ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა - სამი ქვეყნის ურთიერთობის სიმბოლო


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა - სამი ქვეყნის ურთიერთობის სიმბოლო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან.

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა მემორანდუმი გააფორმა თურქულ კომპანია MISMAN-თან გარდაბანში ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომლის სიმძლავრე 160 მეგავატი იქნება. მემორანდუმს ხელი 16 თებერვალს საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოეწერა. ფორუმი სამი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მინისტრებმა გახსნეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას თქმით, თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან: ” დღევანდელი ფორუმი არის პირველი ფორუმი, სადაც სამი ქვეყნის მინისტრი , ბიზნესთან ერთად, ვსაუბრობთ ამ საკითხებზე. საქართველოსთვის ეს ორი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ორი ქვეყანა, ვისთანაც ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს, რომლებიც შედიან ხუთეულში ჩვენი საინვესტიციო მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ფორუმი იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, რომ გავარღმავოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა და ვაჩვენოთ არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს, არამედ მსოფლიოს, რომ ეს არის მომავლის რეგიონი”.,

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრებთან შეხვედრაზე ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ სამ ქვეყანას სამაგალითო ურთიერთობები აკავშირებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო აზერბაიჯანი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი:” ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციები შემოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიქმნა უამრავი სამუშაო ადგილი და მრავალ ქართულ ოჯახს გაემართა ხელი. ჩვენი მეგობრობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა ახალი რკინიგზა, რომელიც წელს პრაქტიკულად დასრულდება და რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროპის რკინიგზასთან შეაერთებს. პრაქტიკულად თურქეთი ხდება საქართველოსთვის ფანჯარა ევროპაში. ეს რკონიგზა გარღვევაა ჩევნი რეგიონისთვის ევროპის მიმართულებით”.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით საქართველო-თურქეთს შორის ახალი საბაჟო პუნქტები გაიხსნება, ვინაიდან ქართულმა მხარემ სარფი გააფართოვა, საბაჟო თურქეთის მხრიდანაც გაფართოვდება ”რომ რიგები არ იყოს და ხალხმა თავისუფლად იმოძრაოს”. პრეზიდენტის თქმით იზრდება ტურისტების რიცხვი აზერბაიჯანიდან ბაკურიანში, წყალტუბოში და საირმეში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრის შაჰინ მუსტაფაევის განცხადებით საქართველოში აზერბაიჯანმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. საქართველოში 272 აზერბაიჯანული კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებმაც საქართველოში 7 ათასამდე სამუშაო ადგილი შექმნეს.

ექსპერტი ვასილ ჭყოიძე ამბობს: ” თურქეთიც და აზერბაიჯანიც საქართველოსთვის სერიოზული სავაჭრო პარტნიორები არიან, თურქეთი მათ შორის პირველ ადგილზეა . ეს ვიზიტი განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ძალიან წაადგება ქართულ ეკონომიკას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დელეგაციას თან ახლავს 100-კაციიანი ბიზნესმენთა ჯგუფი, ინვესტორები, რომლებიც სწავლობენ ინვესტიციების დამატებით შესაძლებლობებს საქართველოში. ეს სამკუთხედი, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. გარდა ამისა, საქართველო ისედაც ხდება მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისთვის იმით, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე აშშ-თან, ასევე ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე. შესაბამისად საქართველო ხდება ძალიან საინტერესო ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ ამ რეჟიმით ისარგებლონ”.

ასეთი დონის შემდგომი შეხვედრები მაისშია დაგეგმილი თურქეთში, ხოლო აგვისტოში აზერბაიჯანში.

თურქეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ზაფერ ჩაღლაიანის თქმით, მისი ბებია ბათუმელი იყო და იგი ქართველებს თვლის ნათესავებად.

XS
SM
MD
LG