ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვას აპირებს


პეკინის განცხადებით შეერთებული შტატების მიერ ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდება ჩინეთის ეროვნულ უშიშროებას აზიანებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გეგმები ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე ჩინეთის ეროვნულ უშიშროებასა და მის გაერთიანებისკენ წარმართულ მცდელობებს ზიანს აყენებს.

შაბათს კვიპროსზე გაკეთებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა იანგ ჯიეჩიმ აღნიშნა, რომ ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ხსენებულ საქმნიანობას, რომელიც ტაივანის სრუტეში სამშვიდობო ინიციატივებს ძირს უთხრის.

შეერთებული შტატების წარმომადგენელმა პი.ჯეი.კროულიმ იმავე დღესვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანის მიმართ რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს უწყობს.

ჩინეთში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ხანტსმანმა აღნიშნა, რომ განსხვავებების მიუხედავად ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა კონსტრუქციულია. მისი თქმით აზრთა სხვადასხვაობა ჯანსაღი და მწიფე ორმხრივი ურთიერთობის ნიშანია.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამერიკა ტაივანისთვის 6.4 მილიარდი დოლარის ოდენობის შეიარაღების გაყიდვას აპირებს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხსენებული შეიარაღების ტაივანისთვის გადაცემა ჩინეთ-ამერიკის თანამშრომლობას მნიშნველოვნად დააზიანებს.

შაბათს ჩინეთმა შეაჩერა სამხედრო გაცვლა და მოლაპარაკებები უშიშროების სფეროში შეერთებულ შტატებთან. ჩინეთის მთავრობა აგრეთვე იმუქრება სანქციების დაწესებით იმ ამერიკულ ფირმებზე, რომლებიც ტაივანს შეიარაღებას აწვდიან.

ტაივანის პრეზიდენტმა მა ჯინგ-ჯეოუმ აღნიშნა, რომ შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებული გარიგება კუნძულის თავდაცვას გააძლიერებს და ტაივანს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს რათა ჩინეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების განვითარება შესაძლებელი გახდეს.


XS
SM
MD
LG