ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელისუფლებო კანდიდატების სრული ტრიუმფი შუალედურ არჩევნებზე


ერთი პარლამენტარი, 5 მერი და საკრებულოს 8 წევრი რვა ქალაქში - ასეთი გახლდათ შუალედური არჩევნების მთელი სტატისტიკა 19 მაისისთვის. არამასშტაბურობის მიუხედავად, ბრძოლა თითოეული ადგილისთვის მკაცრი და უკომპრომისო გამოდგა. ხელისუფლება თავგანწირვით ცდილობდა მის მიერ წარდგენილი თითოეული კანდიდატის გამარჯვებას და ეს გამოუვიდა კიდეც ყველგან, გარდა თბილისის მთაწმინდის ოლქისა, სადაც არჩევნების მეორე ტური ჯერ კიდევ წინაა.

სახელისუფლებო კანდიდატების მთავარი მოწინააღმდეგე თითქმის ყველა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით წარდგენილი ადამიანები აღმოჩნდნენ. გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც კვლავ მთაწმინდაა, სადაც ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატია.

განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა მერის პოსტისთვის ზუგდიდში. სახელისუფლებო და ადგილობრივ კადრს აქ ოპონირებას ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი უწევდა. ცესკოს მონაცემებით, მან არჩევნები წააგო, თუმცა განაცხადა, რომ შედეგებს მიიჩნევს უსამართლოდ და გაყალბებულად და არ აპირებს აღიაროს და შეურიგდეს მას.

ვნებათაღელვის სიმძაფრეს, რაც 19 მაისის შუალედური არჩევნების მთავარ მახასიათებლად დაფიქსირდა, პოლიტოლოგები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიციის მიზეზით ხსნიან და მიიჩნევენ, რომ ანტაგონიზმის ნაწილში საზოგადოება მეტ სიმკვეთრეს უნდა ელოდეს.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ჩატარება, მათ შორის შუალედურის, უნდა შევაფასოთ, როგორც დემოკრატიული პროცესი, რაც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

„როგორც ხშირად ამბობენ, ყველა პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკიდან მომდინარეობს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ განვითარდება ეს კონკრეტული არჩევნები. როგორ შეფასდება ის დემოკრატიულ სტანდარტთან მიმართებით“,- გვეუბნება დავით რაქვიაშვილი და დასძენს, რომ არჩევნები სახელწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური მდგენელია, დასაყრდენია.

“სამწუხაროა, რომ ასეთი საყრდენ ინსტიტუტებთან მიმართებით ხდება პოლიტიკური კომპრომისები. ხოლო როდესაც ისინი ირყევა, ეს, საბოლოო ჯამში, აისახება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ჩემთვის ასეა: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი უდრის პირდაპირ ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ სხვა დასაყრდენი არ გაგვაჩნია. საქართველო ცივილიზებული სამყაროსთვის საინტერესოა იმ შემთხვევაში, თუ ის არის დემოკრატიული, გამორჩეული ხარისხით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საინტერესო ვართ, როგორც მხოლოდ ტერიტორია.“

დავით რაქვიაშვილი ამომრჩევლის დაბალ აქტივობას მთაწმინდაზე, ნიჰილისტური განწყობების სიძლიერით ხსნის და საზოგადოების გაუცხოებაზე საუბრობს პოლიტიკური პროცესის მიმართ: „ასეთი გაუცხოების პირობებში, იქმნება ვაკუუმი და სივრცე, რასაც შემდგომ მარგინალური პროცესები, რეაქციული, დესტრუქციული, ექსტემალური ძალები ავსებს. საზოგადოების მხრიდან, ნიჰილიზმი პოლიტიკური პროცესების მიმართ უკვე ძალიან დიდი საფრთხეა. გაუცხოების ხელშემწყობი არის ის პოლიტიკური კულტურა, რაც ყალიბდება ქვეყანაში. ველზე, რომელიც მოცარიელდა და სადაც პოლიტიკური პროცესი თავის სათანადო ადგილს ვერ იკავებს, უნდა ველოდოთ რადიკალური ძალების, მავნებლური იდეოლოგიური პოლიტიკური აზრების გააქტიურებას.“

მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე შუალედური არჩევნების შეფასებას პოზიტიურ დეტალზე საუბრით იწყებს: „მთავარი ნიშანი, რაც ამ ბოლო დროს ყველა არჩევნებზე ჩანს ჩვენთან და რაც პოზიტიური ნიშანია, ის გახლავთ, რომ არჩევნები არის კონკურენტუნარიანი. ამ არჩევნებზეც, მთაწმინდის მეორე ტურზე, შეუძლებელია ვინმემ გადაჭრით თქვას, ვინ მოიგებს. იმიტომ, რომ არავის გარანტირებული მოგება არ აქვს და ყველას უწევს ბრძოლა არჩევნებისთვის. ის, რომ არჩევნები საქართველოში კონკურენტუნარიანია, გახლავთ საქართველოს განვითარების პოზიტიური მაჩვენებელი და შედეგი. სხვა საქმეა, რომ ეს კონკურენცია, ხშირად, მიმდინარეობს უღირსი, ძალადობრივი და ნეგატიური კამპანიის ფონზე.“

არა საქმეზე ორიენტირებული და პოპულიზმზე გათვლილი კამპანიები საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ძირითადი ხარვეზია. ლევან ცუცქირიძე ამბობს: „პოლარიზაცია, ერთის მხრივ, კონკურენტული არჩევნების შედეგია, მაგრამ მეორე მხრივ, უკიდურესად არასასიამოვნოა, როდესაც კანდიდატების უმრავლესობა ჯერ კიდევ ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებული და არა იმ საკითხებზე ფოკუსირებით, რაც ამომრჩეველს აინტერესებს და აწუხებს. ნაკლები დებატია იმაზე, რა პროგრამით მოვდივართ, მეტი საუბარია იმაზე, როგორი ცუდია ჩვენი ოპონენტი. ესეც პოლიტიკური კლასის მაჩვენებელია ამ კანდიდატების. მე იმედი მაქვს, ეს დროთა განმავლობაში შეიცვლება.“

ყველა, ვისაც "ამერიკის ხმა" ესაუბრა აღნიშნავს, რომ მთაწმინდის ოლქში არჩევნების დინამიკა განსხვავდება სხვა ოლქებში მიმდინარე პროცესებისგან. „მთაწმინდაზე იყო დაბალი აქტივობა, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ პარტიებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის. ერთ დღეს ადამიანი გმირია, მეორე დღეს მტერი, მხოლოდ იმიტომ, რომ შენს მხარეს არაა - ეს არაა ნორმალური პროცესი. აქ მთავარია არა ის, პოლიტიკოსები რას გადაწყვეტენ (რადგან ჩვენ მათ მრავალი წელია ვაკვირდებით და მათი საქციელი არ იცვლება), არამედ ის, რომ ამომრჩევლებმა, მოქალაქეებმა მოვთხოვოთ მათ სხვანაირი მოქცევა“,- გვეუბნება ლევან ცუცქირიძე.

ჩვენთან საუბრისას სულხან სალაძე, საიას ხელმძღვანელი, რომელიც პირადად ადევნებდა თვალს ზუგდიდში არჩევნების მიმდინარეობას ადასტურებს ფიზიკური შეხლა-შემოხლისა და დაძაბულობის შემთხვევების არსებობას. „უნდა ითქვას, რომ შსს-ს ჩარევა, ხშირ შემთხვევაში, არ იყო საჭირო, თუმცა როდესაც ამის საჭიროება დგებოდა, მოქმედებნენ სათანადოდ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ასეთი გამონაკლისი შემთხვევა იყო, ჩემი აზრით, ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავება, მისი დაკავების შესახებ, ამ დრომდე არ მოგვისმენია არგუმენტი. გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს წინაპირობა მისი დაკავების აუცილებლობის თაობაზე“,- გვეუბნება სალაძე და პარლამენტის წევრის, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თინათინ ბოკუჩავას დაკავების თაობაზე აგრძელებს საუბარს, რომელიც ასევე ზუგდიდში დაფიქსირდა.

გავრცელდა ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს, ბოკუჩავას ფიზიკური წინააღმდეგობის ფონზე, როგორ ცდილობენ მის გაყვანას უბნიდან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. „ჩვენ გვქონდა სურვილი მეტი ინფორმაცია მიგვეღო ზუგდიდში, მეცხრე უბნიდან, სადაც ინციდენტი დაფიქსირდა ბოკუჩავასთან დაკავშირებით. ჩვენი წარმომადგენლები შემთხვევის შემდგომ იქ მივიდნენ, თუმცა კომისიის თავმჯდომარის თვითნებური გადაწყვეტილებით, უბანზე ვერ შევიდნენ. ჩვენ, საათზე მეტი დრო დაგვჭირდა უბანზე შესასვლელად და ეს მხოლოდ მას შემდგომ შევძელით, რაც ბრიფინგზე ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ ცესკოს წარმომადგენელს დავუსვით შეკითხვა. არის საკითხები, რაც საჭიროებს მოკვლევას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ დავეყრდნოთ მხოლოდ მხარეების განცხადებებს და შევძლოთ ინფორმაციის გადამოწმება“,- გვეუბნება სულხან სალაძე. საიას სარჩელი აქვს დაწერილი მისი წარმომადგენლისთვის უბანზე შესვლის შეზღუდვის თაობაზე.

სულხან სალაძე ჩვენთან საუბრისას აფასებს არჩევნების მიმდინარეობას არა მხოლოდ ერთ ქალაქში. მისი დაკვირვებით, რაც ჩანდა ზუგდიდში და სხვაგანაც, ეს იყო კოორდინატორების განსაკუთრებული როლი და ადგილი. „ეს პირადპირი მნიშვნელობით არაა კანონის დარღვევა, თუმცა ეს არის პრობლემა თავად საარჩევნო პროცესში. როდესაც ხელისუფლება საუბრობს იმის თაობაზე, რომ არჩევნებზე ადგილი არ ჰქონია მოსყიდვას და არც ერთი ფაქტი არ გასაჯაროებულა კენჭისყრის დღეს, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ არჩევნები არაა მხოლოდ კენჭისყრის დღე და ის მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდსაც.“ საიამ წინასაარჩევნოდ ორი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებზე. „მოსყიდვა მაინც და მაინც არ ნიშნავს ხელიდან ხელში ოცი ლარის გადაცემას“- გვეუბნება სალაძე. ის კოორდინატორების სისტემას „დიდი ხნის აწყობილ სისტემას“ უწოდებს, რის თაობაზეც საია აპირებს მუშაობის გაგრძელებას საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში.

„მინდა კიდევ შევეხო ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის განცხადებას. ის მოუწოდებდა ყველას: „რა დამკვირვებლები, რის დამკვირვებლები, რა დალოდება, რის დალოდება“... ვფიქრობ, რომ ამ ტიპის განცხადება და მსჯელობა, არაა მიმართული სიტუაციის დამშვიდებისკენ, არადა საკმაოდ მძიმე და დაძაბული ფონი იყო ზუგდიდში. ყველას და მათ შორის პოლიტიკური პარტიების ვალდებულებაა, მაქსიმალურად კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედონ“,- ამბობს სულხან სალაძე და იმ გამოცდილების შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას, რაც არჩევნებზე დაკვირვებისას საიას წლების მანძილზე დაუგროვდა: „მარნეულში მაგალითად, მარკირებაგავლილმა ამომრჩეველმა მისცა ხმა ხელმეორედ. მარნეულს იმიტომ აღვნიშნავ, რომ მარნეული არის მნიშვნელოვანი გამოწვევა საარჩვევნოდ. ჩვენ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზეც დავაფიქსირეთ კონკრეტული პიროვნება, ერთსა და იმავე პიროვნებაზე ვსაუბრობ, რომელმაც ერთსა და იმავე უბანზე ორჯერ მისცა ხმა. ჩვენ ეს დაფიქსირებული გვაქვს ფოტო კადრებითა და სხვა მტკიცებულებებით, თუმცა ამ დრომდე მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და გამოძიება არ დასრულებულა“.

19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართა, თუმცა ამჯერად, უკანასკნელი წლების მანძილზე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია მისი შედეგების ნამდვილობას ერთ ქალაქში არ აღიარებს. მთაწმინდა მეორე ტურის მოლოდინშია. დანარჩენ ოლქებში მიღებული შედეგები კი ასე გამოიყურება:

მარნეულის 22 საარჩევნო ოლქი: აგილ მუსტაფაევი 11,49 და სახელისუფლებო კანდიდატი ზაურ დარგალი 78,6;

ზესტაფონის 51 საარჩევნო ოლქი: ბაქარ ხიჯაკაძე 34,26 პროცენტი, სახელისუფლებო კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე 50,75 პროცენტი;

ჭიათურის 56 საარჩევნო ოლქი: სახელისუფლებო კანდიდატი გივი მოდებაძე 64. პროცენტით ლიდერობს;

ზუგდიდის 67 საარჩენო ოლქი: სახელისუფლებო კანიდატი გიორგი შენგელია 54,18 სანდრა რულოვსი 42,84;

ხულოს 84 საარჩევნო ოლქი: სახელისუფლებო კანდიდატი ვახტანგ ბერიძე 70, 91 პროცენტი, ირაკლი ჯორბენაძე 23,74

საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში ასევე სახელისუფლებო კანდიდატების წარმატებით დასრულდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG