ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ომმა, 2009 წლიდან 100 ათასი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა


გაერო აცხადებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ავღანეთში მიმდინარე ომმა 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ყველა მეომარ მხარეს მოუწოდებს, 18 წლიანი დაპირისპირების შესაწყვეტად“ნამდვილი და კონკრეტული” ნაბიჯები გადადგან.

განცხადება იმ დროს გაკეთდა, როდესაც ქვეყნის ჩრდილოეთში, ბალხის პროვინციაში, მეამბოხე თალიბანის დილის თავდასხმამ, სულ მცირე ათი ავღანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.

ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის ხელმძღვანელმა, ტადამიჩი იამამოტომ თავის განცხადებაში მწუხარება გამოთქვა, რომ ომი სამოქალაქო მოსახლეობაში შემაძრწუნებელი მსხვერპლის გამოწვევას აგრძელებს.

იამამოტომ თქვა: “უკიდურესი მწუხარებით აღვნიშნავ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლმა, მხოლოდ ბოლო ათი წლისთვის, იმ დროიდან, როდესაც გაეროს დახმარების პროგრამამ 2009 წლიდან დღემდე დაღუპული სამოქალაქო მოსახლეობის სისტემური აღრიცხვა დაიწყო, ცოტა ხნის წინ 100 ათასს გადააჭარბა.

მან ყველა დაინტერესებულ მხარეს ძალადობის დონის შემცირებისკენ მოუწოდა, რათა სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი თავიდან იქნას აცილებული. თქვა, რომ ეს ასევე შექმნის გარემოს შემდგომი ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართული იქნება შიდა ავღანური მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რათა ომის პოლიტიკური დასრულების გზა გამოიძებნოს.

მან იქვე თქვა: ”შიდა ავღანური მოლაპარაკებები, რომელშიც ქალები და ახალგაზრდობაც მიიღებს მონაწილეობას,სამშვიდობო ძალისხმევისთვის ძირეულად მნიშვნელოვანია და ყველა სამშვიდობო ძალისხმევის საფუძველია.”

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბალხში მეამბოხეების თავდასხმის სამიზნე სამხედრო ბაზა იყო და მხოლოდ ექვსი ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურა. მან ტქვა, რომ კიდევ სამი ჯარისკაცი დაიჭრა.

თალიბანის პრეს-მდივანმა ზაბიულა მუჯაჰიდმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ბალხის პროვინციაში თავდასხმა თვითმკვლელი ტერორისტის დანაღმული ავტომობილით დაიწყო, შემდეგ ამბოხებულთა ჯგუფიბაზაში შეიჭრა და ის დაიპყრო. მისი განცხადებით, 12 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს და რვა დაჭრეს, თუმცა მეამბოხეები ხშირად გადაჭარბებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

წინა კვირას მეამბოხეები იმავე პროვინციის სხვა სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, სულ მცირე 15 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს.

ბოლო ხანებში მეამბოხეები გააქტიურდნენ ჩრდილოეთ პროვინციებში, სადაც წლის ამ დროს, უკიდურესად მკაცრი ამინდის პირობების გამო, ძალადობა ჩვეულებრივ იკლებს.

ორშაბათს, ყუნდუზის პროვინციაში, თალიბანმა ამერიკულ-ავღანური ერთობლივი კოლონის სიახლოვეს, გზაზე დადებული ბომბი ააფეთქა. მოკლა ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და მისი ავღანელი პარტნიორი.

ბოლო შემთხვევამ, ამ წლის განმავლობაში ავღანეთში დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვი სულ ცოტა 19-მდე გაზარდა.

თალიბანი ავღანეთის დაახლოებით ნახევარ ტერიტორიას აკონტროლებს ან პრეტენზია აქვს და ადგილობრივი და ქვეყანაში მყოფი უცხოელი სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავს. ავღანეთის ოფიციალური პირების თანახმად, 2014 წლის ბოლოდან, მეამბოხეების თავდასხმების შედეგად, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დაახლოებით 50 ათასი მებრძოლი დაიღუპა.

შეერთებული შტატები ცდილობს ომის დასასრულებელ შეთანხმებაზე თალიბანთან მოილაპარაკოს. ომის, რომელიც ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი საზღვარგარეთული ინტერვენციაა. ამერიკელი მომლაპარაკებლები თალიბანის წარმომადგენლებზე წნეხს ახორციელებენ, რომ მათ ძალადობა შეამცირონ ათწლეულების განმავლობაში არსებული დაპირისპირების სამუდამო დასრულებისთვის, შიდა ავღანურ მოლაპარაკებებში ჩაერთონ.

მაგრამ თალიბანს სურს, რომ სანამ მეამბოხე ჯგუფი ეროვნული მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის პირობას დადებს და შიდა ავღანურ მოლაპარაკებებში ჩაერთვება, ვაშინგტონმა ყველა ამერიკული და კოალიციური სამხედრო დანაყოფის, ქვეყნიდან წინასწარ გაყვანის შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

ბოლო კვირებში დიალოგმა წარუმატებლობები განიცადა, რადგან თალიბანმა ძალადობის შემცირებაზე უარი თქვა.

მოლაპარაკებების პროცესი ამ თვის დასაწყისში, სამთვიანი შეყოვნების შემდეგ განახლდა, სანამ შეერთებული შტატები მას ისევ შეაჩერებდა იმ მიზეზით, რომ თალიბანმა ავღანეთში უდიდეს ამერიკულ ბაზაზე დიდი თავდასხმა მოახდინა.

შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი კოალიცია ქვეყანაში 2001 წელს შეიჭრა, რათა მოეშორებინა თალიბანის რეჟიმი, რომელსაც იმავე წლის სექტემბერში, შეერთებულ შტატებზე თავდასხმაში ბრალდებული ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელი ჰყავდა შეფარებული.

მას შემდეგ, ომმა 150 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები, სამოქალაქო პირები, მეამბოხეები და უცხოელი ჟარისკაცები. მათ შორისაა 2300 დაღუპული ამერიკელი ჯარისკაციც.

კონფლიქტი შეერთებულ შტატებს დაახლოებით ტრილიონი დოლარი დაუჯდა. 12 ათასზე მეტი ამერიკელი და დაახლოებით 8 ათასი ნატოელი მოკავშირის ჯარისკაცი ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფება და ავღანური ძალების საბრძოლო წვრთნასთან ერთად, ანტიტერორისტულ ოპერაციებს ატარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG