ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანისთის გაყინული რუსული რაკეტები


თეირანისთის გაყინული რუსული რაკეტები
თეირანისთის გაყინული რუსული რაკეტები

მოსკოვში გარიგების შესაძლო შედეგები გააცნობიერეს

ირანისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებამ მოსკოვ-თეირანს შორის დადებული გარიგება შეაფერხა. მოსკოვმა ირანელებისთვის ეს-300 ტიპის რაკეტების მიყიდვის შეთანხმება გაყინა. სამხედრო სფეროში ჩახედულ ადამიანებს კარგად მოეხსენებათ, რომ ეს-300 თავდაცვითი რაკეტაა და მისი მოქმედების რადიუსი მაქსიმუმ 200 კილომეტრია. ივან ორლიჩი ამერიკის მეცნიერთა ფედერაციიდანაა. ის ამ რაკეტების შესახებ საუბრობს.

„ის ამერიკული „პატრიოტის“ ტიპის მაგვარი რაკეტაა და უფრო მოზრდილია.თუმცა ის შექმნილია გრძელი რადიუსის თავდაცვისათვის. ასევე ის შექმნილია თვითმფრინავებისთვის, რომლებიც როგორც მარალ ასევე დაბალ სიმაღლეზე დარინავენ. ამ რაკეტებით ხდება დაბალ სიმაღლეზე მოძრავი მოწინააღმდეგის თვითმფრინავების და გემების განადგურება. ის საკმაოდ მობილურია. ასევე მათი გადაადგილება შესაძლებელია დიდი სატვირთო მანქანებითაც,“ - ამბობს ივან ორლიჩი.

ბრიტანული კვლევითი კომპანიის „ჯეინის თავდაცვის ჯგუფის“ ანალიტიკოსი მეთიუ კლემენტი ამბობს, რომ ეს-300 არცთუ თანამედროვე რაკეტაა, თუმცა ის მრავალგზის გამოცდილი იარაღია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის არმიის დეგრადაციის შესახებ, საჰაერო თავდაცვა ის სფეროა, სადაც ხარისხი შენარჩუნებულია. ასე რომ ეს მართლაც საკმაოდ გამოცდილი სისტემაა,“ - ამბობს კლემენტი.

მისი თქმით, ირანსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება ეს-300 ტიპის რაკეტების თეირანისთვის მიწოდების შესახებ 2007 წელს გაფორმდა. თუმცა, ამ შეთანხმების დეტალები არასდროს გახმაურებულა. ამდენად, კლემენტის განცხადებით, არავინ იცის თუ რა რაოდენობის იარაღზეა საუბარი, თუმცა სავარაუდოდ ეს იქნებოდა ის რაოდენობა, რაც ირანს თავისი სტრატეგიული ობიექტების თავდაცვისთვის სჭირდება, როგორიცაა ბირთვული რეაქტორები და. ა.შ.

ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ანალიტიკოსის ჯონ პარკერის თქმით, რუსეთმა ირანისთვის ეს-300 ტიპის რაკეტების მიწოდება ფაქტობრივად ჯერ კიდევ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პრეზიდენტმა ობამამ მოსკოვთან გადატვირთვის პოლიტიკაზე დაიწყო საუბარი. შეთანხმების ოფიციალურად გაყინვა კი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ დააჩქარა, რომელიც ირანისთვის იარაღის მიყიდვას კრძალავს.

საბოლოდ, თეირანთან ხელშეკრულების გაყინვის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა პუტინმა პარიზში ვიზიტისას და პრეზიდენტ სარკოზისთან შეხვედრის დროს გააკეთა.

დევიდ კრეიმერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მოსკოვმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება თეირანის ბირთვული პროგრამის გამო.

„მე ასევე ვიმედოვნებ, რომ მოსკოვში გააცნობიერეს, რომ თეირანისთვის რაკეტების მიყიდვას შესაძლოა ომიც გამოეწვია. რადგან მე არ ვფიქრობ, რომ ისრაელი მშვიდად დაჯდებოდა და დააკვირდებოდა როგორ მოიყვანდნენ ამ რაკეტებს ირანელები საბრძოლო მზადყოფნაში. ამდენად მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა გააცნობიერა ამ გარიგების შესაძლო სირთულეები,“ - აცხადებს დევიდ კრეიმერი.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ირანი თვლის, რომ რუსეთმა მას უღალატა. პირველ რიგში როდესაც ხმა მისცა უშიშროების საბჭოში სანქციების დაწესებას და ასევე, როდესაც თეირანს რაკეტების მიწოდება შეუჩერა. თუმცა ექსპერტები ასვეე მიუთითებენ, რომ ეს ირანისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კრემლსა და თეირანს შორის ურთერთობები საგძნობლად გაცივდა.

XS
SM
MD
LG