ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ პოლიტიკის ანალიტიკოსები და უცხოელი დამკვირვებლები პრაქტიკულად ერთსა და იმავე დასკვნებს და შეფასებებს აკეთებენ, ამბობენ, რომ 18 მარტის არჩევნების შედეგები სიურპრიზი ნამდვილად არ იყო, არც რუსებისთვის, და არც დასავლეთისთვის.

მაშინ, როდესაც კრემლი ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ არჩევნები ქვეყანაში ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდა, პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უფრო სერიოზული კრიზისი 2024 წელს, ანუ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყება. ახლა 65 წლის პუტინს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნება, რადგან კონსტიტუცია პრეზიდენტის მხოლოდ ორი თანმიმდევრული ვადით არჩევის უფლებას იძლევა.

"ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია" - ეუთო, რომელსაც ასობით დამკვირვებელი ჰყავდა გაგზავნილი რუსეთის არჩევნებზე, აცხადებს , რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ რეალური არჩევანის ნაკლებობა იყო. პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლისმთქმელი იყო:

„არჩევნებმა, რომელიც 18 მარტს ჩატარდა, აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება არის სავსებით კონსოლიდირებული. და არა ვიღაცისგან თავდასხმის გამო, არამედ ქვეყნის სამომავლო განვითარების გეგმების გარშემო, რაც აჩვენა კიდეც არჩევნების შედეგებმა" - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

თუმცა პოლიტიკის ანალიტიკოსების და მკვლევარების ნაწილი ამ განცხადებას არ ეთანხმება. მათ შორისაა დიმიტრი ორეშკინიც პოლიტიკური მკვლევარი და ჟურნალისტი.

„პუტინმა გაიმარჯვა. ეს არჩევნები საბჭოთა არჩევნებს ჰგავდა, აი ეს მაწუხებს,“ - თქვა ორეშკინმა "ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციასთნ ინტერვიუში.

„პირველ ყოვლისა, არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს პუტინის ალტერნატივა არ ჰყავდა" - დასძინა მან. პუტინმა მომდევნო ვადით პრეზიდენტის პოსტი 77%-იანი გამარჯვებით მოიპოვა. ბევრი მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ მისი კამპანია ბევრი წესისა და კანონის დარღევევით მიმდინარეობდა.

„საბჭოთა საარჩევნო ბიულეტენებზე მხოლოდ ერთი სახელი იყო მითითებული, პრაქტიკულად ახლაც ასე იყო", - ამბობს ორეშკინი - " და თანაც, ამომრჩევლები იყვნენ იძულებულნი წასულიყვნენ არჩევნებზე. ხალხს არ შეუძლია გარისკოს და პოლიტიკური წინააღმდეგობა გამოხატოს. მათ თავიანთი ხელმძღვანელები ეუბნებიან რომ უნდა წავიდნენ და ისინიც მიდიან".

ეკატერინა შულმანი, ეროვნული ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრირების რუსეთის საპრეზიდენტო აკადემიის საჯარო პოლიტიკის ლექტორი ამბობს, რომ არჩევნებმა რეალური გამჭვირვალობის გარეშე ჩაიარა.

„არჩევნების შემდგომი სკანდალებიდან რუსეთში, ერთ-ერთი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების 99 %-მა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მათმა 89 %-მა კი რუსეთის მთავარსარდალს დაუჭირა მხარი“, - ამბობს შუკმანი, რომელიც ასევე რადიო "ეხო მასკვის"
წამყვანია. „ეს სრული სიგიჟეა, რადგან სამხედრო მსოამსახურეები ხმას აძლევენ ისეთივე საარჩევნო პირობებში, როგორც ყველა სხვა, გარდა იმათი, ვინც სამხედრო ყაზარმებში ცხოვრობს და სამხედრო ბაზაზეა საზღვარგარეთ, ასე რომ შეუძლებელია ვინმემ იცოდეს ვის დაუჭირეს მათ მხარი. ეს აჩვენებს, რომ ეს განცხადება ან ღრმად სპეკულაციურია ან გაყალბებას ადასტურებს".

რაც შეეხება რუსეთის მომავალს, კირილ როგოვი, პოლიტიკის ექსპერტი და ჟურნალისტი, ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე მემკვიდრის კრიზისი ახლოვდება. მისი აზრით, პუტინი პოზიციებს ადვილად არასდროს დათმობს, და თავისი თავის მემკვიდრეც თავად იქნება, ჯერ გაუგებარია რა ფორმით, პრემიერ-მინისტრად თუ სხვაგვარ ლიდერად, მაგრამ მას წასვლა ძალიან გაუჭირდება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG