ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანიდან გაქცეული დისიდენტები თურქეთს აფარებენ თავს


კვირაში ორჯერ თეირანიდან სტამბოლისკენ მატარებელი მიემართება. ვაგონები გადაჭედილია იმ ირანელებით, რომლებიც რეპრესიულ რეჟიმს გაურბიან.

გასული წლის ნოემბრის გამოსვლების დარბევის შემდეგ, მრავალი ირანელი ნებისმიერი სახის ტრანსპორტის გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დატოვებას:

"ჩემი მეგობარი დააკავეს და იმის შიშით, რომ მეც არ დავეპატიმრებინე თეირანი ველოსიპედით დავტოვე. დარწმუნებული ვარ მას წამების ქვეშ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მიაცემინებენ. როდესაც თურქეთის საზღვარს მივუახლოვდი მატარებელზე გადავჯექი“.

გვეუბნება სტამბოლში სულ ახლახანს ჩასული ოცდაცხრა წლის ფოტოჟურნალისტი ნიმა ეზაპუ. სამწუხაროდ ეს მბავი გამონაკლისს არ წარმოადგენს. ირანელებს თურქეთში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ და ამიტომაც ყველაზე მეტი ირანელი სწორედ ამ ქვეყანაში გარბის. თუმცა მუდმივ თავშესაფარს აქ ცოტას აძლევენ. თურქეთის კანონმდებლობის თანახმად პოლიტიკურ თავშესაფარს მხოლოდ ევროპელები იღებენ. ახლა თურქეთში ჩასულ ირანელთა უმრავლესობას სხვა ქვეყნებში წასვლა მოუწევთ.

ერთი ირანელი ქალბატონი, რომელმაც თეირანის რეჟიმის შიშით ვინაობა არ გაგვიმხილა გვეუბნება, რომ იგი ჟურნალისტია და აქამდე ირანში იატაკქვეშეთში მოქმედ ოპოზიციურ მედიაში მუშაობდა:

„ჩვენ პოლიტიკური ჟურნალისტები არ ვიყავით. მაგრამ არჩევნებმა ყველაფერი შეცვალა. არსებულმა სიტუაციამ ყველა საღად მოაზროვნეზე იმოქმედა. ჩვენი ვალი იყო შეგვეცვალა პროფილი და პოლიტიკურ ჟურნალისტებად გადავქცეულიყავით. ჩვენ ვებგვერდისთვის და ბლოგისთვის მუშაობა დავიწყეთ და ამან კი დიდი საშიშროება შეგვიქმნა“. გვეუბნება ანონიმი ქალბატონი.

თუმცა თურქეთი ლტოლვილებს უშიშროების გარანტიას არ აძლევს, ხოლო თურქეთის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ირანელი აგენტები აქაც კი ავიწროვებენ გაქცეულებს. სიტუაციას თურქეთში მყოფი ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ თეიტი აღწერს. იგი ძირითადად ირანის შესახებ სტატიებს ამზადებს გაზეთ „გარდიანისთვის“:

„ძალზე ბევრი ამბავი მსმენია იმის შესახებ თუ როგორ სდევნიან და ავიწროვებენ თურქეთში გამოქცეულებს“. ამბობს იგი.

თურქეთის მთავრობა უარყოფს ასეთ ბრალდებებს. თუმცა ქვეყნის მედია აცხადებს, რომ ირანელ ლტოლვილებზე თავდასხმები სულ უფრო ხშირდება და ამასთან დაკავშირებით კი ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ფოტოჟურნალისტი ეზაპუ კი ამბობს, რომ იგი მაინც აპირებს უკან დაბრუნებას და ირანში დემოკრატიის გამარჯვებისთვის ბრძოლაში ჩაბმას:

„მოძრაობა არ შემწყდარა. ჩაცხრომისა თუ გაღვივების მიუხედავად ბრძოლა გრძელდება. მე დავბრუნდები ირანში. მართალია მე მცირეოდენს ვაკეთებ, მაგრამ ეს ჩემი ვალია სამშობლოს წინაშე. ირანში ხალხს თავისუფლება და მშვიდობა სწყურია“. ამბობს ნიმა ეზაპუ.

ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ ირანელი ლტოლვილების სულ უფრო მზარდი რაოდენობის იგნორირებით თურქეთის მთავრობა თავს ირცხვენს. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ერთ- ერთი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელმაც ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს სადაო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. თუმცა პოლიტოლოგების თქმით, ანკარას ევროკავშირში შესვლა სწადია და ევროპა კი აკვირდება იმას თუ როგორ ეპყრობა თურქეთი ირანელ ლტოლვილებს.


XS
SM
MD
LG