზიტივიც იმიტომ, რომ გამოჩნდა ძლიერი ოპოზიცია. ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ეს კონსტრუქციული ოპოზიციაა თავისი ფასეულობებით, რასაც ის საზოგადოებას სთავაზობს. ამ პროცესს თან ახლავს ყველაზე ცუდი, შავი პიარი რასაც ჰქვია. ერთ ტელევიზიას ჩართავ და მიდის გარკვეული შავი პიარი მოწინააღმდეგის მისამართით, მეორეს ჩართავ და საპირწონედ. ეს რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს."

- თქვენი აზრით, ვინ უნდა შეაჩეროს?

"თუ ჩვენ ხელისუფლებას და უმაღლეს ხელისუფალს ეყოფა ვაჟკაცობა, მოიწვიოს შეხვედრაზე მთავარი ოპონენტი და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინასაარჩევნო პერიოდში, თუნდაც იმის შესახებ, რომ უარი თქვან შავ პიარზე. დიდი შეთანხმებები ვერ მოხდება, მაგრამ ესეც დიდი საქმეა, რომ ასეთი საინფორმაციო ფონი არ იყოს. ეს დიდი საქმე იქნებოდა და დიდი წინგადადგმული ნაბიჯი მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლებისთვისაც ძალიან მომგებიანი იქნებოდა და ოპოზიციისთვისაც. ეს ის თემაა, რომელზეც რატომღაც არავინ არ საუბრობს, თუმცა ივანიშვილისგან თითქოს მოვისმინე ასეთი რამ, რომ თუ იქნება შეხვედრა სააკაშვილთან მე მას შევხვდებიო. როცა სააკაშვილი გამოვიდა ბოლოს ანგარიშით პარლამენტში მან იქ ბუნდოვნად ახსენა, რომ კარგი იქნებოდა ”ჩვენ წინასაარჩევნო წესებზე შევთანხმებულიყავითო ერთმანეთთან. ასეთი შეხვედრა კარგი იქნებოდა ძალიან და რაც ადრე მოხდება, მით უკეთესია.”

შეძლებს ხელისუფლება, ოპოზიცია და ელექტორატი არჩევნების ჩატარებას ურთიერთდაპირისპირების გარეშე, ელექტორატის მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით? პარლამენტის წევრი გია თორთლაძე ამბობს:

”გეთანხმებით, მძიმე სოციალური მდგომარეობაა და ”ქართული ოცნება” პირდება. ”ქართული ოცნება” კი არა, ყველა პარტია ყველაფერს პირდება. ხუთი მილიარდის პატრონია, მაგრამ ხუთი მილიარდი მთლიანად რომ დახარჯოს საქართველოში ის ვერაფერს ვერ შეცვლის, პატარა სურვილების და პატარა დახმარებების გარდა. თუ მოსყიდვას აპირებს ამომრჩევლის და დაწყებული აქვს ეს მოსყიდვა, ქუთაისში უკვე დაარიგა ბიულეტენები თუ ქაღალდები, სადაც წერია: ჩამიწერე შენი ოცნება, რა გინდა, ამდენი თანხის ფარგლებში... ეს არის ადამიანების პირდაპირი მოსყიდვა, როცა ეუბნები მაცივარს გიყიდი, ოღონდ მერე ხმა უნდა მომცე, ალბათ... ამიტომ მე ამ ადამიანის არ მჯერა."

- შესძლებს საქართველო მსხვერპლის გარეშე არჩევნების ჩატარებას?

"არანაირი მსხვერპლი აქ არ იქნება, ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც რუსეთმა მოახერხა სწორედ, რომ დიდი მსხვერპლი გაღებულიყო საქართველოში. ეს იყო თბილისის ომი, აფხაზეთი, ცხინვალი. ეს შეძლო რუსეთმა მაშინ, როცა საქართველოს სახელმწიფო ყალიბდებოდა. დღეს ეს ვერ მოხდება. დღეს მოხდება მხოლოდ პოლიტიკური პროცესები. პოლიტიკურ პროცესებს რაც შეეხება, შეიძლება ადამიანების მოსყიდვა. თუ მოსყიდვას ექნება ადგილი, ნებისმიერი კანდიდატი იქნება ეს თუ პარტია - მოიხსნება არჩევნებიდან. ამიტომ ღია მოსყიდვაც ვერ მოხდება.”

XS
SM
MD
LG