ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამოქალაქო ბირთვულ სფეროში პაკისტანს აშშ-ი არ დაეხმარება


პაკისტანის მთავრობის თხოვნაზე სამოქალაქო ბირთვულ სფეროში დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა

შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის უმაღლესი დონის პირველი სტრატეგიული დიალოგის დროს გაირკვა, რომ ისლამაბადს ბირთვულ სფეროში თანამშრომლობა სურს.

სტრატეგიული დიალოგის მთავარი მიზანი იყო მხარეებს შორის ნდობის დეფიციტის დაძლევა. პაკისტანი კვლავინდებურად ეჭვობს, რომ შეერთებული შტატები პაკისტანს პარტნიორ სახელმწიფოდ მოიაზრებს მხოლოდ იმის გამო, რომ მას თალიბ მეამბოხეთა და ალ ყაიდის განადგურება სურს.

შეერთებული შტატების მმართველ წრეებში კი გავრცელებულია შეხედულება, რომ პაკისტანის მთავრობის დამოკიდებულება ანტი-ტერორისტული საქმიანობის მიმართ საეჭვოა.

შეერთებული შტატების არმიის ომის კოლეჯის პროფესორს ლერი გუდსონს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დროის განმავლობაში შეიცვლება.

კონგრესის კვლევითი სამსახურის სამხრეთ აზიის საკითხების ექსპერტი ალან კრონშტადტი აღნიშნავს, რომ ამერიკა-პაკისტანის სტრატეგიული დიალოგის შედეგად ორმხრივ ურთიერთობაში ახალი ტონალობა შეინიშნება. ამასთან დაკავშირებით კრონშტადტი აღნიშნავს:

„რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ეს არის ის, რომ უკვე ერთ წელიწადზე მეტი გავიდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ოაბამას ადმინისტრაცია პაკისტანის მიმართ ახლებურ მიდგომას იყენებს და შედეგად სახეზეა გარკვეული მიღწევებიც. აქ მთავარი მიზანია ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერება, რომელიც დროის განმავლობაში ორმხრივ ნდობაშიც გადაიზრდება."

უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონში გამართული შეხვედრები დიალოგისა და არა მოლაპარაკებების ფორმატში გაიმართა. ლერი გუდსონი აღნიშნავს, რომ პაკისტანის მხარეს ეგონა, რომ თალიბთა მოძრაობის რამდენიმე ლიდერის დაკავება ისევე როგორც პაკისტანის სამხედრო ძალების იერიში მეამოხეთა ბაზებზე ავღანეთის საზღვის გაყოლებით, ისლამაბადს ვაშინგტონისგან გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების უფლებას აძლევდა. მისი თქმით:

„თალიბთა მოძრაობის ლიდერების დაკავების მიზეზის მიუხედავად, ცხადია, რომ პაკისტანის მთავრობა ამ ფაქტს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული დიალოგის გაძლიერების მიზნით ანდა თვით სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საკუთარი საგარიგებო პოზიციის გასამაგრებლად იყენებს."

შეერთებული შტატების მთავრობა პაკისტანს ენერგეტიკის, სასმელი წყლით მომარაგების, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში დახმარების აღმოჩენა დაპირდა. ამას გარდა ვაშინგტონი დააჩქარებს პაკისტანისთვის იმ კომპენსაციის გადახდას, რომელიც ამერიკას პაკისტანში ანტი-ტერორისტული ოპერაციების ჩატარების შემდეგ ჯერ-ჯერობით არ გაუსტუმრებია.

მაგრამ პაკისტანის მთავრობას ძალიან სურს სამოქალაქო ბირთვულ სფეროში შეერთებულ შტატებთან ისეთივე ხელშეკრულების გაფორმება, რაც ინდოეთთან დაიდო. პაკისტანი ელექტროენერგიის მუდმივ დეფიციტს განიცდის. მაგრამ როცა ჟურნალისტებმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, ის მხოლოდ ირიბი პასუხით შემოიფარგლა.

მაგრამ ლერი გუდსონი ფიქრობს, რომ კულისებს მიღმა შეიძლება უფრო არსებითი მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ შედეგი მაინც ინდოეთთან დადებული ხელშეკრულების ტოლფასი როდი იქნება. გუდსონი დასძენს:

„ინდოეთის, პაკისტანისა და შეერთებული შტატების მთავრობების საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ თუ პაკისტანთან ამ სფეროში თანამშრომლობის რაიმე დოკუმენტი გაფორმდა, ის ინდოეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვერ შეედრება. მაგრამ პაკისტანთან ალბათ რაღაც გარიგება მაინც გაფორმდება. ალბათ ეს იქნება გასაიდუმლოებული გარიგება ანდა ურთიერთგაგება, რომელიც ფორმალურად პაკისტანს იმავე დონეზე არ დააყენებს როგორც ინდოეთს, მაგრამ არაფორმალურად, პირადად ან ფარულად ვაშინგტონი პაკისტანს სამოქალაქო ბირთვული საქმიანობის განვითარებაზე მწვანე შუქს მისცემს."

პაკისტანელი ბირთვული მეცნიერის ხანის მიერ ბირთვული ტექნოლოგიების გავრცელების შემდეგ პაკისტანთან სამოქალაქო ბირთვულ სფეროში რაიმე თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი შეერთებულ შტატებში პოლიტიკურად ძალზედ რთული იქნება. ამას გარდა ვენაში მდებარე ბირთვული მომმარაგებლების ჯგუფში - საერთაშორისო ორგანიზაციაში რომელიც ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებული მასალების გლობალურ კონტროლს ახორციელებს - ამ თემის წამოყენება საკმაოდ პრობლემატური იქნება.


XS
SM
MD
LG