ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უკრაინის დემოკრატიული ევოლუცია დროებით შეჩერდა"


უცხოური პრესის მიმოხილვა უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეთმობა. მიმოხილვას ვიწყებთ ენ ეპლბაუმის სარედაქციო წერილით სათაურით „უკრაინის დემოკრატიული ევოლუცია დროებით შეჩერდა,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ 9 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. წერილში ვკითხულობთ:

„ყოველ რევოლუციას კონტრრევოლუცია მოჰყვება. 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში ნაპოლეონი მოვიდა და მონარქია აღსდგა. რუსეთის რევოლუციის შემდეგ კი მეფის მომხრე თეთრების მოძრაობა შეიქმნა და ქვეყანაში სისხლიანი სამოქალაქო ომი გაჩაღდა.

კვირას უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება ჯერ-ჯერობით კონტრრევოლუციას არ წარმოადგენს.

იუშჩენკომ თანამემამულეებს იმედი გაუცრუა. ეკონომიკურმა რეცესიამ უკრაინაზე ძალზედ უარყოფითი გავლენა მოახდინა, მაგრამ მთავრობამ სამწუხაროდ ბევრი აუცილებელი და რთული სამთავრობო გადაწყვეტილება არ მიიღო. უკრაინის მთავრობას დღემდე არ მიუღია კანონმდებლობა მიწის პრივატიზაციის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიების გამოყოფა არ გაუუქმებია. ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის დაძაბულობა არ შემცირებულა. ქვეყანაში მდგომარეობის გაუარესების ფონზე პოლიტიკოსებმა ერთმანეთში ქიშპობა დაიწყეს და შედეგად რეფორმების განხორციელება შეუძლებელი გახდა. ამასობაში უკრაინის ფულის ღირებულება ნახევრად დაეცა.

ერთადერთი ფაქტორი რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში არ შეცვლილა ეს თვით დემოკრატიული პროცესია. უკრაინისსაპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე გასაოცარი თავისებურება ის არის, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით თუ ვინ გაიმარჯვებდა. უკრაინასთან შედარებით, რუსეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ერთადერთი კითხვა გვებადება - რისთვის არის საჭირო არჩევნების ჩატარება იქ, როცა გამარჯვებულის ვინაობა დიდი ხანია ცნობილია. ნარინჯის ფერი რევოლუციიდან ექვსი წლის შემდეგ უკრაინის პოლიტიკური კულტურა კვლავინდებურად ღია, მოულოდნელი და საინტერესო რჩება. ამის ერთ-ერთი მანიშნებელი ის არის რომ ცნობილი რუსი ჟურნალისტები კიევში გადასახლდნენ, სადაც ისინი პროფესიონალურ მოღვაწეობას ეწევიან.

ახლა მთავარი კითხვა ის არის ჩაატარებს მომავალში დემოკრატიულ არჩევნებს იანუკოვიჩი თუ არა და დაიცავს თუ არა იგი ამომრჩეველთა ინტერესებს. მისი საქმიანობის წარმატების შეფასება საკმაოდ ადვილი იქნება. თუ მისი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ამოიწურა და მას, როგორც სხვა პოლიტიკურ ფიგურებს, მთავრობიდან დაითხოვენ, მაშინ ის ნარინჯი ფერის რევოლუციის სულისკვეთებას შეურაცხყოფას არ მიაყენებს. ხოლო თუ ამომრჩეველთა ხმების გაყალბების მეოხებით, ოპოზიციის დაშინებითა და ჟურნალისტების მკლველობებით ხელისუფლებაში დარჩენას მოინდომებს, ისევე როგორც მის აღმოსავლელ მეზობლებს სჩვევია, მაშინ ჩვენ გვეცოდინება, რომ ხელისუფლებაში კონტრრევოლუცია მოვიდა.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის და უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის სტივენ პაიფერის სარედაქციო სტატიით სათაურით „’უკრაინით დაღლილობის’ სინდრომის წამალი,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმისის“ 10 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. წერილში ვკითხულობთ:

„ვაშინგტონისა და ევროპის სიმპატიების მიუხედავად, უკრაინელებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ჯერ-ჯერობით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ არჩევნებში რაიმე სერიოზული დარღვევა მოხდა. ხოლო საერთაშორისო დამკვირებლებმა არჩევნები შეაქეს და განაცხადეს რომ ისინი დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა, რაც უკრაინისთვის ნორმა გახდა. დასავლეთმა ბატონ იანუკოვიჩს გამარჯვება უნდა მოულოცოს და მასთან თანამშრომლობა დაიწყოს. მას ხომ ახლა უკრაინის წინაშე მდგარი ბევრი რთული პრობლემის გადაჭრა ევალება.

ქვეყანაში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ სერიოზული ზომების მიღება უკრაინული და უცხოური ბიზნესისთვის უკეთეს პირობებს შექმნის. ბუნებრივი აირის სექტორში რეფორმების ჩატარება უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს და ევროპისთვისაც ნაყოფიერი იქნება.

ხსენებული რეფორმების ჩატარება უკრაინის ახალი მთავრობისგან საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. შეერთებული შტატები და ევროკავშირი კიევს ერთობლივად სამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით გზავნილი უნდა გაუგზავნონ.

პირველი, დასავლეთი ბატონ იანუკოვიჩს მიესალმება და მას უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერად აღიარებს. თუმცა ბოლო ხუთი წლის მანძილზე კიევის მიერ მიღწეული დემოკრატიული პროგრესის უკუქცევის შემთხვევაში, უკრაინას დასავლეთთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები შეექმნება.

მეორე, დასავლეთს ესმის, რომ ბატონ იანუკოვიჩის საგარეო პოლიტიკა მისი წინამორბედის პოლიტიკისგან შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები კვლავინდებურად დღის წესრიგში რჩება.

მესამე, დასავლეთი იანუკოვიჩის სერიოზულობას მისი პოლიტიკის სერიოზულობით შეაფასებს. დასავლეთისთვის უკრაინის მიერ წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თვით უკრაინელებს წარმატების მიღწევა უნდა სურდეთ.“


XS
SM
MD
LG