ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ერდოღანი მედიაზე კონტროლს ზრდის


თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია კონგლომერატის მთავრობასთან დაკავშირებული ბიზნესისთვის მიყიდვა მმართველი „სამართლიანობის და აღორძინების პარტიის“ (AKP) მედია კონტროლის დამყარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

წამყვანი მედია კონგლომერატის გაყიდვის პარალელურად, თურქეთის მეჯლისმა ახალი კანონმდებლობა მიიღო, რომელიც ზრდის მთავრობის კონტროლს ინტერნეტზე. ინტერნეტი და ონლაინ მედია თურქეთში ერთადერთი პლატფორმაა, სადაც აზრის თავისუფლად გამოთქმა და კრიტიკა ჯერ-ჯერობით არ იზღუდება.

„დოღანის მედია კომპანია“ სატელევიზიო არხებს და გაზეთებს ფლობს. ის დემირორენის ჰოლდინგმა შეისყიდა, რომლის მეპატრონესაც ერდოღან დემირორენს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ახლო კავშირები აქვს.

„დემირორენი ალბათ იგივეს იზამს დოღან მედიის შემთხვევაში, რაც მან დამოუკიდებელი გაზეთების „მილეთის“ და „ვატანის“ შესყიდვისას გააკეთა, მან ისინი მთავრობის რუპორად აქცია“, - ამბობს მიმომხილველი ატილა იესილადა „გლობალ სორს პარტნერსიდან“.

„ამ შესყიდვის შემდეგ თურქეთში აღარ დარჩა წამყვან მედიაში არცერთი წყარო მათთვის, ვისაც დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღება სურს. ეს ეტაპი თურქეთის მედიაში დასრულდა“, - ამბობს ის.

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, დოღანი თურქეთის ყველაზე გავლენიანი მედია მაგნატი იყო. პარალელურად, თურქული მედია ნელ-ნელა ექცეოდა ერდოღანის მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და დოღანის მედია იყო უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელი რჩებოდა.

„მედია ინდუსტრიის პუტინის მოდელით ერთ ხელში მოქცევა თურქეთში დასრულდა“, - ამბობს კადრი გურსელი, ერთ-ერთი წამყვანი თურქი ჟურნალისტი „ტვიტერზე“.

2009 წელს დოგანის კუთვნილმა გამოცემა „ჰურიეტმა“ ერდოღანის გაღიზიანება გამოიწვია მას შემდეგ რაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის წამყვანი პირები გერმანიაში საქველმოქმედოებო თაღლითობასთან კავშირში იყვნენ გამოძიების ქვეშ. ამის შემდეგ კომპანიას საგადასახადო ორგანოებმა რამდენიმე მილიარდიანი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესეს და გაკოტრებამდე მიიყვანეს. ამასთან, მედია მაგნატის და მისი ოჯახის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმეც დაიწყო, სადაც პროკურორები მათ წინააღმდეგ გრძელვადიან პატიმრობას ითხოვდნენ.

„სავარაუდოდ მისი ცხოვრების დიდი ნაწილის ციხეში გატარების პერსპექტივამ მიიყვანა ის [დოგანი] გაყიდვის გადაწყვეტილებამდე“, - ამბობს ატილა იესილადა. „ეს სიმბოლურია რადგან AKP-ს ამ ტიპის მენტალურ თამაშს თამაშობს საკუთარ მტრებთან. საბოლოოდ დოგანი დანებდა და ეს უნდა იყოს გაკვეთილი ერდოღანის დარჩენილი მტრებისთვის, რომ თუ [ერდოგანს] შენ წინააღმდეგ რაიმე აქვს, შენ უნდა გაიქცე”, - ამბობს ის.

მთავრობა უარყოფს მსგავს ბრალდებებს და ამბობს, რომ სასამართლოს დამოუკიდებელია.

წამყვან მედიაზე კონტროლის დამყარებასთან ერთად თურქეთის ხელისუფლება ინტერნეტის შეზღუდვასაც ცდილობს. ბევრმა გამოცემამ და მაუწყებლობამ ინტერნეტს მიმართა, როგორც დამოუკიდებელი ინფორმაციის ერთადერთ დარჩენილ პლატფორმას, თუმცა გასულ კვირას თურქეთის პარლამენტის მიერ დაწყებული პროცესი ინტერნეტ-მაუწყებლობასა და ონლაინ-მედიაზე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად.

„ხალხი ინტერნეტ ინფორმაციის წყაროდ არა მხოლოდ ადგილობრივ ახალი ამბების ორგანიზაციებს მიმართავს, არამედ ისეთ თურქულენოვან მაუწყებლობებსაც, როგორიცაა BBC, ამერიკის ხმა და “დოიჩე ველე“. ამიტომ, მთავრობა ცდილობს მიიღოს ქმედებები ზაფხულამდე, არჩევნების წინ კონტროლის დასამყარებლად“, - ამბობს იამან აკდენიზი იურისპრუდენციის პროფესორი სტამბულის ბილჯის უნივერსიტეტიდან.

პარლამენტის მიერ ინიცირებული რეფორმები მოიცავს სახელმწიფო მარეგულირებლის უფლებების გაზრდას და მათი დაქვემდებარების ქვეშ რადიო და ტელე მაუწყებლობასთან ერთად ინტერნეტის მოქცევას. ეს, მიმომხილველების ნაწილის აზრით ადვილს გახდის სხვადასხვა ონლაინ ინფორმაციის წყაროს დაბლოკვას ან დახურვას.

„ჰიპოტეთურად, მათ შეუძლიათ ამ პროგრამებს ტერორიზმისკენ მოწოდებაში დასდონ ბრალი, დახურონ ან გაუუქმონ ლიცენზიები. მათ ასევე შეიძლება ვებგვერდების დაბლოკვა მოითხოვონ“. - ამბობს პროფესორი აკდენიზი.

უკანსკნელი კვლევების მიხედვით, ინტერნეტზე ხელი თურქეთის მოსახლეობის 70 პროცენტს მიუწვდება და თურქი ახალგაზრდების 70 პროცენტი ახალ ამბებს მხოლოდ ინტერნეტ წყაროებიდან იღებს.

თურქეთმა უკვე დაბლოკა 170,000 საიტი, მათ შორის ელექტრონული ენციკლოპედია „ვიკიპედიაც“. თუმცა თურქეთის მოსახლეობა ცდილობს გვერდითი გზების მონახვას. ადამიანები ინფორმაციის სხვა წყაროებს იყენებს და დაბლოკილ საიტებს ვირტუალური ქსელების (VPN) მეშვეობით აღწევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG