ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გახლართული ძაფების პოლიტიკა



პოლიტიკამ საქართველოში თავი ვერ დააღწია მუდმივი გაურკვევლობის, ახლის ძიებისა და მოლოდინის რეჟიმს. სავსებით ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანს ერთ დღეს მოღალატე და სამშობლოს გამყიდველი უწოდო, მეორე დღეს კი მასთან თანამშრომლობას მოაწერო ხელი.

ასეთი გარემო, ისიც წინასაარჩევნოდ, საზოგადოების დაბნეულობას რომ იწვევს ცხადია. პირველ რიგში თუნდაც იმის გამო, რომ არსად ჩანს, ელემენტარულად, ბოდიში მაინც თუ მოუხადეს ერთმანეთს არაკორექტული გამონათქვამების გამო ამჟამინდელმა პარტნიორებმა, გუშინ რომ მოღალატეობაში ადანაშაულებდნენ ერთმანეთს.

თუმცა პრობლემების ფონზე, საჩოთირო ამბები უკანა პლანზე რჩება. რეგიონებში დაბნეულობა და ინდიფერენტულობა ერთნაირად იგრძნობა. გორში თითქმის ყველა, არჩევნებში მონაწილე პარტიას ჰყავს თავისი წარმომადგენელი. წინასაარჩევნო ფუსფუსისა და აქტივობების გეგმის ნაცვლად, აქ ხვალინდელ გადაწყვეტილებებს ელიან.

წარმოიდგინეთ, რომ ყოველი პარტია რეგიონში, პირობითი ძაფითაა დაკავშირებული შესაბამისი პარტიის მთავარ ოფისთან თბილისში და შემდეგ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ეს ძაფები, ამდენი გადაჯგუფების, ალიანსების შეკვრისა და დაშლის შემდეგ. ამომრჩეველი საქართველოში ურთულესი დილემის წინაშე დგას: მან სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს გადახლართული ძაფების პოლიტიკის პირობებში.

რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი გორში დავით რაზმაძე იმის შესახებ საუბრობს, რომ გაურკვლობების გამო წინსაარჩევნო კამპანიის დაწყება გვიანდება.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გორში ზურაბ როსებაშვილი ამბობს, რომ მათ საარჩევნო კამპანია „უკვე დიდი ხანია, დაახლოებით 20 დღეა დაწყებული აქვთ“ და ეს იმაში გამოიხატება, რომ ისინი სოფლიდან სოფელში დადიან და სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სოფლის მეურნეობის პროგრამის არსს უხსნიან მოსახლეობას. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც თითქმის ერთი წელია ხორციელდება, თითოეული სოფლისთვის გარკვეული თანხაა გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თანხის საჭიროებისამებრ გახარჯვას წყვეტენ სოფლის მცხოვრებნი საგანგებოდ მოწვეულ კრებაზე.

პროგრამის შესახებ სახელისუფლებო გუნდი თითქმის მთელი წლის მანძილზე აკეთებდა განცხადებებს. ამ თემას ეძღვნებოდა ასევე, საზოგადოებრივი ტელევიზიის ერთ-ერთი სარეკლამო რგოლიც. ზურაბ როსებაშვილი ამბობს, რომ ქრისტიან -დემოკრატები ამ პროგრამის განხორციელების მონიტორინგს აკეთებენ. იგი მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე მეტად საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან ყურაღდება აკლია.

მამუკა კობერიძე ახლადშექმნილი ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენელია გორში. როგორც თავად ამბობს, აქამდე პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა საქმიანობა სულაც არ გასჭირვებია. როდესაც მას პარტიის ძირითადი გზავნილისა და პრიორიტეტების შესახებ ეკითხები, ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი სამართლიანობაა. ქვეყნის მოწყობას კი ევროპული მოდელის შესაბამისად აპირებენ.

ასეთი ვითარებაა გორში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე სამი თვით ადრე.



XS
SM
MD
LG