ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის თავისუფლების  ანგარიში


მედიის თავისუფლების შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2009 წელი მსოფლიოში ჟურნალისტებისთვის და ბლოგერებისთვის სახიფათო და სასიკვდილო იყო. ჟურნალისტთა დაცვის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2009 წელი მსოფლიოში ჟურნალისტებისთვის სახიფათო იყო. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის განმავლობაში სულ ცოტა 71 ჟურნალისტი დაიღუპა. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი თავდასხმა პრესის წარმომადგენლებზე მოხდა ფილიპინებში, როცა ერთ-ერთი ძლევამოსილი პოლიტიკური კლანის მომხრე შეიარაღებულმა პირებმა 31 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი ამოხოცეს. გასული წლის ნოემბერში 31 ჟურნალისტისა და მედიის თანამშრომლის განადგურება ფილიპინებში მსოფლიოში მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ყველაზე ცუდი შემთხვევა იყო. ამ ნამდვილად შემზარავმა ძალადობამ ფილიპინებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწივია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში სათაურით „თავდასხმები პრესაზე,“ აღნიშნულია, რომ 2009 წელს მსოფლიოში ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის დირექტორის მოადგილემ რობერტ მაჰონიმ აღნიშნა: „ჟურნალისტების მკვლელობებით რომ ვიმსჯელოთ გასული წელი ნამდვილად ცუდი იყო. ამას გარდა, გასულ წელს ავტორიტარულმა და რეპრესიულმა მთავრობებმა ბევრი ჟურნალისტი დააპატიმრეს.“


მაჰონის თქმით, ირანში მედიაზე ზეწოლა დაიწყო ქვეყანაში ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაბრუნდა. რეპრესიების შედეგად საპატიმროებში ბევრი ჟურნალისტი აღმოჩნდა, ჟურნალ „ნიუსვიკის“ კორესპონდენტის მაზიარ ბაჰარის ჩათვლით. მან განმარტოებულ პატიმრობაში 118 დღე გაატარა. ბაჰარის თქმით: „ისინი მაძალებდნენ, რომ უცხოეთის მთავრობასთან თანამშრომლობა მეღიარებინა.“ ბაჰარი აღნიშნავს, რომ ირანის მთავრობამ ახლა ბლოგერების შევიწროება დაიწყო. ამერიკის ხმის სპარსული ამბების საინფორმაციო სამსახური მიმდინარე რეპრესიების შესახებ ირანიდან ვიდეო და ინტერნეტ გზავნილებს ხშირად ღებულობს. „მე ვფიქრობ, რომ ირანის მთავრობა თავდაპირველად კიბერ სივრცეს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა, მაგრამ ამ ბოლო დროს მიღებულ იქნა მთელი რიგი კანონმდებლობა, რომელიც ისეთ საკითხებს ეხება როგორიც არის კიბერ და ციფრული დანაშაულები, ისევე როგორც მობილური ტელეფონებით გაგზავნილი ტექსტური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო აქტების მიხედვით ‘დეზინფორმაციის’ გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაუალად არის გამოცხადებული,“ აღნიშნა ბაჰარიმ. საქართველოსთან დაკავშირებით კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია ქვეყანაში 2009 წელს არცერთი ჟურნალისტი არ დაღუპულა ან არ დაუპატიმრებიათ, პრესის თავისუფლება იზღუდება იმის გამო, რომ ხელისუფლება თანამიმდევრულად აკონტროლებს საინფორმაციო საშუალებებსა და განსაკუთრებით კი სატელევიზიო არხებს. კომიტეტის მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ჩინეთში ბლოგერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გაიზარდა. კომიტეტის აზიის ექსპერტის ბობ დიეცის თქმით: „ამჟამად საპატიმროებში მყოფი ჩინელი ჟურნალისტების უმეტესობა ციხეში ინტერნეტზე საქმიანობის გამო მოხვდა. მე ვფიქრობ, რომ 2009 წლის განმავლობაში ჩინეთში სულ ცოტა 24 ჟურნალისტი დააპატიმრეს.“
ორგანიზაციის ანგარიშში მოყვანილია პრესის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ფაქტები აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ ამერიკასა და რუსეთში. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის გამო გასულ წელს 45 დაპატიმრებული ჟურნალისტი გაათავისუფლეს.


XS
SM
MD
LG