საერთაშორისო სამაშველო
სააგენტოების ცნობით ჰაიტიში მიწისძვრისგან დაზარალებულებისთვის დახმარების გამოყოფასთან
დაკავშირებული ოპერაციები თანდათან ფართოვდება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამაშველო
სააგენტოებს დახმარების მიწოდება ძალზედ რთულ პირობებში უხდებათ და ამდენად სასიცოცხლო
მოთხოვნების დაკმაყოფილებას დრო სჭირდება.
გაერო იუწყება, რომ ჰაიტის აეროპორტმა მუშაობა დაიწყო, მაგრამ შენობა გავსებულია ხალხით და მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების დროული განაწილებისთვის აუცილებელია მოქმედებების უფრო ეფექტური კოორიდინირება.
მოძრაობის აღდგენის მიზნით ამჟამად აეროპორტიდან ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მიმავალი მთავარი გზატკეცილების ნანგრევებისგან გაწმენდა მიმდინარეობს. ჟენევაში მდებარე გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა ჩარლზ ვინსენტმა აღნიშნა, რომ ჰაიტის მოსახლეობის უმეტესობას რამდენიმე დღის მანძილზე საკვები არ მიუღია. ოთხშაბათს ჰუმანიტარული დახმარება აეროპორტის მახლობლად მდებარე დასახლება ჟაკმელში დაახლოებით სამ ათას ჰაიტელს დაურიგდა. ჩარლზ ვინსენტის თქმით, მსოფლიო სასურსათო პროგრამა პორტ-ო-პრენსში სასურსათო დახმარების განაწილებას დაიწყებს, რომელიც თავდაპირველად 2,400 გადარჩენილი ჰაიტელის დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით ვინსენტი აღნიშნავს:გაეროს ცნობით გაეროს ასზე მეტი თანამშრომელი დაკარგულად ითვლება. მათ შორის ბევრი დაღუპულია. გაერო იტყობინება, რომ პორტ-ო-პრენსში გაეროს წარმომადგენლობის შენობის ნანგრევებში მოყოლილია ორმოცდაათიდან ასამდე გაეროს თანამშრომელი. ამას გარდა, სამაშველო სააგენტოების ცნობით, მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ბედი ეწია მათ ჰაიტელ თანამშრომლებს.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება, რომ ჰაიტიში რვა საავადმყოფო დაინგრა, ხოლო მეზობელ დომინიკურ რესპუბლიკაში მდებარე ორი საავადმყოფო მნიშვნელოვნად დაზიანდა.
გარვუდი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია გადამდები დაავადებების თავიდან აცილება. მისი თქმით, კატასტროფის პირობებში ძალზედ მაღალია იმის რისკი, რომ მოსახლეობაში სასუნთქი ინფექციები და კუჭნაწლავის დაავადებები გავრცელდება. გარვუდი დასძენს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დავალებით ჰაიტიში გაემგზავრა თორმეტი სპეციალისტი, რომლებსაც მიწისძვრისგან დაზარალებულებზე მზრუნველობა, სასწრაფო სანიტარული დახმარების კოორდინირება და გარდაცვლილთა დამარხვა ევალებათ.