ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ელჩის ფონდი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად: 21 პროექტი, 21 წელში


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.

ბოლო 21 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საელჩომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, 2 000 000 დოლარის ღირებულების 21 პროექტი განახორციელა. პროექტების საშუალებით, მატერიალურ და არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ქართულ ძეგლებს, აღდგენითი და სხვა სახის სამუშაოები ჩაუტარდა - მათ შორისაა გელათის სამონასტრო კომპლექსი, ჯვრის მონასტერი, თეთრი უდაბნოს ფრესკები და სხვა ძეგლები.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ.
კელი დეგნანი

2022 წელს, აშშ და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელს აღნიშნავს. სამი ათეული წლის განმავლობაში, საქართველომ შეერთებული შტატებისგან, ჯამში, 6 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება მიიღო.

"შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა მოამზადა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას" - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი.

თუმცა, ამასთან ერთად, უკვე 21 წელია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით სხვადასხვა პროექტებს საგანგებოდ შექმნილი ელჩის ფონდი ახორციელებს.

2001 წელს, შეერთებული შტატების კონგრესმა, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) შექმნა. ფონდის საშუალებით სახელმწიფო დეპარტამენტი, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებს, უძველესი და ისტორიული შენობების აღდგენაში, იშვიათი ხელნაწერებისა და სამუზეუმო კოლექციების შეფასება - კონსერვაციაში, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვაში, ასევე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტრადიციული რეწვის სახეობების, ადგილობრივი ენებისა და გამოხატვის ისეთი ტრადიციული ფორმების აღრიცხვაში ეხმარება, - როგორიცაა მუსიკა, ცეკვა და ენები.

ფონდმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტი, თითქმის 2 000 000 ამერიკული დოლარის საერთო ღირებულებით დააფინანსა. მათ შორის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის, 2020 წელს გამოყოფილი 500 000 ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტი. დაფინანსებული პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის მრავალ მიმართულებას მოიცავს.

ქართული ფოლკლორული მუსიკა

პირველი პროექტი, რომელიც ფონდმა 2001 წელს დააფინანსა, 1928 წლიდან, მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ქართული ფოლკლორული სიმღერების შეგროვებას ისახავდა მიზნად. ადვილად დაზიანებული აუდიოვიზუალური მასალის გამო, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა არქივში შემონახული ჩანაწერები განადგურების საფრთხის ქვეშ იყო.

ამასთან, პროექტი მოიცავდა ჩანაწერების გაკეთებას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუსიკალური ბიბლიოთეკებისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, კომპაქტ-დისკების გამოშვებას.

გელათი

2003 წლიდან, 2020 წლამდე, ელჩის ფონდმა გელათის სამონასტრო კომპლექსისთვის განკუთვნილი ხუთი პროექტი დააფინანსა. სხვადასხვა პროექტები 2003, 2012, 2013, 2014 და 2016 წლებში განხორციელდა.

თავდაპირველად, 2003 წელს, მონასტრის ფრესკების სარესტავრაციო საჭიროებების დაადგენად, დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარდა. XII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ფრესკების კვლევა და დაზიანებათა დამუშავების დაგეგმვა, მიზნად ისახავდა ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა მკრთალი შეფერილობა, სოკოვანი დაავადებები და ფრესკების ზედაპირზე მარილების კრისტალიზაცია.

კვლევით დადგინდა, რომ გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინე ეგვტერის ფრესკა სრული განადგურების საფრთხის ქვეშ იყო. 2012 წელს, საელჩოს დაფინანსებული პროექტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა და რიგი საკონსერვაციო სამუშაოების შესრულებას, მათ შორის, არქიტექტურული სტრუქტურის გადაუდებელ სტაბილიზაციას, ბათქაშისა და ფერწერული ფენების გამაგრებას, მარილების მოშორებას ითვალისწინებდა.

2013 წელს, ელჩის ფონდმა გელათის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, მოჭიქული კერამიკით დასახურად, ქვის ფილების გასაწმენდად, ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგისთვის და გადაუდებელი კონსერვაციისთვის, ასევე სხვა აღდგენითი სამუშაოებისთვის, $600 000 გამოყო.

ფრესკების საერსტავრაციო სამუშაოები გელათის მონასტერში.
ფრესკების საერსტავრაციო სამუშაოები გელათის მონასტერში.

2014 – 16 წლებში, ფონდის მიერ, მონასტრის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი კიდევ ორი პროექტი განხორციელდა.

ატენის სიონი

2004 წელს, ფონდმა ატენის სიონის ტაძრის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები დააფინანსა. პროექტის ფარგლებში, თანხები გამოიყო VII საუკუნის არქიტექტურისა და XI საუკუნის ფრესკების შესანარჩუნებლად.

ისტორიული დოკუმენტების გაციფრულება

2005 წელს, ამერიკის ელჩის ფონდმა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ისტორიული ხელნაწერებისა და დოკუმენტების გაციფრულებისთვის განკუთვნილი პროექტი დააფინანსა. ფონდის საცავში თავმოყრილი იყო V-IX საუკუნეებით დათარიღებული 9 000-მდე ქართული ხელნაწერი, ამასთან, 4 000-მდე ხელნაწერი რუსულ, სომხურ, ბერძნულ, სპარსულ, არაბულ, სირიულ და ძველებრაულ ენებზე.

პროექტის ფარგლებში, დოკუმენტების გაციფრულების შემდეგ, მონაცემთა ბაზა შეიქმნა, რაც დოკუმენტებთან მუშაობის საშუალებას იძლევა ისე, რომ მათი დედნები არ დაზიანდეს.

კოლექცია აგრეთვე მოიცავს XI-XVI საუკუნეების საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, თეოლოგიური და ეკონომიკური ხასიათის 300-ზე მეტ ხელნაწერს – XI-XV საუკუნეების პერიოდი, როდესაც საქართველო ერთიან სამეფოს წარმოადგენდა, და XV-XVI საუკუნეების გარდამავალი პერიოდი, როდესაც საქართველოში ერთიანმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა.

თბილისის ისტორიული ცენტრი

ძველი თბილისი, 2018 წელი.
ძველი თბილისი, 2018 წელი.

2006 წელს, თანხები გამოიყო თბილისის ისტორიული ცენტრის დაცვის ხელშეწყობისთვის - შეიქმნა ისტორიული ძეგლების მონაცემთა ბაზა, რამაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტს ურბანული დაგეგმარების პროცესში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებდა ნარიყალას ფარგლებში თბილისის პანორამული კულტურულ-ისტორიული მარშრუტის ჩამოყალიბებას, თბილისის კულტურულ-ისტორიული ძეგლების შესახებ ვებგვერდის შექმნას და მარშრუტის შესახებ ბროშურების, სახელმძღვანელოების, რუკების და საინფორმაციო ფურცლების გამოქვეყნებას. ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ მრავალი ისტორიული შენობა დემონტაჟისა და მათ ადგილას ახალი შენობის აშენების საფრთხის ქვეშ იდგა.

ნაქარგი კოლექციები

იმავე წელს, ამერიკის ელჩის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნაქარგი კოლექციისთვის, შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. კოლექცია მოიცავს XIX საუკუნის ქსოვილებს, რომლებიც ოქრო-ვერცხლითაა მოქარგული და ძვირფასი ქვებითა გაწყობილი. საეკლესიო და საგვარეულო ქსოვილის ჩათვლით, კოლექცია 5 000-ზე მეტ ქსოვილს ითვლის. ძირითადად საქართველოდან, მაგრამ მასში ასევე დაცულია სპარსული და ბიზანტიური წარმოშობის ქსოვილებიც. პროექტი ითვალისწინებდა ინვენტარის გაციფრულებას და საკონსერვაციო სამუშაოებს.

თეთრი უდაბნოს ფრესკები
თეთრი უდაბნოს სახელით ცნობილი კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის კომპლექსი, დავით გარეჯის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, უდაბნოს დასავლეთ მიდამოებში 1996 წელს აღმოაჩინეს. 2007 წელს, მონასტრის ფრესკების შესანარჩუნებლად, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ელჩის ფონდის დაფინანსება მიიღო. პროექტი ითვალისწინებდა VII და VIII საუკუნეებით დათარიღებული ფრესკების ფრაგმენტების კვლევას, აღრიცხვასა და რესტავრაციას.

ფონდის ანგარიშის მიხედვით, მოხერხდა ფრესკების ფრაგმენტების შემდგომი დაზიანებისაგან დაცვა და ხელახალი აწყობა, შესაძლებელი გახდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მათი საჯაროდ გამოფენა.

არქეოლოგიური გათხრები

2008 წელს, ელჩის ფონდმა ელინისტური და რომაული დასახლებების და სამარხების არქეოლოგიური გათხრები დააფინანსა. მიჩნეულია, რომ ხოვლეს დასახლება და სამარხი, შესაძლოა ისტორიული არტეფაქტების სამ შრეს შეიცავდეს: ელინისტური, რომაული და შუა საუკუნეების პერიოდებიდან.

ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ ობიექტების კვლევისა და დაცვის პრიორიტეტად გამოცხადება, ამ ტერიტორიაზე მიმდინარე ინტენსიური მშენებლობებითა და ძარცვით იყო გამოწვეული. ამიტომ, პროექტის მიზანი, ხოვლეში კლასიკური და შუა საუკუნეების სამარხებისა და ნამოსახლების დაუყოვნებელი არქეოლოგიური გათხრები იყო.

სვანეთის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი

2009 წელს, ელჩის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანი, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული რვა ხელნაწერის და ათი ხატის დაცვა, პრევენციული საკონსერვაციო დამუშავება, აგრეთვე შენახვის პირობების გაუმჯობესება იყო.

ეკლესიები არბოსა და ტირძნისში

იმავე წელს, ფონდმა ორი ეკლესიის, კერძოდ, X-XI ს. დათარიღებული არბოში მდებარე წმ. გიორგისა და ტირძნისში მდებარე გვიანდელი შუა საუკუნეების სამების ეკლესიების რეაბილიტაცია დააფინანსა.

„ორივე ეკლესია განლაგებულია შიდა ქართლის წარსულში ბუფერულ ზონაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კონფლიქტის ზონად იქცა. აქედან გამომდინარე, ორივე ძეგლი განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ელჩის ფონდის დაფინანსებით, ორივე ძეგლს ჩაუტარდა გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები და რესტავრირებულმა ეკლესიებმა აღიდგინეს მათი თავდაპირველი ფუნქცია და კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქეს“ - ნათქვამია ფონდის ანგარიშში.

არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლი

2010 წელს, ელჩის ფონდმა 1994 წელს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი, ბაგინეთის მთაზე განლაგებული არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლის კონსერვაციისთვის განკუთვნილი პროექტი დააფინანსა. მცხეთაში, არმაზის ხევის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნანგრევები ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნითაა დათარიღებული. პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები, ტერიტორიის ბარდისგან გაწმენდას, კონსერვაციასა და სტრუქტურულ გამაგრებას, ასევე, იმ უბნების გადახურვას ითვალისწინებდა, სადაც გათხრები მიმდინარეობდა.

XI-XIII საუკუნეების სახარება

2014 წელს, ელჩის ფონდის გრანტის ფარგლებში, ბერთის, წყაროსთავისა და ტბეთის სახარებების ლითონით მოჭედილი ყდების დეტალური დიაგნოსტიკა ჩატარდა. სახარებები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრშია დაცული. ცენტრის კოლექცია მოიცავს შუა საუკუნეების მდიდრულად გაფორმებულ ხელნაწერებს; ოქრო-ვერცხლითა და დაუმუშავებელი ძვირფასი ქვებით მორთულ წიგნის ყდებს; იშვიათ ბეჭდურ გამოცემებსა და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების პირად ბიბლიოთეკებს. ცენტრში დაცულია 49 ხელნაწერი წიგნი, ძვირფასი ლითონებით მოჭედილი ყდებით; მათი უმრავლესობა შესრულებულია პერგამენტზე XI-XIII საუკუნეებში. თავდაპირველი ყდა, მხოლოდ სამ მათგანს აქვს შენარჩუნებული.

უფლისციხე
უფლისციხე

უფლისციხე

2018 წელს, უფლისციხის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დაცვის პროექტის განსახორციელებლად, ელჩის ფონდის გრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრმა მოიპოვა. პროექტი კრიტიკული უბნების გამოსავლენად, კომპლექსური მონიტორინგის სისტემის დანერგვას და, შესაბამისად, გრძელვადიანი სტაბილიზაციის მიზნით, მთის ქანების დაშლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.

ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპლექსს საფრთხეს ეროზიული პროცესები, სეისმური აქტივობა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობა უქმნის.

ჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი

2019 წელს, ჯვრის მონასტრის შემდგომი დაზიანებისგან დასაცავად, ელჩის ფონდის გრანტი, გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა მოიპოვა. პროექტი მიზნად ისახავდა მთავარი ტაძრის ფასადებზე დაზიანებული მოსაპირკეთებელი ქვის კონსერვაციას. საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ფაზა, ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის კომპლექსურ შესწავლასა და საკონსერვაციო გეგმის შემუშავებას ითვალისწინებდა.

2020 წელს, ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და ფიზიკური სამუშაოების ჩასატარებლად, დამატებით, $506 000 გამოყო.

თანღილის აბჯარი

იმავე წელს, ელჩის ფონდმა დააფინანსა პროექტი, რომლითაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ბრიგანდინის ტიპის ჯავშინის დამზადების მეთოდური სახელმძღვანელოს შექმნას ითვალისწინებდა. ამასთან, ჩატარადა XIII საუკუნის, თანღილის აბჯრის საკონსერვაციო სამუშაოები. თანღილის აბჯარი, ბრიგანდინის ტიპის ჯავშანს მიეკუთვნება, რომელიც ევროპაში ცნობილი მეცამეტე საუკუნიდან გახდა, ევრაზიაში კი მონღოლების შეჭრის შემდეგ. ევროპის და აზიის სამუზეუმო კოლექციებში, ამ ტიპის ჯავშანი მეტად იშვიათადაა წარმოდგენილი.

ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, სვანეთი.
ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, სვანეთი.

კონგრესის კვლევითი სამსახურის მონაცემებით, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, საქართველო შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების წამყვანი მიმღები ქვეყანაა. 2000-იანი წლებიდან, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროპასა და ევრაზიაში, აშშ-ის საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები მთავარი ქვეყანა გახდა. შეერთებული შტატების დახმარება კიდევ უფრო გაიზარდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ, საქართველო კვლავ იყო რეგიონში ამერიკის დახმარების მიმღები მთავარი ქვეყანა.

ForeignAssistance.gov - ის მიხედვით, 2020 წელს, საქართველომ ფინანსური დახმარების სახით, $169 824 928, 2021 წელს $53 417 072, 2022 წელს კი $13 505 027 მიიღო. პლატფორმის მიხედვით, 2021-22 წლის მონაცემები, ანგარიშში ნაწილობრივაა წარმოდგენილი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG