ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მთავრობის მკაცრი კრიტიკა


ველური ბუნების მსოფლიო ფონდი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის რუსეთის მთავრობის მოსამზადებელ სამუშაოებს აკრიტიკებს.

რუსეთის სახელმწიფო სამშენებლო კორპორაციის ოლიმპსტროის განცხადებით რუსეთის მთავრობამ გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისას უფრო მეტი ძალ-ღონე უნდა იხმაროს.

როგორც ცნობილია, სწორედ ოლიმპსტროის ეკისრება სასპორტო ობიექტების აშენება სოჭში. კორპორაციამ ახლახან შეიტყო, რომ გარემოს დაბინძურების საშიშროების გამო ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა ოლიმპსტროითან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.


ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა განაცხადა, რომ სოჭის მახლობლად მდებარე ბუნებრივი ნაკრძალის ათასობით ჰექტარს განადგურების საშიშროება ემუქრება იმის გამო, რომ გზების გაყვანა იშვიათი ტყეების გაჩეხვას ითვალისწინებს. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის განცხადებით გარკვეული ეკოლოგიური სისტემები უკვე შეუქცევადად დაზიანდა და ფრინველებისა და დათვების საცხოვრებელი არეალები განადგურდა.

იგორ ჩესტინი მოსკოვში ველური ბუნების მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობის დირექტორია. მისი თქმით:


„ტყის გაჩეხვას უდავოდ ცხოველების სამიგრაციო მარშრუტების შეცვლა მოჰყვება და თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ცვლილება ამის დადგენა შეუძლებელია რადგან არავითარი მონიტორინგი არ ტარდება. ამას გარდა სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ამ მხრივ არავითარი გამოკვლევა არ ჩატარებულა.“

ჩესტინის თქმით ერთ-ერთი დაზიანებული ნაკრძალი არის მდინარე მზიმთას ველი, სადაც ათასობით წიფლის ხე გაიჩეხა საკომუნიკაციო ობიექტის მშენებლობის გამო.
სამი წლის წინ რუსეთმა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ამასთან დაკავშირებით მაშინ რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა:
„სოჭის არჩევანი და ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადება სამხრეთ რუსეთის განვითარებისთვის მძლავრი სტიმული იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოლიმპიურ თამაშებს ჩვენ უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლებთ.“

მაგრამ მას შემდეგ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ სამშენებლო სამუშაოებში ბევრი პრობლემა გამოაშკარავდა. ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ სამშენებლო სამუშაოების გამო ბევრს კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთები უსამართლოდ ჩამოართვეს.
ოლიმპსტროის კორპორაციის წარმომადგენელმა ამერიკის ხმას მოახსენა, რომ არსებული გარემოს დაცვის სტანდარტების შესრულების მხრივ რუსეთის მთავრობას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.
მაგრამ ჰერიტაჯის ფონდის მკვლევარს იევგენი ვოლკს მიაჩნია, რომ გარემოს დაცვა რუსეთის მთავრობისთვის მეორე ხარისხოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ვოლკი აღნიშნავს:


„იმათთვის, ვინც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, უმთავრესი ამოცანაა სასპორტო ობიექტების დროულად ჩაბარება ყველაზე იაფი მეთოდების გამოყენებით. ხოლო მათთვის, ვინც ამ სამშენებლო სამუშაოებს აფინანსებს, პრიორიტეტია დანახარჯების ყველაზე ძვირი შეფასების შედგენა. ამგვარად ამ სისტემაში გარემოს დაცვის საკითხები მეორე პლანზეა მოთავსებული.“

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ეკოლოგიური თვალსაზრისით მწვანე როდი იქნება. მაგრამ ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ რუსეთის მთავრობასა და პარლამენტს კიდევ აქვს დრო რათა ეკოლოგიური ზიანი მინიმუმამდე შეამციროს.



XS
SM
MD
LG