ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში პოლიტიკური ციებცხელება იწყება


პოლონეთში პოლიტიკური ციებცხელება იწყება
პოლონეთში პოლიტიკური ციებცხელება იწყება
<!-- IMAGE -->

პოლონეთი დაღუპულ პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის, მის მეუღლესა და ქვეყნის 94 სხვა გამოჩენილ სამხედრო და სამოქალაქო პირს გლოვობს. ისინი გასულ შაბათს დასავლეთ რუსეთში საჰაერო კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. მაგრამ როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი სონია პეისი ვარშავიდან იუწყება დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადების ფონზე ხშირად გაისმის კითხვები მთავრობის ახალ შემადგენლობასა და მოახლოვებული არჩევნების თაობაზე.

ვარშავაში არავის სურს ლაპარაკი პოლიტიკაზე. ათასობით პოლონელი - სახელმწიფო მინისტრებით დაწყებული და რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული - დაღუპულ პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკისა და მის მეუღლეს მარიას პატივს მიაგებს.

გასულ შაბათს მომხდარი უბედური შემთხვევის გახილვისას პოლონეთში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები როგორიც არის ტრაგედია და კატასტროფა.
ამდენად გასაკვირი არ იყო ის, რომ პარლამენტის სპიკერსა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბრონისლავ კომოროვსკის არ ეჩქარება ახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება.

ბატონმა კომოროვსკიმ აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის წარმოიქმნა კონსენსუსი, რომლის თანახმადაც ახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება 21 აპრილამდე გადაიდო ქვეყანაში ოფიციალური გლოვის პერიოდის გამო.
პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა პარლამენტის სპიკერი, ბატონი კომაროვსკი. მაგრამ მმართველი სამოქალაქო პლატფორმის პარტიამ იგი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. სმოლენსკის მახლობლად მომხდარ ტრაგედიამდე იგი ბატონი კაჩინსკის მთავარი პოლიტიკური მეტოქე იყო. ტრაგედიულ დაღუპვამდე კაჩინსკი ოპოზიციური კანონიერებისა და სამართლიანობის პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა პრეზიდენტობის ახალი ვადის მოსაპოვებლად.

ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ივნისის დასასრულამდე უნდა გაიმართოს. ვარშავაში მდებარე სივიტას კოლეჯის პოლიტიკური დამკვირებელი ედმუნდ ვნუკ-ლიპინსკი აღნიშნავს, რომ ტრაგედიის შემდეგ შექმნილმა გარემოებებმა ბატონი კომაროვსკი რთულ მდგომარეობაში დააყენა. მისი თქმით:
„რაც არ უნდა გააკეთოს, მას პოლიტიკური თვალსაზრისით შეაფასებენ და მისი კანდიდატურის შესახებ იმსჯელებენ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობასთან შესაბამისობის კონტექსტში. ამდენად მას დიდი სიფრთხილე მართებს.“

გავრცელებული ცნობების თანახმად ყოფილი პრემიერ მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი, დაღუპული პრეზიდენტის ტყუპისცალი ძმა, შეიძლება ჩაერთოს საპრეზიდენტო არჩევნებში ძმის მაგივრად. აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებმა 2005 წელს ლეხ კაჩინსკი პრეზიდენტად აირჩიეს ხოლო მისი ძმა იაროსლავი პრემიერ მინისტრის თანამდებობას 2005 წლიდან 2007 წლამდე იკავებდა.
პოლონეთში ტყუპისცალი ძმების მმართველობა პოლიტიკური თვალსაზრისით გამყოფი იყო. მომხრეების აზრით ძმების მართვის სტილი კონსერვატიულ, ნაციონალისტურ და ტრადიციულ ფასეულობებს ეყრდნობოდა, მაშინ როცა კრიტიკოსები მათ ქსენოფობიაში ადანაშაულებდნენ.
პოლონეთის საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორს იაცეკ კუხარჩეკს მიაჩნია, რომ იაროსლავ კაჩინსკის საპრეზიდენტო კადიდატურა გამორიცხული არ არის. მისი თქმით:
„ის რაც ჩვენთვის არის ცნობილი ეს არის ის, რომ ავიაკატასტროფამდე იაროსლავ კაჩინსკის რეალურ კადიდატად არავინ ახსენებდა. ამას გარდა ხალხი ეჭვებს გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მისაღები კანდიდატი იყო თვით ლეხ კაჩინსკის კანონიერებისა და სამართლიანობის პარტიისთვის. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებდა, რომ მისი პოპულარობა დაბალი იყო, მაგრამ იაროსლავ კაჩინსკის პოპულარობის დონე იმაზე უფრო დაბალი იყო. ახლა ჩვენ არ ვიცით თუ როგორ შეიცვლება მდგომარეობა ამომრჩევლებს შორის ტრაგედიით გამოწვეული სიმპატიების გამო.“

ანალიტიკოსების აზრით პოლონეთის დემოკრატიულმა სახელმწიფო დაწესებულებებმა კრიზისი გადაიტანეს. ქვეყანაში ძალაუფლების ვაკუუმი არ წამოქმნილა და პოლონელებმა სახალხო გლოვის ფონზე ეროვნული ერთიანობა გამოაჩინეს.



XS
SM
MD
LG