ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი რუსი და ერთი უკრაინელი ალბანეთში სამხედრო საწარმოში შეჭრას ცდილობდა


ალბანეთში, გრამშის რაიონის სამხედრო საწარმოს ტერიტორიაზე, რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ქარხანაში შეჭრას ცდილობდნენ.

ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 წლის რუსეთის მოქალაქის აყვანისას, ორი ალბანელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. დაპირისპირებისას, რუსეთის მოქალაქემ სამხედროების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. იქვე დააკავეს 25 წლის უკრაინელი მამაკაცი და 33 წლის ქალი, რუსეთის მოქალაქეობით.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ცნობით, რუსეთის მოქალაქე ქარხნის ტერიტორიაზე ფოტოებს იღებდა. ამ დროისთვის მოტივი უცნობია. ნიკო პელეში, ალბანეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ „ჯერ ნაადრევია მიზეზებზე დარწმუნებით საუბარი“ და იქვე აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა უბრალო „სამოქალაქო ინციდენტად“ არ უნდა ჩაითვალოს. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, ისინი ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი.

ადგილობრივი მედიასაშუელებები იუწყებიან, რომ დაკავებულები ბლოგერები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მიტოვებულ შენობებს იღებენ, თუმცა ალბანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიზეზებს დაადგენს და ინფორმაციას მოტივის შესახებ მოგვიანებით გაავრცელებს.

სამხედრო საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც ორი რუსეთის და ერთი უკრაინის მოქალაქე შეიჭრა, საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსული AK47 შაშხანების წარმოება ხდებოდა. ალბანელმა სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს ჩეხეთის ოთხი მოქალაქე, რომლებიც პარალელურად ცდილობდნენ სხვა სამხედრო ქარხანაში შესვლას.

ალბანეთი 2009 წლის შემდეგ ნატოს წევრი სახელმწიფოა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG