ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში წვიმებს წყალდიდობები მოჰყვა


საქართველოში წვიმებს წყალდიდობები მოჰყვა. ამ დროისთვის მძიმე ვითარებაა შექმნილი სვანეთში, რაჭაში, ქვემო და შიდა ქართლში.

ადიდებულმა მდინარეებმა ლიახვმა და ტორტლამ გორში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დევნილთა ჩასახლებებიც დააზარალა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამწმენდი სამუშაოები, თუმცა, ზოგან ტექნიკის შეყვანა საერთოდ ვერ ხერსდება. დატბორილია დევნილთა კოტეჯებიც.

წყლის დონემ წუხელის, შუაღამის 12 საათის შემდეგ განსაკუთრებით მოიმატა. დევნილებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ გორში, ეგრეთ წოდებულ წმინდა წყლის დასახლებაში მთელი ღამე სტიქიასთან ბრძოლაში გაატარეს. ადიდებულმა მდინარემ გორში ერთ ხიდს ბურჯი მოუნგრია, მეორე, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ხიდი კი საერთოდ წაიღო. ამ დრომდე ვერ ხერხდება გორის ნაწილისთვის გაზისა და ელექროენერგიის მიწოდება.

ეგრეთ წოდებულ კარალეთის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა საკუთარი კოტეჯებისთვის სარდაფები გააკეთეს, რაც ახლა წყლითაა სავსე. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენელი გორში მანანა ჭამპურიძე აცხადებს, რომ თვითონ კოტეჯებში წყალი არ შესულა. თუმცა წყლით აივსო სპეციალური საჰაეროები, რაც ყველა კოტეჯს აქვს დატანებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წყალდოდობის გარეშეც, დევნილები მუდმოვად ნესტს უჩიოდნენ, რადგან კოტეჯები ცაიტნოტის რეჯიმში აშენდა, გამოუშრობი იატაკის ფიცრები ერთმანეთს დასცილდა და ნესტის მუდმივ წყაროდ იქცა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ვითარება მეტ–ნაკლებად დასტაბილურდა. გამწმენდ სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურები აწარმოებენ. რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ასეთი ორგანო, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის განხადებით, გორში ჯერ არ შექმნილა.

მერაბ გოგიძე დევნილია და ახლა კარალეთის დასახლებაში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ბევრ მეზობელს წყალდიდობამ სარდაფებში შენახული საკვები გაუნადგურა.



XS
SM
MD
LG