ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველოში სამედიცინო ექსპერტიზა არ არსებობს"


"საქართველოში სამედიცინო ექსპერტიზა არ არსებობს"

კონფერენციის მიზანია დაიწყოს ღია დისკუსია საქართველოში წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიების შესახებ.

თბილისში არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა ”ემპათიამ” კონფერენცია ჩაატარეს.

"დღესდღეობით საქართველოში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა საბჭოთა, 1975 წელს შემუშავებული დოკუმენტაციით ხელმძღვანელობს” - აცხადებს ცენტრ ”ემპათიის” ხელმძღვანელი მაკა ჯიშკარიანი :

” -გაუგებარია...მაგალითად, თუ მოსამართლემ ნახა სასამართლო პროცესზე, რომ ადამიანი არის ნაცემი ან ნაწამები, მაგრამ ეს ადამიანი ამის შესახებ არ აცხადებს, მოსამართლე საპროცესო კოდექსით აკმაყოფილებს მხარის მოთხოვნას, თუ მხარე არაფერს არ ითხოვს. მაგრამ საქმე გვაქვს დანაშაულთან. რა უნდა ქნას ამ დროს მოსამართლემ? ვერ გეტყვით. ასეთი ხარვეზები კოდექსში მრავალია. შეუძლებელია ასე მუშაობა..

- როგორ უნდა დარეგულირდეს, რომ ნაცემ ადამიანს სამედიცინო ექსპერტიზა 6 თვის შემდეგ უტარდება?

"აუცილებლად საპროცესო კოდექსში უნდა იყოს ეს რეგულაცია შეტანილი . ჩვენ ვთქვით, რომ წამების საწინააღმდეგო გაეროს კონვენციის, რომელიც სავალდებულოა საქართველოსთვის, მე-12, მე-13 მუხლი გულისხმობს სწრაფ, ეფექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, რაც სტამბულის პროტოკოლით გულისხმობს ასევე ექსპერტიზის დროულად ჩატარებას. მაგრამ რა თქმა უნდა, 6 თვის დაგვიანებით, რომ ჩატარდება ექსპერტიზა და ზოგჯერ უფრო დაგვიანებითაც ტარდება, ეს არის არაეფექტური გამოძიება, რომელიც შემდეგ სტრასბურგში განიხილება მე-13 მუხლის დარღვევად."

კონფერენციის მონაწილეთა განცხადებებით, ყველა არსებული პრობლემის მიზეზია ის, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს, რომ სხეულის დათვალიერება ითვლება საქართველოში ექსპერტიზად და ა.შ. კონფერენციის მონაწილე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს :

”უმრავლეს შემთხვევაში სამართალდამცველი სტრუქტურები იყენებენ ფიზიკურ ზეწოლას, წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობებს. ასეთი არა ერთი მაგალითი იქნა მოყვანილი ამ კონფერენციაზე. სამედიცინო რეგულაციები არ გულისხმობს იმას, რომ ოჯახის წევრებს შეეძლოთ ჩართონ თავისი წარმომადგენელი ექსპერტი, რომელსაც ენდობიან.. გააჩნია ვინ ატარებს სამედიცინო ექსპერტიზას, რამდენად თავისუფალია ექსპერტი. თუ ის არის სახელმწიფო მოსამსახურე, ხელფასს იღებს და სამუშაო ადგილს უფრთხილდება, როგორც წესი, როდესაც მან უკვე იცის, რომ თუ არ დაწერს ექსპერტიზის დასკვნაში, რასაც შეუკვეთავენ, მას შეიძლება არა მხოლოდ სამსახურის დატოვებამ მოუწიოს, არამედ შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც არ არის ექსპერტი თავისუფალი, დამოკიდებულია ხელისუფლების ნებაზე, რასაკვირველია ობიექტურ ექსპერიზაზე საუბარი, მისი იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს”.

კონფერენციის მონაწილეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან კოორდინაციით. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს წევრის,პროექტის იურიდიული კოორდინატორის აზგერ კჯარუმის განცხადებით, ოფიციალური პირები, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ, თავად უნდა აგონ ამისთვის პასუხი. იგი საბჭოს სახელით ამ სფეროში მომუშავე პირებს, არასამთავრობო სექტორს მხარდაჭერას დაპირდა ”რათა თავის ადგილზე დადგეს ყველაფერი მთავრობასთან ურთიერთობების პროცესში”.

XS
SM
MD
LG