ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა-აკბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ, გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიში გააკრიტიკა იმის გამო, რომ დოკუმენტის თანახმად ირანი შესაძლოა ბირთვული შეიარაღების შეძენას ცდილობს.
ბატონმა რაფსანჯანიმ შაბათს ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ირნას განუცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახლახან გამოქვეყნებული ანგარიში ტენდენციურია და „სააგენტოს მიღმა გარკვეული მხარეების მიერ არის ნაკარნახევი.“
თავისი კრიტიკით რაფსანჯანი შეუერთდა ირანის სხვა ოფიციალურ პირებს, რომლებიც დასავლეთს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ირანის ბირთვული პროგრამის არსის დამახინჯებაში ადანაშაულებენ. ირანის მთავრობის განცხადებით, თეირანის ბირთვული საქმიანობა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
შაბათს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ მეჰმანპარასტმა ირნას სააგენტოს აგრეთვე აცნობა, რომ გარკვეული სახელმწიფოების პოლიტიკური ნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე გავლენას ახდენს.