<!-- IMAGE -->
უცხოური პრესის მიმოხილვა ეთმობა აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის პარტიის თავჯდომარისა და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ბლოკის ერთ-ერთი დამაარსებლის ალი კარიმლის სტატიას სათაურით „აზერბაიჯანში დემოკრატიის მომხრე ხმებს ყურადღებისთვის ბრძოლა უხდებათ," რომელიც გაზეთ „ვოშინგტონ პოსტის" 2 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„ბევრი ამერიკელისთვის ჩემი ქვეყანა, აზერბაიჯანი, ცნობილია ნავთობის საბადოებითა ან მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთთან კონფლიქტით. თქვენს გაზეთში 5 მარტს გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ოჯახი, რომელიც აზერბაიჯანს მართავს, როგორც ირკვევა, დუბაიში 75 მილიონი დოლარის ღირებულების ფეშენებელურ ვილებს ფლობს. აზერბაიჯანში არავის გაუკვირდება, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახი ინვესტიციებს საზღვარგარეთ აბანდებს. სხვას რას უნდა ველოდოთ ლიდერისგან, რომელმაც ძალაუფლება მამამისისგან მემკვიდრეობით მიიღო გაყალბებული არჩევნების მეოხებით?
შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ნოემბერშია დაგეგმილი. დემოკრატიული ოპოზიცია კიდევ ერთხელ ემზადება მმართველი რეჟიმის გამოწვევისთვის. მართალია წინა წლებთან შედარებით მთავრობის მოქმედება არაფრით განსხვავდება, ჩვენ გადავწყვიტეთ მივიღოთ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში რადგან ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ჩვენი იდეალების დაცვის ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს.
ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა საკმაოდ მარტივია: ჩვენ გვსურს ჭეშმარიტი დემოკრატიის დაარსება ჩვენს ქვეყანაში. აზერბაიჯანს მარჯვე მოსახლეობა ჰყავს და ჩვენ აუცილებლად უნდა შევამციროთ ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ნავთობზე. ჩვენ უნდა აღმოვფხრათ ის ეკონომიკური მონოპოლიები რომლებსაც კორუმპირებული ოფიციალური პირები აკონტროლებენ. ჩვენი მიზანია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შექმნა. ჩვენ გვსურს აზერბაიჯანის სრული ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკური ერების თანამეგობრობაში რათა ამით ერთხელ და სამუდამოდ გაბათილდეს აზერბაიჯანის სტატუსი როგორც ავტოკრატიული რუსეთის მორჩილი სატელიტისა.
თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლის პარალელურად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ერის მიმართ სათანადო ნაბიჯები გადადგას. დიდი ხნის მანძილზე ორმხრივი ურთიერთობები ენერგეტიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების სფეროებში არსებულ თანამშრომლობას ეყრდნობოდა. სამწუხაროდ ბევრი აზერბაიჯანელისთვის შეერთებული შტატების პოლიტიკა ძირითადად ეფუძნება ინტერესებს ენერგეტიკის სფეროსა და ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ომს. ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება თითქოს დემოკრატია მეორე ხარისხოვან ადგილს იკავებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ობამას ადმინისტრაცია აზერბაიჯანის ლიდერს ნათლად განუმარტავს, რომ დემოკრატიული რეფორმებსა და ადამიანის უფლებებს ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობებში პრიორიტეტული ადგილი უკავია.
ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში შეძენილი გამოცდილებიდან ამერიკელმა პოლიტიკოსებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ავტორიტარული, კორუმპირებული რეჟიმები სანდო მოკავშირეები როდი არიან. ამ სახელმწიფოების ეგრედწოდებული 'სტაბილურობა' ხომ მოსახლეობის თანხმობას არ ეფუძნება. აზერბაიჯანის დემოკრატიულ ოპოზიციას არ სურს შეერთებული შტატების ჩარევა ან ფინანსური დახმარება. ჩვენ ამერიკის მორალური მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ამერიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ის საკუთარ ფასეულობებს იცავს."