ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს


ქართველი ჟურნალისტი, ვახტანგ კომახიძე ამჟამად ჟენევაშია და პოლიტკურ თავშესაფარს ითხოვს. „მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავსიუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“,- ეს ტექსტი ინტერნეტსაიტ „ინტერნეტ-გე-ზე“ განთავსდა. იმავე დღეს ამას „რეალ თი-ვი-ზე“ სიუჟეტი მოჰყვა, სადაც კომახიძის ამ განცხადებას მისი ბიოგრაფიული პორტრეტი მოჰყვება, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: „ადრე ნასამართლევი, უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და ახლა ჟურნალისტის რანგში მოღვაწე ვახტანგ კომახიძე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს“. აქვე მრავლადაა ინფორმაცია კომახიძის პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალების შესახებ.

თავად კომახიძემ განცხადებაში მისი დევნა და მასზე განხორციელებული ზეწოლა პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირა „ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვით, არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი, ამ ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ,“- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ კომახიძე 18 დეკემბერს, მაშინ, როდესაც ცხონვალის ციხეში 5 ქართველი მოზარდი იმყოფებოდა, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში იმყოფებოდა. კომახიძე მასზე განხორციელებულ ღია მუქარას სწორედ ამ ვიზიტს უკავშირებს. მაშინ, ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ ვიზიტის შემდეგ გაისმა საყვედურები მის მიმართ იმის გამო, რომ სტუმრობა წინასწარ ხელიუსფლებასთან არ შეათანხმა. კომახიძე აცხადებდა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უნდა შეათანხმოს ჟურნალისტმა სადმე გამგზავრების დეტალები. ინტერვიუში მან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ ტყვედ მყოფი მოზარდების განთავისუფლების საქმეში ჩართვის შესახებაც ისაუბრა და თქვა რომ რუსეთს ჭირდებოდა ბავშვების განთავისუფლება და ადამიანი, ვინც ამას ხელს მოკიდებდა. ასეთად მათ ნოღაიდელი აირჩიეს.

ინტერნეტ საიტის მიერ გავრცელებულ ვახტანგ კომახიძის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ცხინვალში ვიზიტის დროს, მოიპოვა უაღრესად საინტერესო ჟურნალისტური მასალა, რის გახმაურებაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი ჩინოსანისთვის შესაძლოა არასასურველი ყოფილიყო. ის, რომ კომახიძე ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ ფილმზე მუშაობდა, ადასტურებს პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც ცხინვალში მასთან ერთად იმყოფებოდა. ამასთან, კომახიძის მტრად გამოცხადებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ, იგი ძალზე შემაშფოთებელ ტენდენციას ხედავს და ამბობს, რომ პრობლემა აქვს საზოგადოებას, როდესაც თავისუფალი ჟურნალისტების დევნის ფაქტებს ხედავს და ამაზე თვალს ხუჭავს.



XS
SM
MD
LG