ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ენერგეტიკის პრობლემებზე საუბრობენ


აშშ-ში ენერგეტიკის პრობლემებზე საუბრობენ
აშშ-ში ენერგეტიკის პრობლემებზე საუბრობენ

<!-- IMAGE -->

გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ იგი შეერთებული შტატების ატლანტის ოკეანეს სანაპიროს გასწვრივ და მექსიკის ყურეში ნაპირიდან დაშორებული ანუ ოფშორული ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების ათვისებას აპირებს. პრეზიდენტის მემარცხენე მხარდამჭერები და გარემოს დაცვის ჯგუფების ერთი ნაწილი ამ ინიციატივის კრიტიკით გამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ თვით ენერგეტიკის სფეროში კერძო კომპანიები ამ ინიციატივას გულგრილად შეხვდნენ რადგან მათ იციან, რომ ობამას ადმინისტრაცია მათთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებასა და ეგრედწოდებული ალტერნატიული საწვავის ათვისების დაფინანსებას აპირებს.

პრეზიდენტი ობამა ოფშორული საბადოების ათვისებას ამართლებს იმით, რომ ამ ზომების მიღება ნავთობის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულებას შეამცირებს. მაგრამ მან აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნავთობსა და სხვა ნახშირწყალბადებზე დამოკიდებულებას უნდა დააღწიოს თავი რადგან ეს ბუნებრივი რესურსები მალე ამოიწურება და ამას გარდა მათი გამოყენება ჰაერის დაბინძურებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა:

„ჩვენ მსოფლიოს ნავთობის მარაგის მხოლოდ ორ პროცენტს ვფლობთ, მაგრამ 20 პროცენტზე მეტს მოვიხმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი საბადოების ათვისება ენერგეტიკის სფეროში ჩვენ გრძელვადიან მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ამდენად ჩვენი პლანეტის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკულ სფეროში სრული დამოუკიდებლობიდან გამომდინარე ჩვენ უნდა დავიწყოთ გადასვლა უფრო ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენებაზე.“

-ციტატის დასასრული-

მაგრამ პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებს მსოფლიოს ნავთობის მარაგის მხოლოდ ორი პროცენტი გააჩნია ენერგეტიკულ სექტორში ზოგს საეჭვოდ მიაჩნია. ექსპერტთა ეს ჯგუფი აღნიშნავს, რომ ხსენებული მაჩვენებელი ძველ მონაცემებს ეყრდნობა და არ ასახავს იმ პოტენციალურ საბადოებს რომლებიც სანაპიროს გასწვრივ არის განლაგებული და დღემდე ბოლომდე გამოკვლეული არ არის. ჯონ ჰოფმაისტერი კომპანია „შელ ოილის“ ყოფილი პრეზიდენტი და კერძო ორგანიზაცია „მოქალაქეები ხელმისაწვდომი ენერგიისთვის“ ხელმძღვანელია. ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დადებითად შეაფასა პრეზიდენტ ობამას გეგმის გარკვეული ელემენტები. მაგრამ მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მართალია ატლანტის სანაპიროს გასწვრივ და მექსიკის ყურეში განლაგებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების ათვისება ახლო მომავალში ნავთობისა და გაზის წარმოებას გაზრდის, ალასკაში განლაგებული საბადოების ათვისებაზე დაწესებული აკრძალვა ხსენებულ ზრდას გააბათილებს.

ჰოფმაისტერი აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის უფრო მეტი საბადო უნდა გახსნას ათვისებისთვის. სხვაგვარად მომავალში ქვეყანა ენერგომატარებლებზე მაღალი ფასებისგან დაზარალდება და ამერიკის დამოკიდებულება უცხოური ნავთობის იმპორტზე კიდევ უფრო გაიზრდება.

პრეზიდენტი ობამა აღიარებს, რომ აუცილებელია ნავთობისა და ბუნებრივი აირის უფრო ყაირათიანი ათვისება რადგან ქვეყანა საწვავის ამ სახეობებზე კვალვინდებურად დამოკიდებულია. მაგრამ ობამა მომავალს განახლებადი ენერგიის წყაროებში ხედავს და ამის ერთი მანიშნებელია ის, რომ სხვა ქვეყნები მნიშვნელოვან სახსრებს აბანდებენ ქარის, მზისა და ბიოსაწვავის ენერგიის ათვისებაში.

ტრადიციურლი ენერგეტიკული კომპანიების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისინიც სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებითა და სახელმწიფო სუბსიდიებით. ისინი აცხადებენ, რომ ერთ დღეს ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა და განახლებადი წყაროები ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი გახდება მთავრობის მნიშვნელოვანი სუბსიდირების გარეშე. ჯონ ჰოფმაისტერიც არ გამორიცხავს ასეთ სცენარის, თუ შემდგომი ათწლეულების მანძილზე ქარისა და მზის ენერგიის ათვისების სფეროში დაფიქსირდა ტექნოლოგიური მიღწევები. მაგრამ ამჟამად მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ობამას გეგმა ოფშორული საბადოების ათვისების შესახებ სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ალექსანდრე მელიქიშვილი. ამერიკის ხმა. ვაშინგტონი.

XS
SM
MD
LG