ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ვაშინგტონში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზას ემუქრება


ასოშიეიტიდ პრესის ცნობით, შეერთებული შტატების დაზვერვის ორმა მაღალი თანამდებობის პირმა თქვა, რომ ირანი ქვეყნის დედაქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზა, ფორტ მაკნეირს და გენერალური შტაბის ვიცე-მეთაურს დაემუქრა.

მათ თქვეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ იანვარში მოისმინა კომუნიკაცია, რომელშიც ირანის რევოლუციური გვარდია მსჯელობდა ამ ბაზაზე “ამერიკულ სამხედრო გემ კოლ-ზე თავდასხმის მსგავსი თავდასხმების” მოწყობის შესახებ. გულისხმობდნენ 2000 წლის ოქტომბერში თვითმკვლელის თავდასხმას, როდესაც იემენის პორტ ადენში, პატარა ნავი სამხედრო ფლოტის საესკადრო ნაღმოსანთან მიცურდა და აფეთქდა. იმ თავდასხმამ 17 მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაზვერვამ ასევე გამოავლინა გენერალ ჯოზეფ მ. მარტინის მოკვლის მუქარა და ბაზაზე შეღწევის და დაზვერვის გეგმები. ოფიციალურ პირებს ეროვნული უსაფრთხოების საჯაროდ განხილვის ნებართვა არ ჰქონდათ და ამ თემაზე ანონიმურობის პირობით ისაუბრეს. ეს სამხედრო ბაზა ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესია და გენერალ მარტინის ოფიციალური რეზიდენცია ამ ბაზაზეა.

ეს მუქარა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არმია ფორტ მაკნეირის გარშემო უსაფრთხოებას აძლიერებდა. ფორტ მაკნეირი ვაშინგტონის განახლებული და ხალხმრავალი ვოთერფრონთის უბნის გვერდითაა.

პენტაგონმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ ასოშიეიტიდ პრესის კითხვებზე ან პასუხი არ გასცეს, ან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG