ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთნიკური დიასპორების გავლენა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე


ამერიკა იმიგრანტების ქვეყანაა და შესაბამისად, ადგილობრივი კარგად ორგანიზებული ეთნიკური დიასპორები, მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის კონცეფციის განსაზღვრაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი პოსტ-საბჭოთა ეთნიკური დიასპორების მიმართ, რომლებიც პოსტ-კომუნისტური ქვეყნების მიმართ ამერიკის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობას ცდილობენ.

ვაშინგტონში, უილსონის ცენტრში, კენანის ინსტიტუტის სპონსორობით გაიმართა ღონისძიება „ეთნიკურ ინტერესთა ჯგუფების გავლენა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე: სომხური, უკრაინული და ბალტიისპირეთის გამოცდილება“. თუმცა, ამ დღეს, მოხსენებები მხოლოდ უკრაინული და სომხური დიასპორების შესახებ გაკეთდა.

უკრაინული გამოცდილების კვლევის შესახებ, ნიუ-ჰეივენის უნივერსიტეტის მიწვეულმა პროფესორმა ოლენა ლენონმა ისაუბრა. მისმა კვლევამ აჩვენა რომ უკრაინასთან დაკავშირებულ, კონკრეტულ საკანონმდებლო ქმედებაზე გავლენის მოსახდენად, ყალიბდებოდა დროებითი, დამოუკიდებელი დიასპორული ჯგუფები.

შეერთებულ შტატებში უკრაინულ დიასპორას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ეთნიკურმა უკრაინელებმა შეინარჩუნეს ეროვნული იდეა, ენა და საკუთარი ეკლესია. უკრაინულმა ეკლესიამ, ისევე როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფების, მათ შორის სომხურმა ეკლესიამ, შეერთებულ შტატებში მცხოვრები იმიგრანტების არაერთი თაობისთვის, ეროვნული იდეის მცველის როლი შეასრულა. უკრაინული თემის შეკავშირებას ასევე ემსახურება ეთნიკური კულტურული ცენტრები და დიასპორული ორგანიზაციები. მათი აქტიურობის წარმატებას კონგრესის წევრებთან, ორგანიზებული ინტერესების ჯგუფებთან და მთავრობის სააგენტოებთან ერთდროული მუშაობა განაპირობებდა.

ლენონის კვლევამ გამოავლინა, რომ დაქირავებული ლობისტები, უკრაინის სახელმწიფოს ინტერესებზე მეტად, უფრო ოლიგარქების ვიწრო ინტერესებს ემსახურებოდნენ.

ამერიკის უკრაინული დიასპორის მოხალისეები, ოლიგარქებს გაემიჯნენ, ისინი საკუთარ თავს პირველ რიგში წარმოადგენდნენ როგორც ამერიკელებს და უკრაინის მიმართ ამერიკის პოლიტიკაში, ამერიკის ინტერესებს იცავდნენ. მოხალისეებმა ამერიკის და უკრაინის სახელმწიფო ინტერესების საერთო სექტორების წყების წარმოჩენა შეძლეს. მათ სრულიად გააცამტვერეს მითი, რომ დიასპორა მხოლოდ თავისი მშობლიური ქვეყნის ინტერესების დაწინაურებას ცდილობს.

უკრაინული კვლევის საფუძველზე ლენონმა დაასკვნა, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობა: უკრაინის მთავრობისთვის პროფესიული, ფასიანი ლობირება, ადვოკატირების ორგანიზაციების შიგნით ანაზღაურებადი თანამდებობების შექმნა, დიასპორის ძველ და ახალ ჯგუფებს შორის ძალისხმევის კოორდინაციის გაუმჯობესება, უკრაინის საელჩოსთან გაუმჯობესებული თანამშრომლობა/კოორდინაცია, ასევე, ინტერესის სხვა ჯგუფებთან - სხვა ეთნიკურ ორგანიზაციებთან - ძალისხმევის გაერთიანება და ა.შ.

ოლენა ლენონმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში თქვა: „სხვადასხვა ეთნიკურმა თემმა, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა სცადოს უკეთესი კოორდინირება და თანამშრომლობა. ვფიქრობ, იმ მსგავსი მიზნების გათვალისწინებით, რაც ამ ორ [უკრაინულ და ქართულ] თემს გააჩნია, მათ შორის ბუნებრივი შეხების წერტილები არსებობს, რაც უნდა გაძლიერდეს და ხაზი გაესვას.

საქართველო უკრაინის მოკავშირეა. როდესაც საქმე ამერიკაში ადვოკატირების კონტექსტს ეხება, ვფიქრობ არსებობს ძალიან მსგავსი საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, რომელიც თანამშრომლობისთვის უაღრესად ბუნებრივ სივრცეს ქმნის, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საინფორმაციო სივრცეს ეხება. ამერიკული საზოგადოების, პოლიტიკის შემმუშავებლების ინფორმირებას ამ ქვეყნების უნიკალური თავისებურებების შესახებ. ამის დიდი საჭიროება და შესაძლებლობა არსებობს და იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ახლა ყურადღების ცენტრშია, უკრაინული და ქართული თემებისთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს მომენტი და საინფორმაციო სივრცე, საკუთარი ინტერესებისთვის მაქსიმალურად გამოიყენოს.“

სომხური დიასპორა ამერიკაში 1800-იანი წლებიდანაა. ის საკმაოდ ძველი და კარგად ორგანიზებული თემია. ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, არამ ჰამპარიანმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებში სომხები საკმაოდ მალე მიხვდნენ, რომ უბრალოდ თანაგრძნობის გამოწვევა და მუდმივად მთხოვნელის როლში ყოფნა, ისევე როგორც ქუჩის პროტესტები და პეტიციები, მხოლოდ გარკვეული ხანმოკლე შედეგის მომტანია და ნამდვილი შედეგების მისაღწევად, დიასპორა თვითონვე უნდა იყოს საზოგადოების ქსოვილის და იმ ფენის ნაწილი, რომელიც საგარეო პოლიტიკას აყალიბებს. დაქირავებული ლობისტების მომსახურების გამოყენების გარდა, სომხურმა დიასპორამ შეიმუშავა პროგრამები, რომლითაც სომეხ ახალგაზრდებს უზრუნველყოფდნენ ვაშინგტონში უფასო ბინით, უფასო განათლებით, საჭირო ადამიანებთან დაკავშირებით, პირველი დიპლომით, პირველი სამსახურით კაპიტოლიუმის გორაკზე, სააგენტოებში, კვლევით ინსტიტუტებში, ასოციაციებში, გაზეთებში და ა.შ.

არამ ჰამპარიანმა “ამერიკის ხმას უთხრა:

”ამერიკის სომხური თემისთვის, სომხეთის საკითხები უაღრესად მნიშვნელოვანია. თემმა იცის თუ პოლიტიკურ კონტექსტში რა უნდა გაკეთდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მათ სჯერათ, ჩართულობა და აქტივიზმი შედეგის მომტანია.

ჩვენი თემი უაღრესად შეკავშირებულია. როგორც ორგანიზაციას, ძლიერი სტრუქტურა გვაქვს. შეგვიძლია გზავნილი მთელს თემს ძალიან სწრაფად მოვაწოდოთ, მათ კი შეუძლიათ მყისიერად ამოქმედება და ამერიკის პოლიტიკის შემმუშავებლებზე და პოლიტიკოსებზე ზეწოლის მოხდენა იმისთვის, რომ ჩვენი მიზნებისთვის სასარგებლო ნაბიჯები გადაიდგას.

ჩვენი თემის ცხოვრებაში იყო დრო, როდესაც ამერიკის პოლიტიკაში მძლავრი დინებების წინააღმდეგ ცურვა გვიწევდა, ზოგჯერ კი დინების მიმართულებით ვმოძრაობდით. დინების საწინააღმდეგო იყო, მაგალითად თურქეთის მიერ სომხების გენოციდის არაღიარების წინააღმდეგ ბრძოლა, ან ნავთობის ბიზნესის ინტერესების წინააღმდეგ გამოსვლა იმ დროს, როდესაც ის აზერბაიჯანის მოკავშირეა. ასეთ დროს ბევრი მუშაობა გვჭირდება და ზურგის ქარი არ გვეხმარება, მაგრამ როდესაც ასეთ ვითარებაში ვიმარჯვებთ, ეს ნამდვილი პროგრესია - პროგრესი, რომელიც დავიმსახურეთ.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ჩვენი მუშაობა მეტწილად იდეურ ხასიათს ატარებდა. გვჭირდებოდა ჩვენი იდეალების შენარჩუნება, თავისუფალი სომხეთის ხედვა, გენოციდის გამო სამართლის პოვნა, მაგრამ ცივი ომის პერიოდში, გეოპოლიტიკაზე რაიმე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა უაღრესად შეზღუდული იყო. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, როდესაც სომხეთი თავისუფალია, მთიანი ყარაბახი თავისუფალია, გამოწვევები უფრო მოცემული მომენტის, უფრო პრაქტიკული, ხარისხობრივად მზარდი გახდა. ასე რომ, ახლა იდეის დონეზე უფრო ნაკლებად ვმუშაობთ და გადავერთეთ პრაქტიკული პოლიტიკის საკითხებზე, რომელთა გადაჭრასაც ვცდილობთ.

შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩვენს ძმებთან და დებთან, აქ მყოფ თემებთან. ვამაყობთ ურთიერთობით ქართულ-ამერიკულ თემთან, რომელსაც დიდი მოტივაცია აქვს, ცოტა ახალი თემია, არც თუ ისე მრავალრიცხოვანი, მაგრამ უაღრესად მოტივირებულია და ყურადღება გამახვილებული აქვს იმაზე, თუ ქართულ-ამერიკული ურთიერთობისთვის კარგი რა იქნება.

ქართველ-ამერიკელ მეგობრებს ვურჩევდი, ყურადღება საერთო აზრის შექმნაზე გაამახვილონ. საკუთარი თემის მრავალფეროვნება ძალად გადააქციონ. ჩამოაყალიბონ რამდენიმე, მთელი თემისთვის საერთო საკითხი და ერთად იმუშაონ, რომ ეს საკითხები გასაგებად და მიზანმიმართულად მიაწოდონ ვაშინგტონის პოლიტიკის შემმუშავებლებს და პოლიტიკოსებს. წარმატების გასაღები იმაშია, რომ ყველაფრის ერთად შეჯერება, ერთ ხმად გადაქცევა და მთავარი მოთხოვნების ძალიან მცირე წყებად ჩამოყალიბება მოხერხდეს."

შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორული ორგანიზაცია “თვისტომის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში ამერიკული ქართული დიასპორა რიცხობრივადაც შეიცვალა და ხარისხობრივადაც. “ამერიკის ხმასთან” საუბრისას ნიკოლოზ ჩხეიძემ თქვა: “დღეს, ამერიკაში ქართული დიასპორა, წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია. ამასთან ერთად, ბევრი ქართველი იმიგრანტი დღეს ამერიკის მოქალაქეა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

ეს სწორედ ის ბერკეტია, რომელიც ქართულ ემიგრაციას ძლიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლობის შესაქმნელად სჭირდება, რათა ამერიკის პოლიტიკურ რადარზე გამოვჩნდეთ. დღეს ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. იმედი გვაქვს, დიასპორის გააქტიურებით, მათი დარწმუნებით, რომ ჩართულობა აუცილებელია, მივაღწევთ სწორედ იმ შედეგს, რომელიც აუცილებელია ქართული დიასპორის დაცულობისთვის, მისი სტატუსის გამყარებისთვის, ადგილობრივ სოციუმთან ურთიერთობისთვის და პერსპექტივაში - ჩვენი ქვეყნის სერიოზული მხარდაჭერისთვის, რაც მას ასე სჭირდება.”

11 აგვისტო 2008, ნიუ-იორკი
11 აგვისტო 2008, ნიუ-იორკი

სხვადასხვა ინტერესის, მათ შორის უცხო ქვეყნის ინტერესების დასაწინაურებლად, შეერთებულ შტატებში უამრავი პროფესიული ლობისტი მუშაობს. ლობიზმი მიღებული პრაქტიკაა და კანონის საფუძველზე ხდება. თუმცა, როდესაც საქმე უცხო ქვეყნების მიმართ საგარეო პოლიტიკის შემუშავებას და ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობას ეხება, ასეთი საქმიანობა უაღრესად დელიკატურ ხასიათს იძენს და უცხო ქვეყნის მთავრობის, ან ცალკეული გავლენიანი პირის მიერ დაქირავებული ლობისტების ეფექტურობა, მოლოდინს ყოველთვის ვერ ამართლებს.

11 აგვისტო 2008, ნიუ-იორკი. პროტესტი რუსეთის აგრესიას
11 აგვისტო 2008, ნიუ-იორკი. პროტესტი რუსეთის აგრესიას

როგორც წარმოდგენილი კვლევები აჩვენებს, ყველაზე შედეგიანია მათი საქმიანობა, ვინც ამავე საზოგადოების ნაწილია და პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობას, ამერიკის მოქალაქის კონსტიტუციური უფლების რეალიზების პოზიციიდან ცდილობს. კარგად ორგანიზებულ ეთნიკურ დიასპორებს, წარმატების მიღწევის ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG