ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა-ნატოს  ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები


უკრაინა და საქართველო ნატოს წევრობისკენ უკვე დიდი ხანია მიილტვიან, რასაც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაც აქტიურად უჭერდა მხარს. თუმცა 2008 წლის აპრილში ბუქარესტში ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა არცერთ ქვეყანას არ მიანიჭა წევრობის სამოქმედო გეგმა, იგივე მაპი. კომუნიკეში უბარლოდ ნათქვამია, რომ ნატოს ლიდერები თანახმა არიან ეს ქვეყნები შეუერთდნენ ალიანს, თუმცა როდის, ეს დაზუსტებული არ არის. დევიდ კრამერი, ბუში პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ის ევრაზიის და ევროპის საკითხებს კურირებდა. კრამერი აცხადებს, რომ ნატოში მიღებამდე ორივე ქვეყანამ საკმაოდ ბევრი საკითხი უნდა გადაჭრას.

„ნატოს წევრობა ნატოს კრიტერიუმებთან მიერთებას ნიშნავს. ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ შეავსოთ განაცხადი და მეორე დღესვე ალიანსის წევრი გახდეთ. მათ უნდა გაატარონ პოლიტიკური, ეკონომიკური და ასევე უსაფრთხოების რეფორმები. გაწევრიანება ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რისი გავლაც სწრაფად არ ხერხდება.ზოგიერთ სფეროში, საქართველომ და უკრაინამ პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ ბევრ სფეროში მათ რეფორმების გრძელი გზა აქვთ გასავლელი. ასე რომ, ნატოს წევრები საქართველო და უკრაინა ახლო მომავალში ვერ გახდებიან.“

აცხადებს კრამერი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ნატოსკენ სვლა ხუთი წლის წინ, ხელისუფლებში მოსვლის დღიდანვე დაიწყო. თუმცა, როგორც ჩანს, ის მალე ამ ხელისუფლებას დაკარგავს, რადგან საზოგადოების აზრის კვლევა აჩვენებს, რომ ის ბევრად ჩამორჩება საპრეზიდენტო მარათონის ორ ლიდერს: პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს და „რეგიონების პარტიის“ ხელმძღვანელს ვიქტორ იანუკოვიჩს.

დევიდ მერპელსი კანადის ალბერტას უნივერსიტეტის მკვლევარი, ტიმოშენკოს და იანუკოვიჩის ნატოსადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს. „ცოტა არ იყოს ჯერ გაურკვევლია, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ტიმოშენკო ნატოსთან მიმართებაში. იანუკოვიჩი კი ნატოს წინააღმდეგია, თუმცა ის ალბათ რეფერენდუმს ჩაატარებს ამ საკითხზე. და როგორც აქამდე ყველა გამოკითხვა ადასტურებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცემს ხმას. ასეთი კი ალბათ 55 - 60 პროცენტი იქნება, რაც საკმაოდ დიდი ციფრია რეფერენდუმის შედეგისთვის.“ ამბობს მერპელსი.


როგორც ცნობილია რუსეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საკითხი დღეს უკვე იმდენად აქტუალური აღარ არის, როგორც ეს ხუთი წლის წინ, იუშჩენკოს ხელისუფლებაში მოსვლის დროს იყო.


„ამის მიზეზი კი ის არის, რომ უკრაინა სულ უფრო და უფრო შორდება ნატოს, რადგან მან (უკრაინამ) ვერ შეძლო სტრუქტურული პრობლემების მოგვარება. მცირე პროგრესს მიაღწიეს სამხედრო რეფორმაში, თუმცა გარღვევა არ მომხდარა კორუფციის საკითხში, ასევე ვერ მოხერხდა პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ნატოს, ისევე როგორც ევროკავშირს სხვა უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი.“ ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი რობერტ ლეგვოლდი. უკრაინა, ნატოს გარდა ევროკავშირისკენაც მიილტვის, თუმცა, ამ გზაზეც დაახლოებით იგივე პრობლემებს აწყდება.



XS
SM
MD
LG