ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამართლებრივი ნიჰილიზმი რუსეთში


ორშაბათს, 1 თებერვალს, ახალ ამერიკულ ფონდში გაიმართა დისკუსია თემაზე „კრემლის წესები: სამოქალაქო თავისუფლებები და სამართლებრივი ნიჰილიზმი პუტინისა და მედვედევის რუსეთში...რის გაკეთება შეუძლია დასავლეთს,“ რომელსაც ჟურნალ „ფორეინ პოლისის“ აღმასრულებელი რედაქტორი და მოსკოვში გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ბიუროს ყოფილი უფროსი სიუზან გლასერი უძღვებოდა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დამცველი ცნობილი ადვოკატი და არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო დაცვის ცენტრის დირექტორი კარინა მოსკალენკო და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი.

თავის შენიშვნებში ქალბატონმა მოსკალენკომ ყურადღება მიხაილ ხოდორკოვსკის საქმეზე გაამახვილა, რადგან მას მიაჩნია, რომ ის რუსეთის სამართლებრივ სისტემაში არსებული პრობელემბისა და დაგროვილი დარღვევების კარგ მაგალითს წარმოადგენს. მოსკალენკოს თქმით თვით ის ფაქტი, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის მოქალაქეების და განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლების ას ათასზე მეტი საქმე დაგროვდა იმის მანიშნებელია, რომ რუსეთის სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემები არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება რუსეთის მთავრობისთვის სავალდებულოა, და ამდენად, რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს იურიდიული დაცვის ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს.

ბატონმა პოზნერმა აღნიშნა რომ ოაბამას ადმინისტრაციის მიდგომა რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული განვითარების საკითხების მიმართ უპირველეს ყოვლისა დიალოგის წარმართვას ითვალისწინებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის შიგნით თავისუფალი დებატების წარმართვას ენიჭება, რადგან გარედან ზეწოლა ნაკლებად ნაყოფიერი იქნება. ამასთან დაკავშირებით პოზნერმა განაცხადა:

„ჩვენ დემოკრატიის ცნების ფართო გაგებას ვემხრობით, რომელიც კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და პრესის დამოუკიდებლობას შეიცავს. რუსეთში ხსენებული ელემენტები არსებობს, მაგალითად სამოქალაქო საზოგადოება და მედია. მაგრამ ორივე ზეწოლის ქვეშ არის ამჟამად და ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, თუ გარე ზეწოლის რომელი ხერხი ანუ ბერკეტი იქნება ეფექტური, და რა არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია. მაგალითად, გასულ შაბათ-კვირას ასამდე სამშვიდობო დემონსტრანტი დააკავეს და ზოგ შემთხევაში მათ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამგვარი მოვლენები რუსეთში ნამდვილად გახშირდა, რაც ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობის მიმართ მზარდი შეუწყნარებლობის აშკარა ნიშანია. მე მიმაჩნია, რომ იქ ადამიანის უფლებების დამცველების, მედიის, ადვოკატებისა და ჟურნალისტების საქმიანობის ასპარეზი სულ უფრო მცრიდება. ეს კი ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, რადგან ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ვინც რუსეთში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს იცავს.“

-ციტატის დასასრული-

დისკუსიის შემდეგ ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ქალბატონ მოსკალენკოს გაესაუბრა. კითხვაზე თუ რით აიხსნება სხვაობა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გასულ წელს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოხატულ დემოკრატიულ და სამართლებრივ მისწრაფებებსა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას შორის, მოსკალენკომ აღნიშნა:

„იმედია ძალიან არ გამიწყრებით, როცა ვიტყვი, რომ მე ამ აშკარა წინააღმდეგობას უბრალოდ ვერ ავხსნი. ერთის მხრივ ამ გარემოების გამო ჩვენ თავდაპირველად პრეზიდენტის სიტყვებს დიდ ყურადღებას ვაქცევდით. ჩვენ გულუბყვილო იმედი გვქონდა იმისა, რომ თვით ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული პრობლემები აღიარა რაღაც შედეგს მიაღწევდა, მაგრამ მას შემდეგ გავიდა დრო და არაფერი გაკეთდა. შედეგად იბადება არა მხოლო იმედგაცრუება არამედ შიში იმისა, რომ თუ კორუფციის გავრცელებისა და სამართლებრივი სისტემის მოშლილობის აღიარების მიუხედავად არაფერი გაკეთდა, მაშინ ჩვენ არაფერი სხვა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ კვლავინდებურად მოვითხოვოთ პრეზიდენტისგან საკუთარი დაპირებების შესრულება.“

-ციტატის დასასრული-

ალექსანდრე მელიქიშვილი. ამერიკის ხმა. ვაშინგტონი.

XS
SM
MD
LG