პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იგი ოფშორული ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების ათვისებას აპირებს. ამით ქვეყნის ატლანტის ოკეანეს სანაპიროს გასწვრივ ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების ათვისებაზე 20 წლის მანძილზე დაწესებული აკრძალვა ფაქტობრივად გაუქმდება. პრეზიდენტმა ხსენებული ინიციატივის განხორციელების აუცილებლობა ახსნა იმით, რომ ის უცხოურ ნავთობზე ამერიკის დამოკიდებულების შემცირების ფართო სტრატეგიის ნაწილია. ხსენებული სტრატეგია ქვეყნის შიგნით არსებული საწვავი მასალების მაქსიმალურ ათვისებასა და სუფთა ენერგიის გავრცელებას ითვალისწინებს. მაგრამ გარემოს დაცვის აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ოფშორული საბადოების ათვისების ინიციატივა ენერგეტიკის სფეროში შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ამით პრეზიდენტი უგულვებელყოფს საკუთარი პოლიტიკური კამპანიის დაპირებას მწვანე ანუ ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკის შესახებ.
შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოების ათვისების გეგმა ამერიკის ენერგეტიკის სფეროში შეერთებული შტატების პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს.
პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს მისთვის ადვილი გადაწყვეტილება როდი იყო.
„მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ენერგომატარებლებზე ჩვენი მოთხოვნიდან გამომდინარე და ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ჩვენი ფირმების კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, ჩვენ საწვავის ტრადიციული ფორმების ათვისება უნდა დავაჩქაროთ და ამის პარალელურად ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება უნდა დავიწყოთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
მაგრამ გარემოს დაცვის აქტივისტები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილების თავიდან აცილების მიზნით გამიზნულ მცდელობებს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
ანა აურილიო გარემოს დაცვის ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელია. მისი თქმით, პრეზიდენტის გეგმა ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულაბს გაზრდის და გლობალურ დათბობას შეუწყობს ხელს. ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს:
„ჩემთვის გაუგებარია თუ როგორ შიეძლება შემცირდეს ნავთობზე ჩვენი დამოკიდებულება როცა პრეზიდენტმა ახალი საბადოების ათვისების ბრძანება გასცა. შეერთებულ შტატებს ხომ უბრალოდ საკმარისი რაოდენობის ნავთობი არ გააჩნია. თუ ჩვენ ყველა ოფშორული საბადოდან ნავთობს ამოვიღებთ, ეს მაინც ჩვენს მიერ მოხმარებული ნავთობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იქნება და ამას გარდა ხსენებული საბადოების ათვისება დიდ ხანს დაიკავებს.“
პრეზიდენტის გეგმის თანახმად ნაპირიდან დაშორებული ნავთობისა და ბუნებრივი არისი საბადოების ათვისება შეერთებული შტატების სანაპიროდან 80 კილომეტრის დაშორებით დაიწყება, ვირჯინიის შტატიდან დაწყებული სამხრეთის ფლორიდის შტატით დამთავრებული. ამას გარდა გათვალისწინებულია მექსიკის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი საბადოების მოძიება და ათვისება.
ნავთობის კომპანიები პრეზიდენტის გეგმას მიესალმებიან. პრეზიდენტი კი იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივით იგი ოპოზიციურად განწყობილი რესპუბლიკელების მხარდაჭერას მოიპოვებს.