ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვეჯაჯივამ პარლამენტის დაშლაზე თანხმობა განაცხადა


ვეჯაჯივამ პარლამენტის დაშლაზე თანხმობა განაცხადა
ვეჯაჯივამ პარლამენტის დაშლაზე თანხმობა განაცხადა
<!-- IMAGE -->

ტაილანდში ანტი-სამთავრობო დემონსტრანტები დაღლილობას მასაჟითა და მუსიკით უმკლავდებიან
ტაილანდში წითელმაისურებიანი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მთავრობასთან შემრიგებლური მოლაპარაკებების მიუხედავად ისინი ჯერ-ჯერობით არ აპირებენ ტაილანდის დედაქალაქის ბანგკოკის ცენტრალური ნაწილიდან გასვლას. აღსანიშნავია, რომ ისინი ბანგკოკში უკვე რვა კვირის მანძილზე იმყოფებიან.
ტაილანდში წვიმების სეზონი იწყება და ჰაერის ტენიანობამ საგრძნობლად იმატა. წითელმაისურებიანი დემონსტრანტები ლერწამის ჭილობებზე ტილოს ფარდულის ქვეშ ისვენებენ. ბევრი ბანგკოკის ცენტრში თითქმის ორი თვის მანძილზე იმყოფება და მათ შორის დაღლილობა ადვილად შესამჩნევია.
საბურავებისგან და ბამბუკისგან შექმნილი ბარიკადების მიღმა ოპოზიციონერებმა კარვების ქალაქი შექმნეს რათა ღარიბი წითელმაისურებიანების უმრავლესობა თავიანთ სოფლებში არ დაბრუნებულიყო.
ვასანა კაშიტა ერთ-ერთი წითელმაისურიანი დემონსტრანტია, რომელიც კარვების ქალაქში ცხოვრობს. ბანგკოკის თანამედროვე მეტროს ქვეშ იგი გამვლელებს მასაჟს სთავაზობს.
მისი თქმით, მასაჟებისგან მიღებული დღიური შემოსავალი ექვსიდან ცხრა დოლარამდე მერყეობს. კარვების ქალაქთან ახლოს მდებარე ბანგკოკის ლუმპინის პარკში მას, როგორც წესი, უფრო მეტი შემოსავლის მიღება შეუძლია, მაგრამ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების გამო კომერციული საქმიანობა იქ თითქმის მთლიანად გაჩერებულია.
მიუხედავად ამისა მას კვლავინდებურად სჯერა, რომ წითელმაისურებიანების პოლიტიკური მოთხოვნები სამართლიანია, მაგრამ მას საკუთარი სოფელი ენატრება.
წითელმაისურებიანების მოძრაობა ძირითადად სოფლების ღარიბი მოსახლეობისგან ან ქალაქში მცხოვრები ღარიბი მუშებისგან შედგება. ისინი ბანგკოკში საპროტესტო დემონსტრაციებს მარტის შუა რიცხვებიდან მართავენ. ანტი-სამთავრობო დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება. წითელმაისურებიანების უმრავლესობა ყოფილი პრემიერ მინისტრის თაკსინ შინავატრას მომხრეები არიან. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ტაილანდში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შინავატრა ძალაუფლებას ჩამოშორდა.
წითელმაისურებიანების მოძრაობის წარმომადგენლები დათანხმდნენ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ შემრიგებლურ ინიციატივაში მონაწილეობაზე. ხსენებული ინიციატივა ნოემბერში არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. მაგრამ ანტი-სამთავრობო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ისინი კარვების ქალაქს დაშლიან მხოლოდ მაშინ, როცა შემრიგებლური ინიციატივის საბოლოო დეტალები მათთვის ცნობილი გახდება.
ანტი-სამთავრობო დემონსტრანტები ამჟამად ბანგკოკის კომერციულ ცენტრში მთავარი გზატკეცილის ოთხ კილომეტრს იკავებენ. ირგვლივ განლაგებულია ფეშენებელური სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და ასობით სხვა კომერციული ფირმები.
მაგრამ სავაჭრო ცენტრების უმრავლესობა დაკეტილია შესაძლო ძალადობის აქტების გამო. მათ სანაცვლოდ ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავაჭრო დახლების რიგი შეიქმნა.
ერთ დახლზე დემონსტრანტების დაკარგული გასაღები და საფულეები აწყვია. მეორე დახლის მესაკუთრე კი პოლიტიკური გამოსვლებისა და ტაილანდური ბოქსის ვიდეო ჩანაწერებს ყიდის.
პეტ ტანგსაკულტიანჩაი ანტი-სამთავრობო დემონსტრანტების ბანაკის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას ხელმძღვანელობს. მისი თქმით დემონსტრაციების ორგანიზატორები წითელმაისურებიანებს უფასო სურსათს, სასმელს წყალს, საპირფარეშოებსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ.
მისი თქმით, მისთვის უცნობია ხსენებული ლოგისტიკური დახმარების რა რაოდენობას აფინანსებს თაკსინ შინავატრა, რომელიც წითელმაისურებიანების მოძრაობის მთავარ მამოძრავებელ ძალად ითვლება. იგი ამტკიცებს, რომ ფულადი დახმარების ლომის წილი კერძო დონორებისგან მოდის.
მისი თქმით, დაღლილობის თავიდან აცილების მიზნით დემონსტრანტების უმრავლესობა წითელმაისურებიანების ბანაკში ავტობუსებით მოჰყავთ. ტაილანდის სხვადასხვა პროვინციებიდან ჩამოსული დემონსტრანტები კუთხური მიხედვით შექმნილ კარვებში ისვენებენ, სადაც ისინი აგრეთვე საველე სამზარეულოებში მომზადებულ უფასო კერძებს მიირთმევენ.
გასული ორი კვირის მანძილზე ანტი-სამთავრობო დემონსტრანტების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. წითემლმაისურებიანების ბანაკის მოსახლეობა მხოლოდ რამდენიმე ათასს შეადგენს ამჟამად, მაშინ როცა ადრე იქ ათ ათასზე მეტი დემონსტრანტი იყო თავმოყრილი. დემონსტრანტების რიცხვის შემცირება დაღლილობით არის განპირობებული. დაღლილი დემონსტრანტების ერთი ნაწილი ოჯახებსა და სამსახურს დაუბრუნდნენ. სხვები ცოტა ხნის წინ ბანაკის დაშლის მიზნით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამო შეშინდნენ. ამას გარდა ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ძალადობის შედეგად 27 დემონსტრანტი და ჯარისკაცი დაიღუპა, რასაც მოსახლეობაში წითელმაისურებიანების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემცირება მოჰყვა.
დაღლილობისა და მოწყენილობის თავიდან აცილების მიზნით დემონსტრანტები ბანაკში ტაილანდურ პოპ მუსიკას უსმენენ, მაგრამ ცეკვა არავის სურს.
ბუნჯუა საენდი ტაილანდის ჩრდილოაღმოსავლეთ რეგიონიდან ჩამოსული ფერმერია. მისი თქმით ის, რომ ბანაკში ყველაფერი უფასოა იმას ნიშნავს, რომ იგი არ განიცდის ფინანსურ ზეწოლას და შედეგად მას მშობლიურ სოფელში დაბრუნება არ ეჩქარება.
მთავრობის მომხრე ყვითელმაისურებიანი აქტივისტები აცხადებენ, რომ წითელმაისურებიანების მოძრაობის ლიდერები დემონსტრანტებს ფულს უხდიან. ანტი-სამთავრობო აქტივისტები კი ამ ბრალდებებს გამუდმებით უარყოფენ.


XS
SM
MD
LG