ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკისკენ მიმავალი მიგრანტები, მექსიკაში ცურვით და ტივებით გადადიან


მექსიკის ძალისხმევის მიუხედავად, შეეჩერებინა ცენტრალური ამერიკიდან მომავალი ათასობით მიგრანტი, მათ მექსიკის გავლით შეერთებული შტატებისკენ გზა გააგრძელეს.

ფართოდ გაშუქებული ქარავანი, რომელიც გასულ კვირაში ჰონდურასიდან დაიძრა, მექსიკის ხელისუფლებამ გვატემალა-მექსიკის საზღვარზე, ხიდზე შეაჩერა, მაგრამ წყალი ბევრმა ცურვით და სახელდახელო ტივებით გადალახა.

შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა, რომელიც ქარავანს აკვირდება, გაფრთხილება გამოთქვა, რომ მექსიკის გავლით მიმავალი ადამიანების მიმართ კრიმინალური ქმედების საშიშროება არსებობს.

კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, შიდა უსაფრთხოების მდივანმა კირსტენ ნილსენმა თქვა: „იმ დროს, როდესაც ქარავნის კრიზისს ყურადღებით ვაკვირდებით, უნდა გვახსოვდეს საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციები და სხვა კრიმინალები, რომლებიც მათ სისუსტეებზე ნადირობენ, ვინც ამ უჩვეულო მიგრაციულ გზას დაადგა“. მან იქვე დაამატა, რომ შეერთებული შტატები რეგიონის პარტნიორებთან იმუშავებს „რათა გამოიძიოს და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი, ვინც უწესრიგო მიგრაციის წახალისებას და ამით მოგების მიღებას ცდილობს.“

დაახლოებით 3 ათასი ადამიანისგან შემდგარი ქარავანი, გასულ კვირაში ჰონდურასის სან პედრო სულადან გავიდა. ქარავანი გვატემალის ტალახიანი ჯუნგლების და საცხოვრებელი უბნების ქუჩების გავლით მექსიკამდე მივიდა და იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეერთებულ შტატებს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG