ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბირთვული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია"


"ბირთვული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია"
"ბირთვული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია"

<!-- IMAGE -->


როგორც ცნობილია, 3 მაისიდან 28 მაისამდე გაეროს ეგიდით ნიუ იორკში გაიმართება ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია. რა ამოცანების მიღწევას ცდილობს ობამას ადმინისტრაცია ამ კონფერენციაზე?

სწორედ ამ თემას მიეძღვნა ვაშინგტონში მდებარე ამერიკული პროგრესის ცენტრში გუშინ გამართული ერთდღიანი კონფერენცია სათაურით „ბირთვული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია.“
კონფერენცია გახსნა ამერიკული პროგრესის ცენტრის დირექტორმა და ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა ჯონ პოდესტამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ცივი ომის დასასრულიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ ბირთვული თავდასხმის საშიშროება კვლავინდებურად საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:
„ახალ ბირთვულ რეალობასთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციამ ყოვლისმომცველი მიდგომა ირჩია, რადგან ბირთვული შეიარაღება და ბირთვული მასალები კვლავინდებურად საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიო თანამეგობრობას. მხოლოდ მიმდინარე თვის მანძილზე ჩატარებული ღონისძიებებით რომ ვიმსჯელოთ, ობამას ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ შთამბეჭდავია.“

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პენსილვანიის შტატის დემოკრატი სენატორი რობერტ კეისი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია. თავის გამოსვლაში სენატორმა კეისიმ ყურადღება დაუთმო ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ პრაღაში ხელმოწერილ სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების ხელშეკრულებასა და ამ დოკუმენტის მნიშვნელობას შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით:
„პრეზიდენტმა ობამამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ პარადოქსულად უფრო დაუცველები ვართ ტერორისტების ბირთვული თავდასხმისაგან ვიდრე ცივი ომის დროს. ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ცენტრალური თემა იყო ის, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ რათა ტერორისტებს ხელში არ ჩაუვარდეს ბირთვული მასალა. ამ ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიების შედეგად სხვა სახელმწიფოები უფრო სერიოზულად მიუდგებიან ბირთვული უსაფრთხოების საკითხს, რასაც იმედია მოჰყვება შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა რათა მიღწეულ იქნას პრეზიდენტ ობამას მთავარი ამოცანა, რომელიც ოთხ წელიწადში მსოფლიოში ბირთვული საწვავის უსაფრთხოდ შენახვას ითვალისწინებს.“

სენატორ კეისის თქმით, ბირთვული საფრთხე შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ გამოწვევის ეფექტური განეიტრალების მიზნით კი საჭიროა გაუვრცელებლობისა და შეიარაღებათა შემცირების სფეროში შეერთებული შტატების რეპუტაციის აღდგენა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება. ამ მხრივ სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების ახალი ხელშეკრულების მიღწევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების ახალი ხელშეკრულება ანსახიერებს ბირთვული შეიარაღებისა და ბირთვული მასალის საფრთხის შემცირების საქმეში შეერთებული შტატების განახლებული პასუხისმგებლობის მაგალითს,“ აღინშნა სენატორმა კეისიმ.
მისი თქმით ახალი ხელშეკრულება შეერთებული შტატების უსაფრთხოებას აძლიერებს რადგან იგი ამერიკა-რუსეთის ბირთვულ ურთიერთობებში გამჭვირვალეობის, ნდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ამას გარდა სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების ახალი ხელშეკრულება ადასტურებს იმას, რომ შეერთებული შტატები პირნათლად ასრულებს ატომური იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულების პირობებს. სენატორ კეისის განცხადებით ახალი ხელშეკრულება აგრეთვე მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ შეერთებულმა შტატებმა გაუვრცელებლობის სფეროში ლიდერის სტატუსი დაიბრუნა.
სენატორ კეისის გამოსვლის შემდეგ პოდიუმი დაეთმო ექსპერტთა დისკუსიას, რომელსაც გაუძღვა ამერიკული პროგრესის ცენტრის უფროსი ვიცე პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რუდი დელეონი. დისკუსიაში მონაწილოებდნენ ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სტივენ პაიფერი და ამერიკული პროგრესის ცენტრის ანალიტიკოსი ლოურენს კორბი. სტივენ პაიფერმა ამგვარად დაახასიათა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები:
„უდავოა, რომ ამჟამად ორმხრივი ურთიერთობები ბევრად უფრო კარგ ფორმაშია ვიდრე ეს 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში შეინიშნებოდა, როცა, ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ორმხრივ ურთიერთობებში დაფიქსირებული იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა. როცა მაშინდელ მდგომარეობას დავუკვირდებით და შევაფასებთ ვაშინგტონის მოქმედებას მოსკოვზე ზეწოლის თვალსაზრისით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, ჩვენ ნათლად დავინახავთ, რომ შეერთებულ შტატებს უბრალოდ არ გააჩნდა გავლენის ეფექტური ბერკეტები. ობამას ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულება შეცვალა როცა ერთი წლის წინ რუსეთთან ‘გადატვირთვის’ პოლიტიკა აამუშავა. მართალია გასულ სექტემბერს ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის კონფიგურაციის შეცვლა გამოწვეული იყო ირანიდან სარაკეტო საფრთხის ახლებური შეფასებით, ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ალბათ იმასაც ფიქრობდნენ, რომ ეს რუსეთის მიმართ დადებით ნაბიჯს წარმოადგენდა. ამ ზომების მიღება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში ინვესტიციებს წარმოადგენს ანუ ზოგადად ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ რუსეთი ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგალითად, ირანსა და ავღანეთზე, უფრო სასურველ პოზიციებს დაიკავებს.“

კონფერენციის დასასრულს წინასწარ მომზადებული შენიშვნებით გამოვიდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეიარაღებათა კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ქალბატონი ელენ ტაუშერი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმაზე თუ რას ელის ობამას ადმინისტრაცია მაისში ნიუ იორკში გაეროს ეგიდით დაგეგმილი ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციისგან.



XS
SM
MD
LG