ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ: ირანი ურანს ყაზახეთისგან იყიდის?



30 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტომ „ასოშიეთედ პრესმა“ გაავრცელა ცნობა რომლის თანახმადაც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ერთ-ერთმა წევრმა გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული მოხსენება რომელშიც ნათქვამია, რომ ირანის მთავრობა ყაზახეთისგან 450 მილიონ დოლარად 1,350 ტონა გაწმენდილი ურანის მადნეულის ფარულად შესყიდვას აპირებს, რაც, თავის მხრივ გაეროს მიერ დაწესებული სანქციების აშკარა დარღევა იქნება. ყაზახეთის და ირანის მთავრობები უარყოფენ ხსენებულ ბრალდებებს. ამ და სხვა საკითხებთან დაკაშირებით ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ კომენტარი სთხოვა მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტთან არსებული ჯეიმს მარტინის სახელობის გაუვრცელებლობის კვლევათა ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ბატონ ლეონარდ სპექტორს.

კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა იგი ხსენებული ცნობის მნიშვნელობას, ბატონმა სპექტორმა აღნიშნა:

„უპირველეს ყოვლისა მე მინდა ავღნიშნო ის, რომ ერთ-ერთი შეზღუდვა, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე დაწესდა, რომელიც შეერთებული შტატებისა და ბევრი სხვა ქვეყნების აზრით მიზნად ისახავს ბირთვული შეიარაღების წარმოებას, არის ურანის მადნეულის ნაკლებობა. როგორც მოგეხსენებათ ურანის მადნეულის შემდგომი გამდიდრების მეოხებით შესაძლებელია სამხედრო დანიშნულების ბირთვული მასალის შექმნა. შეერთებული შტატები ცდილობს ირანისთვის ურანის მადნეულის მიწოდებაზე ყოვლისმომცველი საერთაშორისო ემბარგოს შემოღებას. ამდენად, თუ აღმოჩნდა, რომ ყაზახეთი ნამდვილად აპირებს ირანისთვის ამ მასალის მიწოდებას, მაშინ ეს დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენ მცდელობებს, რომელთა მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება.“

რაც შეეხება გასული წლის მიწურულს გამართულ წარუმატებელ მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგად ირანის მთავრობამ უარი განაცხადა შემოთავაზებაზე ურანის საზღვარგარეთ გამდიდრებასთან დაკავშირებით, ბატონმა სპექტორმა ასე შეაფასა არსებული მდგომარეობა:

„შემოთავაზებაში მოცემული იყო სხვადასხვა ფაქტორების დადებითი ბალანსი, რომელიც ყველა მხარეს აკმაყოფილებდა. გარიგება ითვალისწინებდა ირანიდან ნაწილობრივ გამდიდრებული ურანის გატანას რუსეთსა და საფრანგეთში შემდგომი გამდიდრების მიზნით. ამ ჩანაფიქრის მიხედვით გამდიდრებული ურანის მცირე რაოდენობით დაბრუნდებოდა ირანში, სადაც ის გამოყენებული იქნებოდა თეირანის კვლევით რეაქტორში სამედიცინო იზოტოპების წარმოების მიზნით. მაგრამ ირანელებმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვეს. ირანში არსებული ნაწილობრივად გამდიდრებული ურანის მარაგი ქმნის საშიშროებას, რომ შემდგომი გამდიდრების შემთხვევაში ის შესაძლოა ახლო მომავალში გამოყენებულ იქნას ერთი ან ორი ბირთვული ბომბის შესაქმნელად.“

როგორც ცნობილია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის მთავრობას 2009 წლის დასასრულამდე მისცა ვადა თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლის შემდეგაც იგეგმება სანქციების ახალი რაუნდის შემოღება. კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა იგი ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას თუ გავითვალისწინებთ რუსეთისა და ჩინეთის განსხვავებულ მიდგომას ამ საკითხისადმი, ბატონმა სპექტორმა აღნიშნა:

„მე მიმაჩნია, რომ შეერთებული შტატები ემზადება სანქციების დაწესებისთვის სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ დონეზე. პირველი იქნება გაეროს უშიშროების საბჭო, სადაც მოსკოვისა და პეკინის თანხმობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ამ ორ სახელმწიფოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რათა ირანზე სანქიები გამკაცრდეს. სამწუხაროდ ორივე ქვეყანა უხალისოდ უდგება ამ საკითხს, მაგრამ ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე მომხდარი ამბების ფონზე, ქალაქ ყუმთან ურანის გამდიდრების საიდუმლო ქარხნის აღმოჩენის ჩათვლით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა სულ უფრო სერიოზული ხდება. ამდენად არ არის გამორიცხული, რომ რუსეთისა და ჩინეთის დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს და შედეგად მათ შეიძლება აღიარონ, რომ გაეროს სანქციების შემოღება გარდაუვალია. ამას გარდა, შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აპირებს საკუთარ მოკავშირეებთან ერთად ევროპასა და იაპონიაში. ირანი უსათუოდ იგრძნობს ამ სანქციების გავლენას რადგან მას ამ სახელმწიფოებთან ბევრი კომერციული კავშირი აქვს. ამ მხრივ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ვინაიდან ირანი ევროპაში ფინანსურ მომსახურებას იყენებს, საბანკო სექტორში სანქციების შემოღება ირანის წინააღმდეგ თეირანისთვის უთუოდ მტკივნეული იქნება.

და ბოლოს, შეერთებული შტატების მთავრობას მსოფლიოში უმკაცრესი ცალმხრივი ზომები აქვს მიღებული ირანის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს და საბანკო სექტორში აღმოჩენილი აქტივებისა და ანგარიშების გაყინვაში გამოიხატოს.“



XS
SM
MD
LG