ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი მომღერალი ნიუ-იორკიდან


მარიამ ბიბილური

ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში საკუთარ ბენდთან ერთად პირველი სოლო-კონცერტი გამართა წარმოშობით ქართველმა მომღერალმა მარიამ ბიბილურმა. მარიამი თავად წერს სიმღერებს და ეს არის ქართული ფოლკლორული მუსიკის ამერიკული არანჟირება და სინთეზი რიტმ-ენდ-ბლუზის, რეგის და ჯაზის ელემენტებით.

მარიამ ბიბილურის სიმღერები ამერიკულ რადიო-სადგურებში უკვე დიდი ხანია ტრიალებს. სოლო-კონცერტი თავის ხუთ-კაციან ბენდთან ერთად პრესტიჟულ ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში 22 იანვარს მან პირველად გამართა. "მოიყვანეთ მეგობრები, დასწრება უფასოა, არ შეგეშინდეთ ქარბუქის, და თუ წასასვლელი არ გაქვთ, შემდეგ ყველას ჩემს სახლში დაგტოვებთ"- ასე მიმართავდა ფეისბუქით მარიამი კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მისი მუსიკის ნაცნობ თუ უცნობ თავყვანისმცემლებს.

მის შემოქმედებაში არის რითმ-ენდ-ბლუზი, ჯაზი და რეგი. ამბობს, რომ ყველაზე ემოციურად მაინც ქართულ სიმღერას ასრულებს. საყვარელი ინსტრუმენტი ფანდური და ფანდურზე შესრულებული სიმღერებია. ეს და ბევრი სხვა აღმოჩენა ბერკლის მუსიკალური კოლეჯის დამთავრების შემდეგ 19 წლისამ საქართველოში გააკეთა. 13 -წლიანი განშორების შემდეგ მან სამშობლო თავიდან აღმოაჩინა.

მარიამ ბიბილური: 6წლის ვიყავი, როცა შეერთებულ შტატებში გადმოვედით. ვერმონტის შტატში ვცხოვროდით და 8 წლიდან სულ დავდიოდი მიუზიკლებზე, პიანინოზე, სიმღერაზე. სპორტზე არ მივლია. შემდეგ მიუზიკლის მსახიობი მინდოდა გავმხდარიყავი და "ემერსონის" კოლეჯში დავდიოდი. 100 სტუდენტიდან 20 შეარჩიეს და ასე ამირჩიეს. მაგრამ მალე შემეცვალა აზრები და ჩემი ორიგინალური სიმღერების დაწერა მომინდა. 19 წლის პირველად დავბრუნდი საქართველოში და იქ თითქოს გაიხსნა ჩემი სული, რაღაც მოხდა ჩემში. ერთი წლის შემდეგ ამერიკაში დავბრუნდი, ჩავწერე ჩემი პირველი ალბომი და ავიღე ბერკლის დიპლომი სიმღერების წერის განხრით. ამის მერე მერე გამოვუშვი სიდი და ნიუ-იორკში დავიწყე ჩემი კარიერა.

მის სიმღერებში ორი კულტურის გავლენა იგრძნობა - ქართული ფოლკლორის და ამერიკული რიტმ-ენდ-ბლუზის. დიდ ინსპირაციას ლადო გუდიაშვილის ტილოებიდან იღებს. უყვარს ტრაგიკულად გარდაცვლილი თეო ქუმსიაშვილის სიმღერები, 70-იანი წლების მუსიკა, სტივ ვანდერი, "Earth Wind and Fire", შადე, "Pink Floyd", არ მოსწონს თანამედროვე მუსიკა. ამერიკაში მის ხმის ტემბრს შადეს ადარებენ. ამერიკული გამოცემა "ოკეი-პლეიერი" მარიამზე წერს რომ

ყველას აქვს მოსმენილი რეგი სხვადასხვა მუსიკალურ გადაწყვეტაში, თუმცა პირობას გაძლევთ, არავის არ ექნება მოსმენილი ქართული ნანინა, იგივე იავნანა რეგის სტილში არანჟირებული.

მარიამ ბიბილური: გავიცანი ბობ მარლის შვილი, სტივენ მარლი, რომელსაც ჩემი სიმღერები გავუგზავნე და ძალიან მოეწონა. ჩემი ალბომის მთავარი ტექნიკური რედაქტორი, კრის გერინგა ძალიან გავლენიანი ადამიანია საერთოდ ალბომის შექმნის და არანჟირების საქმეში. ის გაგიჟდა ჩემს მუსიკაზე ისე მოეწონა და მითხრა შადეს მსგავსი ხმა გაქვსო და ასეთი "ლეიბლ" მომცეს ამერიკაში რომ შადეს ტემბრი მაქვს.

უკვე მეორედ 2015 წელს მარიამ ბიბილური სიმღერის წერის კონკურსში რომელიც მთელს ამერიკაში იმართება, ფინალში გავიდა. ასეთი გამარჯვებები მას კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს. "ბამ-ში" გამართულ კონცერტზე დასწრება უფასო იყო. ამ რეპერტუარით მარიამი თავის ბენდთან ერთად ტურნეს გეგმავს. მისი ყველაზე დიდი ოცნება კი გრემია.

კომენტარების ნახვა (8)

XS
SM
MD
LG