ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამალ კლუნის პრესის თავისუფლების ჯილდო გადასცეს


ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ადვოკატს - ამალ კლუნის - პრესის თავისუფლების პრესტიჟული ამერიკული ჯილდო გადასცეს. მის კლიენტებს შორის ბევრი ჟურნალისტია, რომლებიც სიტყვის თავისუფლების გახმაურებულ სასამართლო პროცესებში ფიგურირებენ.

ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე ამალ კლუნის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პრიზი ცნობილმა მსახიობმა მერილ სტრიპმა გადასცა. 2020 წლის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო ასევე გადაეცა ჟურნალისტებს ბანგლადეშიდან, ირანიდან, ნიგერიიდან და რუსეთიდან.

ამალ კლუნი
ამალ კლუნი

"ამალი თანაგრძნობით და მზრუნველობით სავსე ადვოკატი და ადამიანია. ის უმეგობრდება იმ ადამიანებს, ვისაც სასამართლოში წარმოადგენს და მათ სამოქალაქო უფლებებს იცავს" - ამბობს ამალ კლუნის შესახებ კორტნი რადში. ის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ადვოკატურის განყოფილების დირექტორია.

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელებს შორისაა რუსი ჟურნალისტი სვეტლანა პროკოფიევა. "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას ივლისში "ტერორიზმის გამართლების" გამო წაუყენეს ბრალი. საქმე რუსეთის პროკურატურამ 2019 წლის თებერვალში აღძრა, ქ. არხანგელსკში მომხდარ აფეთქებაზე, რადიოსადგურ „ეხო მოსკვა ფსკოვის“ ეთერში, მის მიერ გამოთქმული შეფასებების გამო.

სვეტლანა პროკოფიევა
სვეტლანა პროკოფიევა

როდესაც პროკოფიევა არხანგელსკში, ფედერალური უშიშროების სამსახურის რეგიონული ოფისის წინ, 17 წლის მიხაილ ჟლობნიცკის მიერ მოწყობილი თავდასხმის შესახებ ლაპარაკობდა, მან თინეიჯერის საქციელი ქვეყანაში შექმნილ „პოლიტიკურ კლიმატს“ დაუკავშირა. ის წერდა, რომ ქვეყანაში მკაცრადაა შეზღუდული პოლიტიკური აქტივიზმი, რაც მისი სიტყვებით, ადამიანებს სასოწარკვეთაში აგდებს.

მოჰამად მოსაედი
მოჰამად მოსაედი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პრიზი ასევე გადაეცა ირანელ ჟურნალისტს მოჰამად მოსაედს. ისიც დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც ირანის სოციალური მედიის პლატფორმებზე კორუფციას, ეკონომიკურ სანქციებს და საპროტესტო გამოსვლებს აშუქებდა.

აგვისტოში მოსაედს სწორედ საკუთარი პროფესიული საქმიანობის გამო, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას აკრძალული აქვს ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით ჟურნალისტური საქმიანობით დაკავება.

შაჰიდულ ალამი
შაჰიდულ ალამი

2020 წლის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო ბანგლადეშელ ფოტოჟურნალისტს შაჰიდულ ალამსაც გადასცეს. ის ფათშალის მედიის ინსტიტუტის და დრიკის ფოტო-ბიბლიოთეკის თანადამფუძნებელია.

ალამი ქვეყანაში მოქმედი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის კანონის გამო დააკავეს და თავისი ნაშრომების გამო სცემეს კიდეც. ალამი ამბობს, რომ პრესის თავისუფლება ბანგლადეშში "უფსკრულისკენ მიექანება".

დაპო ოლორუნიომი
დაპო ოლორუნიომი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ჯილდო მიაკუთვნეს კიდევ ერთ ჟურნალისტს ნიგერიიდან, დაპო ოლორუნიომის. ის "ნიგერიის პრემიუმ თაიმსის" თანადამფუძნებელია. ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ოლორუნიომი ორჯერ არის დაკავებული და ნასამართლევი.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ჟურნალისტი ამბობს, რომ ნიგერიაში ინფორმაციაზე წვდომას ადგილობრივი კანონმდებლობა ზღუდავს, რაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ქვეყანაში მოქმედი კანონებით, ჟურნალისტობა "კრიმინალიზებულია" და ეს მის პროფესიონალურ საქმიანობას დიდ გამოწვევას უქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG