ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" - საქართველოში მედია პლურალისტურია, მაგრამ არა თავისუფალი


ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აქვეყნებს 2020 წლის მსოფლიო პრესის ყოველწლიურ ინდექსს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომავალი დეკადა ჟურნალისტიკის მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება. ავტორების აზრით, ეს, განსაკუთრებით კოვიდის პანდემიით გამოაშკარავებული ბევრი იმ კრიზისის პირობებშია ხელშესახები, რომელიც სანდო და განსხვავებული ინფორმაციის თავისუფლად გაშუქებას უქმნის საფრთხეს.

კრიზისებს შორის ანგარიშში სახელდება გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური, დემოკრატიული, ნდობის და ეკონომიკური კრიზისები.

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ქრისტოფ დელოირმა თქვა, რომ “მომავალი დეკადა ჟურნალისტიკის მომავალს უქადის გამოწვევებს.” მათ შორისაა კორონავირუსის პანდემია, რომელიც დელოირის თქმით, თავისთავად დამამძიმებელი ფაქტორია და თუ რა მდგომარეობაში იქნება ინფორმაციის თავისუფლება, პლურალიზმი და სანდოობა 2030 წელს, ეს სწორედ ახლა წყდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედია საქართველოში პლურალისტულია, მაგრამ ძალიან პოლარიზებული. ბოლო წლების რეფორმებმა გარკვეულწილად გააუმჯობესა მედია კუთვნილების და გამჭვირვალობის საკითხები, ასევე სატელიტური მაუწყებლების პლურალიზმი, თუმცა მფლობელები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სარედაქციო კონტროლს.

ასევე, ნათქვამია, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის დაბრუნებამ, მაუწყებლიდან ჟურნალისტთა კოლექტივის დიდი ნაწილის წასვლამ და ამ მაუწყებლის პრო-სახელისუფლებლო არხად ქცევამ არაერთი ახალი არხის შექმნას შეუწყო ხელი. ამ ფონზე, რეგიონული “აჭარა ტვ” უწყვეტ დევნას განიცდიდა პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისში დისიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის 2017 წლის გატაცების, დაკავების და აზერბაიჯანის ციხეში მოხვედრის დეტალები კვლავ საჭიროებს დამაჯერებელ ახსნა-განმარტებას.

საქართველო წელს ამ ანგარიშით 180-დან მე-60 ადგილს იკავებს და მისი პოზიცია, გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG