ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ პალესტინის სამშვიდობო პროცესი


ისრაელ პალესტინის სამშვიდობო პროცესი
<!-- IMAGE -->

ისრაელსა და პალესტინელებს შორის ტერიტორიების გაცვლასთან დაკავშირებული გარიგება ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთ შესაძლო ელემენტს წარმოადგენს. ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველი კოალიციის მემარჯვენე წევრები გამოვიდნენ წინადადებით, რომლის თანახმადაც ამჟამად ისრაელში განლაგებული არაბული დასახლებები გადაეცემა პალესტინურ ავტონომიას და ამის სანაცვლოდ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლებები ისრაელს შეუერთდება. უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიების ამგვარი გაცვლა არც ისრაელსა და არც პალესტინურ ავტონომიაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.
რამეზ ჯაბარინისთვის მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე პალესტინურ ავტონომიასთან გაერთიანების იდეა მომხიბვლელად ჟღერს. იგი ისრაელში მდებარე არაბულ ქალაქ უმ-ალ-ფაჰმში მამამისის საკონდიტრო ქარხანაში მუშაობს.
რამეზი ებრაულად თავისუფლად ლაპარაკობს. მას ეშინია, რომ ისრაელის მიერ საზღვრის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი იქნება. მისი თქმით:
„მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ პირებს იორდანიაში გადასვლა არ შეუძლიათ. მათ ისრაელშიც შესვლა ეკრძალებათ. იმ შემთხვევაში თუ უმ-ალ-ფაჰმი დასავლეთ სანაპიროს ნაწილი გახდება, ჩვენ სულ სხვა მდგომარეობაში ავღმოჩნდებით. ეს სულ სხვა რეალობა იქნება, რომელიც ალბათ უზარმაზარ საპატიმროში ცხოვრებას დაემსგავსება.“
რამეზ ჯაბარინი ისრაელის ერთ მილიონზე მეტი არაბული წარმოშობის მოქალაქეებს ეკუთვნის.
ისრაელისგან გათიშვა და ბლოკ პოსტების დაწესება რამეზ ჯაბარინის კომერციულ საქმიანობასა და ზოგადად არაბთა მცირე ბიზნესებს უდავოდ ზიანს მიაყენებს. საკონდიტრო ნაწარმის გაყიდვა გართულდება რადგან მისი კლიენტების უმრავლესობა ისრაელის ებრაელი მოქალაქეები არიან.
ამას გარდა პალესტინურ ავტონომიასთან შერწყმა ისრაელის ტერიტორიაზე არაბების გავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს. აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდე არაბების რაოდენობა ისრაელის დღევანდელ ტერიტორიაზე ებრაულ მოსახლეობას ორჯერ აღემატებოდა. ზოგიერთი პალესტინელი დღემდე დაკარგული ტერიტორიის მთლიანად დაბრუნებას ლამობს.
ისრაელის მემარჯვენე პოლიტიკოსები კი ტერიტორიების გაცვლას ითხოვენ რადგა მათ ეშინიათ, რომ არაბები, რომლებსაც შობადობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებთ, ერთ დღეს ებრაულ მოსახლეობას გაუსწრებენ.
ტერიტორიების გაცვლის გარიგების თანახმად ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ზოგიერთ ებრაულ დასახლებებს შეიერთებს და დანარჩენს კი მიატოვებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ტერიტორიების გაცვლის იდეას დიდი ხანია მხარს უჭერს. მისი თქმით, ამ გარიგების განხორციელებისთვის იგი მზად არის დატოვოს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაულ დასახლება ნოკდიმში განლაგებული საკუთარი სახლი.
ქალაქ ნოკდიმის მოსახლეობას, იციკ კოენის ჩათვლით, არ სურს საკუთარი სახლების დატოვება. მისი თქით:
„ეს ადგილი ჩვენ გვეკუთვნის. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გარიგება წარმატებით არ დამთავრდება. პირიქით, ამ გარიგების შედეგად მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს კიდეც. ამდენად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ აქედან წასვლა არ მოგვიხდება.“
არაბული წარმოშობის ისრაელის მოქალაქეების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ისინი ისრაელში დისკრიმინაციას განიცხიდან, მაგრამ ამის მიუხედავად მათ ურჩევნიათ ებრაული ხელისუფლების დაქვემდებარებაში დარჩენა რადგან ეს მათ ქვეყნის მძლავრი ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა უპირატესობების გამოყენების უფლებას აძლევს.
ჯაბარინის საკონდიტრო ქარხნის მფლობელი მაჰმუდ ჯაბარინი აღნიშნავს, რომ მისთვის სულ ერთია განხორციელდება ტერიტორიების გაცვლის გარიგება თუ არა. მას ისრაელის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ იგი საკუთარ თავს პალესტინელად თვლის, რომელიც პალესტინურ მიწა-წყალზე ცხოვრობს. მაჰმუდ ჯაბარინი დასძენს:
„თუ ებრაელები ყურს დამიგდებდნენ, მე მათ ვეტყოდი, რომ ისინი პალესტინურ მიწას პალესტინურ მიწაზე ცვლიან.“
აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ჩართული დიპლომატებისთვის საზღვრების დემარკაციის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე განხილვის საგანს წარმოადგენს. სწორი ხაზი კონფლიქტსა და მშვიდობას შორის უმოკლესი მანძილი როდია.





XS
SM
MD
LG