სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 64 შემთხვევაა დადასტურებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ეს მდგომარეობა ჯერჯერობით 14 აპრილამდე გასტანს იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება შეფერხდეს. ამის გამო შეიცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე დაგეგმილი რეფერენდუმის თარიღიც. რეფერენდუმზე, რომელიც 5 აპრილს უნდა გამართულიყო, მოსახლეობას უნდა გამოეხატა აზრი იმის თაობაზე შეუჩერდეს თუ არა უფლებამოსილება იმ 7 მოსამართლეს, რომლებიც სომხეთის მშვიდობიან რევოლუციამდე დაინიშნნენ.
სომხეთში, სადაც 3 მილიონამდე მოსახლე ცხოვრობს, ორშაბათ საღამოს მონაცემებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა იყო.
მთავრობის თანახმად, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე დახურული დარჩება, მეზობელ საქართველოსა და ირანთან საზღვრები კი - ჩაკეტილია. ქვეყანაში არ უშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც იმ სახელმწიფოებშიიყვნენ, სადაც ვირუსი ფართოდაა გავრცელებული. სომხეთის მოქალაქეებს კი საჰაერო გზით მიმოსვლა შეეძლებათ. შენარჩუნდება პროდუქტის გადაადგილებაც. შეზღუდულია საზოგადოებრივი თავშეყრაც 20-ზე მეტი ადამიანის ოდენობით.
Facebook Forum