ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის დელეგაცია ოპოზიციას შეხვდა


ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი მიგელ ანხელ მორატინოსი თბილისში 3 მარტს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. მორატინოსი ვიზიტისას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს წარმოადგენდა.

თავის ესპანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შესახებ შეთანხმება უკვე მზად არის და მას, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს მოეწერება ხელი. მისი თქმით, არსებობს ”მაღალი ალბათობა” იმისა, რომ ასევე გაზაფხულის ბოლოს დაიწყება მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების და ასოცირებული შეთანხმების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ესპანეთი, აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების, თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირებულ შეთახმებებში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული.

ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიგელ ანხელ მორატინოსის ხელმძღვანელობით ევროკავშირის დელეგაციას შეხვდნენ, განაცხადეს, რომ მათ მომავალ ადგილობრივ არჩევნებთან და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე; საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი; მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი; და ასევე დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის წარმომადგენელი.

შეხვედრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მან ღიად გამოხატა პროტესტი ”ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილების” გამო - მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთ-საფრანგეთის შესაძლო გარიგება სადესანტო ხომალდის ”მისტრალის” თაობაზე. ”აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა დაემუქროს ერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას თავისი კომერციული ინტერესების გამო,” - განაცხადა მან.

შეხვედრამდე თარგამაძემ განაცხადა: ”საქართველოს სურს მშვიდობა, მაგრამ არა მშვიდობა ყველაფრის ფასად; და ეს ფასი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცების სახით. ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირმა დაიცვას არა მარტო საქართველოს ინტერესები, არამედ პირველ რიგში, უერთგულოს და იბრძოლოს იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე. ამიტომ, ქვეყნის დეოკუპაცია და აქ მშვიდობის და უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნა - ეს არის არა მარტო საქართველოს სასიცოცხლო ინტერესი, ეს არის ევროპის აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვის წინაპირობა”.

შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: ”ამ არჩევნებში ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი არა იმისთვის, რომ განცხადებები გააკეთოს და კერძო შეხვედრებზე შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და უთხრას, რომ არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული, ჩვენ გვჭირდება რეალური მხარდაჭერა იმისათვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს”.

ირაკლი ალასანიამ, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატია, მედიაზე, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციაზე, ამომრჩეველთა სიებზე და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მომავალი არჩევნები იქნება საქართველოსთვის გამოცდა დემოკრატიაში.

ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს შეხვედრამდე განუცხადა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და ასევე საქართველოს გაერთიანების პერსპექტივებსა და ამ პროცესში ევროკავშირის როლზე გაამახვილებდა ყურადღებას.

XS
SM
MD
LG