ისლამური რადიკალიზმის ყველაზე ექსტრემალური გამოვლინება ყოველთვის არაბულ სამყაროსთან არის ასოციირებული. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ზოგიერთ ანალიტიკოსებს შუა აზიის ხუთ ქვეყანაში რადიკალური ისლამური ჯგუფებების საქმიანობა აშფოთებს. ამ სახელმწიფოების სიახლოვე ავღანეთთან ნიშნავს იმას, რომ ამ რეგიონში ისლამური რადიკალიზმის ძირითადი თვისებების შესწავლა შეერთებული შტატებისთვის და ევროპის მთავრობებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდა. დღეს საერთაშორისო პრეს კლუბში გამართულ დისკუსიაში ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯუდით ლათამი შუა აზიაში ისლამური რადიკალიზმის როლის შესახებ ჟურნალისტებსა და ამ რეგიონის სპეციალისტებს გაესაუბრა.
პოლ გოუბლი ევრაზიაში
ეთნიკური და რელიგიური საკითხების ექსპერტია. მისი თქმით, ისლამური რადიკალიზმი შუა
აზიის გარკვეულ რეგიონებში სერიოზული პრობლემა გახდა. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას
იძენს ფერგანის ველი, რომელიც უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვრების გადაკვეთაზე
მდებარეობს. მაგრამ გოუბლი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ისლამური რადიკალიზმის საფრთხე ყველგან
ერთი და იგივე როდია. მისი თქმით:
„უზბეკეთის მთავრობა სერიოზული ისლამისტური გამოწვევის წინაშე დგას. ყაზახეთში ეს ფაქტორი
ნაკლებად შეინიშნება. ტურკმენეთში ის საერთოდ არ არსებობს. ტაჯიკეთში ისლამური რადიკალიზმი
გავრცელებულია უზბეკეთის საზღვრის პარალელურად. ხოლო ყირგიზეთში ისლამური რადიკალიზმი
ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია გავრცელებული, რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ეს ძირითადად
უზბეკებით დასახლებული რეგიონია და ამდენად ისლამური რადიკალიზმი იქ უზბეკეთიდან შემოდის.
მაშასადამე გამართლებული იქნებოდა იმის თქმა, რომ უზბეკეთსა და ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის
მიმდებარე რეგიონებში ისლამისტური პრობლემა ნამდვილად ძალზედ სერიოზულია."
გოუბლი აღნიშნავს, რომ დასავლეთში შუა აზიაში ისლამისტური გამოწვევის შესახებ ორი ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებაა გავრცელებული. ერთის მხრივ, დასავლეთის მთავრობებს კარგად არ ესმით ის, თუ რამდენად სერიოზულ პოლიტიკურ და სახმედრო გამოწვევებთან გამკვლავება უხდება შუა აზიურ მთავრობებს. ხოლო მეორეს მხრივ ავტორიტარული ლიდერები, განსაკუთრებით უზბეკეთსა და ყირგიზეთში, რადიკალური ისლამის როლს ნამდვილად აზვიადებენ. მაგრამ, ბატონ გოუბლს მიაჩნია, რომ ორივე შეხედულება უდავოდ მცდარია. ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს:
„ერთ-ერთი სირთულე ის არის, რომ ამ საკითხის გამარტივება შეუძლებელია. აუცილებლად გასათვალისწინებელია ეთნიკური, რელიგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები რადგან ამ განტოლებაში ბევრი ცვლადი სიდიდეა. თუ ჩვენ ყველაფერს მხოლოდ ისლამს გადავაბრალებთ, მაშინ არსებული მდგომარეობის გაგებას ვერ შევძლებთ. შუა აზიური მთავრობები, და განსაკუთრებით ისლამ კარიმოვის მთავრობა უზბეკეთში, ყველაფერს რადიკალურ ისლამს აბრალებს, რაც რასაკვირველია სიმართლეს არ შეესაბამება. იმავდროულად მათ, ვისაც მიაჩნია, რომ ყველაფერში დამნაშავეა მთავრობის უნიათობა, ავიწყდებათ, რომ ფერგანის ველში ისლამური რადიკალიზმი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რაც უპირველეს ყოვლისა უზბეკეთს ეხება."
მოსკოვში კარნეგის სახელობის ცენტრის ევრაზიის რელიგიისა და პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელს ალექსეი მალაშენკოს მიაჩნია, რომ რთულია იმის შეფასება თუ რამდენად სერიოზულ საფრთხეს უქმნის შუა აზიურ მთავრობებს ისეთი ჯგუფები როგორიც არის უზბეკეთის ისლამური მოძრაობა. მისი თქმით:
„მე არ მსურს ისლამური საფრთხის გაზვიადება, მაგრამ ამ ფაქტორის უგულვებელყოფაც არ არის გამართლებული. მე პირადად შუა აზიაში ისლამური სახელმწიფოს ანუ ხალიფატის შექმნის არ მჯერა. მაგრამ იმავდროულად არნახულად ცუდი ეკონომიკური მდგომარეობისა და საერო ოპოზიციის არ არსებობის გამო სოციალური და პოლიტიკური პროტესტის გამოხატვა მხოლოდ ისლამის მეოხებით გახდა შესაძლებელი. აქ მე იმის თქმა მინდა, რომ ამჟამად შუა აზიაში მთავრობის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ ისლამის გამოყენებითაა შესაძლებელი, და ამდენად სოციალური სამართლიანობის აღდგენის ერთადერთი იმედი ისლამს უკავშირდება. მე ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მოსახლეობის უმეტესობას ისლამური ალტერნატივის სჯერა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ისლამურ იდეებს იზიარებს."
მაგრამ ჟურნალისტ ალიშერ ხამიდოვს, რომელიც ახლახან ყირგიზეთიდან დაბრუნდა, სადაც იგი ისლამურ რადიკალიზმის იკვლევდა, მიაჩნია, რომ შუა აზიაში ისლამური რადიკალიზმის პრობლემა იმდენად სერიოზული არ არის. მისი თქმით:
„მე ვფიქრობ, რომ შუა აზიაში ისლამური რადიკალიზმის გარკვეული კერები რასაკვირველია არსებობს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ რადიკალიზმის საფრთხე ძალზედ გაზვიადებულია. ბოლო ოთხი ან ხუთი წლის მანძილზე ფერგანის ველში დიდი ცვლილებები მოხდა. შუა აზიასა და ფერგანის ველში სამი ცვლილება მოხდა და რადიკალური ისლამის გავლენა ამ ცვლილებების გამო მკვეთრად შემცირდა. პირველი ფაქტორია მთავრობის მიერ რეპრესიული ზომების გამოყენება იმის წინააღმდეგ რასაც ოფიციალური პირები ისლამურ რადიკალიზმს უწოდებენ. ხალხს ჰიზბ-უტ ტაჰრირთან ან სხვა მსგავს ჯგუფებთან, რომლებსაც მთავრობა რადიკალურ ჯგუფებად აღიარებს, ურთიერთობების დამყარება ეშინია. მეორე ფაქტორია ეკონომიკური ზეწოლა. ამას გარდა ბევრი პირი, ვინც სხვაგვარად ამ რადიკალურ ჯგუფებს შეურთდებოდა, სამსახურის მოსაძებნად რუსეთში გაიხიზნა. ხოლო მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ის არის, რომ პირველად რეგიონში იდეოლოგიური პაექრობა შეინიშნება. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ფერგანის ველსა და შუა აზიის სხვა რეგიონებში ზომიერი ისლამური იდეოლოგია გავრცელდა."
ალიშერ ხამიდოვს მიაჩნია, რომ ბოლო წლების მანძილზე ვაშინგტონში სულ უფრო მზარდია იმის აღიარება, რომ შუა აზიის საერო რეგიონალური მთავრობები ისლამური რადიკალიზმის საფრთხეს აზვიადებენ.
ისევე როგორც მსოფლიოს სხვა რეგიონებში, შუა აზიაში ისლამური რადიკალიზმის განხილვა სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია. ამ ფაქტორის გაანალიზება უნდა მოხდეს საზოგადოებაზე რადიკალური ისლამის მიმდევრების გავლენის შეფასების საფუძველზე, რაც თავის მხრივ იმის აღიარებას მოითხოვს, რომ ისინი ჯერ-ჯერობით საზოგადოების უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენენ.