ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საშინელ უდაბნოდ“ ქცეული მარიუპოლი


UKRAINE-CRISIS/CORRIDORS-MARIUPOL
UKRAINE-CRISIS/CORRIDORS-MARIUPOL

“საშინელი უდაბნო“ ასე აფასებენ ვითარებას "როიტერის" ჟურნალისტები მარიუპოლში, რომლებიც ადგილზე კვირას ჩავიდნენ. რუსეთი საპორტო ქალაქზე იერიშების მიტანას განაგრძობს.

ამ დრომდე ქალაქი რუსული ჯარის ალყაშია მოქცეული. კიევი მოითხოვს, რომ შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფნები რათა მოსახლეობამ ქალაქი დატოვოს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლი განადგურებულია და ქალაქში არც საკვებია და არც წყალი.

მარიუპოლში, რომელიც აზოვის ზღვაზე მდებარეობს, ომის განახლებამდე 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ზელენსკიმ იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ „იქ (მარიუპოლში) აღარაფერი დარჩა“

დღესვე მარიუპოლის ქალაქის საბჭომ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ რუსულმა არმიამ მარიუპოლში კიდევ ერთი ბომბი ჩამოაგდო, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„მათ არ აინტერესებთ ქალაქი მარიუპოლი, მათ სურთ მიწასთან გაასწორონ ის და ფერფლად აქციონ,“- წერია ქალაქის საბჭოს განცხადებაში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ცეცხლს უხსნიან ჰუმანიტარულ ავტოკოლონებს და მათ ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.

რუსეთის მოთხოვნა იყო, რომ კიევს მარიუპოლი რუსეთისთვის „ჩაებარებინა“ დრო ორშაბათს დილის 5 საათზე ამოიწურა.

რუსეთის ფედერაციას, მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისკენ დღეს, უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა მოუწოდა. ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთი ქალაქში არ უშვებს არც ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ჩვენი სამხედროები გმირულად იცავენ მარიუპოლს. ჩვენ არ მივიღეთ ულტიმატუმი,“- ამბობს ვერეშცუკი.

მარიუპოლის აღება რუსეთის ძალებს ყირიმის ნახევაკუნძულთან სახმელეთო დერეფნის დაცვისთვის სჭირდებათ, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში მის ქმედებებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, დასავლეთში კი ამბობენ, რომ ეს არაპროვოცირებული ომია.

რუსეთს მარიუპოლზე იერიში სხვადასხვა ტიპის იარაღით მიაქვს. მათ შორის რუსი სამხედროები ტანკებით უტევენ საცხოვრებელ სახლებს, ამას გარდა სისტემატიურად ხორციელდება საჰაერო იერიშები. დაბომბილია საავადმყოფოები და თავშესაფრები სადაც მოხუცები და ბავშვები აფარებდნენ თავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG