ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრანტების ქარავანი - პოლიტიკური საჩუქარი დონალდ ტრამპს


ცენტრალური ამერიკიდან მომავალი ათასობით მიგრანტი, რომლებმაც გვატემალის საზღვარი გადაკვეთეს და მექსიკა-ამერიკის საზღვარზე შეერთებული შტატებისგან თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავენ, შესაძლოა დონალდ ტრამპისთვის კარგი წინასაარჩევნო საკითხი აღმოჩნდეს. ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც ისედაც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს, სავარაუდოდ, ამას კიდევ უფრო მეტად გამოიყენებს მერყევი ამომრჩევლის დასარწმუნებლად და ერთგული რესპუბლიკელების არჩევანის გასამტკიცებლად.

პრეზიდენტს ეს ქარავანი ეროვნული მასშტაბის განგაშის მიზეზად მიაჩნია. თუკი მექსიკური მხარე ქარავანს არ შეაჩერებს, ტრამპი რეგიონის ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვით, საზღვარზე ამერიკის სამხედრო ძალების განთავსებით და საზღვრის სრული დახურვით მალევე დაიმუქრა. ვაშინგტონში ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელიან. სავარაუდოდ, თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ხელს მოაწერს ბრძანებას იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეიარარებული ძალების 800 წარმომადგენელი გაგზავნონ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე. მედიაში ვრცელდება ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო განკარგულების გამოცემასაც გეგმავს, რომლის თანახმადაც, ქვეყნის სამხრეთ საზღვარი დაიკეტება მათ შორის თავშესაფრის მთხოვნელებისთვისაც. თეთრი სახლის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას არ უარყოფენ.

შუალედურ არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა, პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ "ქარავანი ქვეყანას წალეკვით ემუქრება", მედიასაშუალებებით გავრცელებული კადრები მოსახლეობაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და სწორედ ამიტომ მიმომხილველების აზრით, ეს დონალდ ტრამპის მხარდამჭერებისთვის ნამდვილი პოლიტიკური საჩუქარი აღმოჩნდა.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, წინასაარჩევნოდ ეს ალბათ გარდამტეხი იქნება, რადგან არაფერია უფრო ძლიერი, უფრო დიდი გავლენის მქონე, ვიდრე ხალხის უკონტროლო ნაკადი, რომელიც ჩვენი ქვეყნისკენ მოემართება“, - ამბობს დენ სტეინი, ამერიკის საიმიგრაციო რეფორმის ფედერაციის წარმომადგენელი.

ათასობით მიგრანტმა, რომელთა უმეტესობაც წარმოშობით ჰონდურასიდანაა, ცოტა ხნის წინ, გვატემალის საზღვარი გადაკვეთა და მექსიკისკენ გაემართა. ისინი მექსიკაში დასახლებაზე უარს ამბობენ და საკუთარ ქვეყნებში არსებული ძალადობისა და სიღარიბისგან თავის დასახსნელად ამერიკისგან თავშესაფრის მოთხოვნას აპირებენ. პრეზიდენტმა ეს საკითხი მალევე აქცია წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად და თქვა, რომ ასეთი ქარავნები "დემოკრატებს მოსწონთ და სურთ". დემოკრატები კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი უბრალოდ ყურადღების გადატანას ცდილობს ისეთი საკითხებიდან, რომლებიც მათთვის წამგებიანია, მაგალითად - ჯანდაცვა.

ქარავანში ბევრი ქალი და ბავშვიცაა, იმიგრანტთა უფლებადამცველები ამ ადამიანთა უსაფრთხოების გამო შიშობენ და დონალდ ტრამპს მისი მკაცრი რიტორიკის გამო აკრიტიკებენ, რომლის თანახმადაც, მიგრანტების უმეტესობა კრიმინალია.

როის ბერნსტაინ მიურეი, ამერიკელ იმიგრანტთა საბჭოდან ამბობს, რომ ამ ქარავანმა პრეზიდენტს ერთგვარი "გამართლება" მისცა.

„ვფიქრობ, ეს ქარავანი პრეზიდენტისთვის გამართლებად იქცა, იმ რიტორიკის გამართლებად, რომელიც მტრულია იმიგრანტების მიმართ და რომელიც მათ დემონიზებას და დეჰუმანიზებას ახდენს", - ამბობს მიურეი.

ამერიკის საიმიგრაციო საბჭო აცხადებს, რომ მართალია ამ ქარავნის ნახვა ხალხს აშფოთებს, მაგრამ არალეგალური იმიგრაციის რაოდენობა ამერიკაში არ იზრდება. უფლებადამცველთა ნაწილი შიშობს, რომ ამ პროცესების პარალელურად შესაძლოა ტრამპის მკაცრი პოლიტიკის კრიტიკა შესუსტდეს. იმიგრანტთა მოწინააღმდეგე აქტივისტები ამას რესპუბლიკელი ამომრჩევლის მობილიზებისთვის იყენებენ და მკაცრი სასაზღვრო კონტროლის მთავარ წინასაარჩევნო თემად ქცევას ცდილობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG