უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობებში უამრავი საკითხი დაგროვდა. ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო მომავალი წლისთვის პროგრესს მოელის, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ”საქართველოც და უკრაინაც შევლენ ნატოში გაცილებით ადრე, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია”. მომავალ 2012 წელს ჩიკაგოში დაგეგმილია ნატოს სამიტი, რომელმაც საქართველოს რეფორმებში მიღწეული პროგრესი უნდა შეაფასოს.
გარდა საერთო სტრატეგიული ინტერესებისა და მიზნებისა, რა აერთიანებს საქართველოს უკრაინასთან? ამ თემაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ თბილისი და კიევი პრაგმატული ურთიერთობების ჭრილში გადავიდნენ:
”რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს,რომ არ არსებობს სფერო, რომელშიც ჩვენ არ ვურთიერთობთ. მაგრამ, რადგანაც მოკლე პერიოდი იყო პაუზა, ეს პერიოდი იყო ალბათ, რამდენიმე თვე, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა უკრაინაში.2010 წლის თებერვალში იყო ინაუგურაცია ახალი პრეზიდენტის. ოთხი-ხუთი თვე იყო პაუზა. უკრაინას თვითონ სჭირდებოდა უამრავი საკითხების დარეგულირება სხვადასხვა ქვეყნებთან, ძირითადად რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. ამიტომ ჩვენ ვიყავით ისეთ რეჟიმში. ურთიერთობები ვითარდებოდა სხვადასხვა სფეროებში, მაგრამ არ იყო ისეთი აქტივობა, რაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ თითქოს იცვლება საქართველოს მიმართ უკრაინის დამოკიდებულება. ეს ასე არ არის, არის აქტიური ურთიერთობა სხვადასხვა დონეზე. თქვენ მიაქცევდით ყურადღებას, ერთი თვის წინ იყო ოფიციალური ვიზიტი საქართველოში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის. ამ დღეებში , 22 სექტემბერს ველოდებით ოფიციალური ვიზიტით იუსტიციის მინისტრს. ჩვენ ვამზადებთ ოქტომბრის ბოლოს ეკონომიკური კომისიის სხდომას,რომელიც თბილისში ჩატარდება. ეს მე-6 სხდომაა, რომელიც არ ჩატარებულა 2005 წლის თებერვლიდან. თქვენ გაუსვით ამასაც ხაზი, რომ წინა ხელისუფლების დროს სამწუხაროდ, ეკონომიკური კომისიის სხდომა არ ჩატარებულა, არადა, უამრავი საკითხია დაგროვილი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს უკრაინის პრემიერი ტიგიპკო, რომელიც ხელმძღვანელობს ეკონომიკური კომისიის უკრაინულ მხარეს, ეწვევა საქართველოს. ჩვენ ეკონომიკური კომისიის ფარგლებში გვინდა ჩავატაროთ ძალიან დიდი ბიზნეს-ფორუმი, ძალიან დიდი დაინტერესებაა უკრაინული ბიზნესის საქართველოს მიმართ.”
გრიგოლ ქათამაძის თქმით, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთმხარდაჭერა - პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისა, თუ ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი და მომგებიანია..