ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წლის წარმატებული ქალი - ეთერ ჭკადუა


დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში
დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის საერთაშორისო კონსულთა საზოგადოებამ ქალთა საერთაშორისო დღე ჩეხეთის საკონსულოში აღნიშნა. ყოველწლიურ შეხვედრაზე ნიუ-იორკში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიები თავიანთი ქვეყნების წარმატებულ ქალებს ღირსების სიგელს გადასცემენ და საკუთარი ქვეყნის სამზარეულოს წარადგენენ. წელს, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა ნიუ-იორკში მცხოვრები ცნობილი ქართველი მხატვარი ეთერ ჭკადუა წარადგინა. ნიუ-იორკიდან თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

მაცდური და ვნებიანი, იდუმალი, მებრძოლიც - იარაღით ხელში, გამომწვევი გამოხედვით - ეთერ ჭკადუას შემოქმედებაში ქალი მთავარი სუბიექტია. მის ტილოებს მსოფლიოს ცნობილ გალერეებში იხილავთ. ნახატებს იამაიკაზე ქმნის, თუმცა ძირითადად ნიუ-იორკშია, სადაც სხვადასხვა უცხოელ არტისტთთან ერთად ჯგუფურ გამოფენებში, ეკოლოგიურ და სოციალურ პროექტებში მონაწილეობს. ეთერ ჭკადუა ჩეხეთის საკონსულოში სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების მიერ წარდგენილ იმ ცხრამეტ წარმატებულ ქალს შორის იყო, რომელმაც თავისი ქვეყანა ნიუ-იორკში, საკუთარი საქმიანობით წარმატებით და ღირსეულად წარმოაჩინა.

ეთერ ჭკადუა: უმეტესად იყვნენ ჭკვიანი ქალბატონები. ერთი მომღერალი და მე, ერთი მხატვარი. ცოტა გამიკვირდა, რომ ამ ჭკვიან ხალხთან ერთად ვიყავი წარდგენილი. ჭკვიან ხალხში ვგულისხმობ მეცნიერებს, სერიოზულ სწავლულებს, მათ ვინც ქალების პორბლემებზე მუშაობენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეთერ ჭკადუამ ერთ-ერთმა პირველმა დატოვა ქვეყანა, თუმცა როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, მის ნახატებში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ყოველთვის ცდილობს. მის ნამუშევრებში ყოველთვის არის ეროვნული სიმბოლო თუ შტრიხი, რომელიც ქართულ კულტურას წარმოაჩენს. თავადაც არ მალავს, რომ უცხოეთში ცხოვრების პერიოდში პატრიოტული ნოსტალგიები ხშირად აქვს.

საქართველოს გენერალური საკონსულო წელს ნიუ-იორკის საერთაშორისო კონსულთა საზოგადოების ღონისძიებაში უკვე მეორედ მონაწილეობდა. შარშან ღირსების სიგელი ნიუ-იორკში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრის, "დენსინგ ქრეინის" დამაარსებელს, ლიკა სირელსონ-ბახტურიძეს გადაეცა. გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი გვესაუბრება:

დიანა ჟღენტი: წელს გადავწყვიტეთ აგვეღნიშნა ხელოვნების სფეროში წარმატებული ადამიანის საქმიანობა, როემლიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს. ეთერ ჭკადუა ძალიან წარმატებული მხატვარია და მისი სახელი ცნობილია ამერიკულ სამხატვრო წრეებში. საერთაშორისო კონსულთა ორგანიზაცია 85 საკოსნულოს აერთიანებს, წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა 19- მა ქვეყანამ მიიღო.

ჩეხეთის საკონსულოში მიწვეული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურები კოლეგებს ეროვნული კერძებით გაუმასპინძლდნენ. სტუმრებს ქართული ღვინო ქართულ ცეკვასთან და სიმღერასთან ერთად საქართველოს წარმომადგენლობამაც შესთავაზა.

XS
SM
MD
LG