ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც ოპერის სამყარო დაიპყრო" - "ნიუ-იორკ თაიმსი ანიტა რაჭველიშვილზე


ანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი

"ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც ოპერის სამყარო დაიპყრო" - ამ სათაურით “ნიუ-იორკ თაიმსმა” გუშინ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია ახალგაზრდა ქართველ საოპერო მომღერალზე, ანიტა რაჭველიშვილზე. სტატიას ცნობილი, გავლენიანი და მრავალი ჯილდოს მფლობელი იტალიელი დირიჟორის, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის სიტყვები აქვს წამძღვარებული: “ეჭვგარეშეა, რომ დღეს ანიტა რაჭველიშვილი ვერდის შემსრულებელი საუკეთესო მეცო-სოპრანოა მთელ პლანეტაზე”.

სტატიის ავტორი, ზაქარი ვულფი "თაიმსის" კლასიკური მუსიკის მიმართულების რედაქტორია. მანამდე კი საოპერო მუსიკის კრიტიკოსი იყო "ნიუ-იორკ ობზერვერში". ვულფი წერს, რომ ანიტას მოსმენისას სკამზე მიჯაჭვულად გრძნობ თავს, რადგან მისი ხმა და ძალა გიმორჩილებს. ეს ხმა კი ერთდროულად ფოლადივით მტკიცე და ქაშმირივით რბილია.

ანიტას ხმას სტატიის ავტორი და სხვა კრიტიკოსები "დამატყვევებელ ვოკალს" უწოდებენ. ვულფი წერს, რომ ზოგჯერ მისი მგრძნობიარობით სავსე წამიერი გამოჩენა, წამიერი სცენაც კი დაუვიწყარია. რაც მას გამორჩეულს ხდის ჯუზეპე ვერდის უმნიშვნელოვანესი ოპერების წამყვანი როლებისთვის.

“რაჭველიშვილი ჩემთვის ნამდვილი გამოცხადება იყო, ჭეშმარიტი აღმოჩენა”, - ამბობს რიკარდო მუტი, ანიტამ ივნისში, ჩიკაგოში სწორედ მუტის დირიჟორობით შეასრულა "აიდაში" ამნერისის პარტია. კრიტიკოსები წერენ, რომ მისი პროვოკაციულად მელანქოლიური კარმენი და აზუჩენას ვოკალური გლამური ახალი ეტაპი იყო მის კარიერაში. რომ მან თავის წარმატებას მოულოდნელი შთაბეჭდილებები დაუმატა, რის შემდეგაც მისი შესაძლებლობები და გამორჩეულობა რეალურად გამოჩნდა.

მეტროპოლიტენ ოპერის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ მის მიერ აზუჩენას შესრულება თითქმის სრული ტრანსფორმაცია იყო. "თუ კი ანიტა მანამდე კარგი იყო, ამის შემდეგ გამორჩეულად დიდებული გახდა", - ამბობს ის.

ეს ნამდვილად არაა პირველი შემთხვევა, როდესაც კრიტიკოსები ანიტა რაჭველიშვილის შესრულებით აღფრთოვანებას გამოხატავენ. "ქართველი მეცო-სოპრანოს სმენისას ძარღვებში სისხლი გეყინება", "ფენომენალური ქართველი ყველაზე მაღლა იდგა, მან დაამტკიცა, რომ უდიდესი მსახიობია" - წერდნენ მის შესახებ გასულ წელს, მეტროპოლიტენ ოპერაში ჯუზეპე ვერდის "ტრუბადურში" აზუჩენას როლის შესრულების შემდეგ. "ვერდის რომ ქართველი მეცო-სოპრანოს აზუჩენა ენახა, თავის ნაწარმოებს პირვანდელ სათაურს, „ბოშას“ დაუბრუნებდა - ამბობდნენ მაშინ ნიუ-იორკელი კრიტიკოსები და დასძენდნენ, რომ "ტრუბადურში" შესრულებული მისი აზუჩენა იმდენად გენიალური იყო, რომ შეიძლება მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩენილიყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG