ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი გორიდან: დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა


რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში დევნილთა რაოდენობა დაახლოებით 30 000-ით გაიზარდა. დღეს მათი ნაწილი საგანგებოდ აშენებულ ჩასახლებებში ცხოვრობს, ნაწილი ჯერაც საბავშვო ბაღებსა და სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობებში არიან განთავსებულნი, ნაწილი კი თავს ნათესავებს აფარებს. ომის შემდეგ თითქმის წელიწადნახევარი გავიდა, თუმცა ამ ადამიანების უმეტესობისთვის სახელმწიფოს ჯერაც არ გაუცია პასუხი იმის თაობაზე, თუ ვინ არიან ისინი, დევნილები, რომლებმაც უნდა ისარგებლონ მცირეოდენი მატერიალური შემწეობით სახელმწიფოს მხრიდან, თუ ჩვეულებრივი მოქალაქენი, რომლებსაც ქონება ომის შედეგად არ განადგურებიათ.

სამართლებრივი დოკუმენტები, რასაც საქართველოს ხელისუფლება დევნილისთვის სტატუსის განსაზღვრისას ეყრდნობა, ესაა 1951 წლის გაეროს კონვენცია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", ამავე კონვენციის 1966 წელს მიღებული დამატებითი ოქმი და საქართველოს კანონი „ლტოლვილთა შესახებ".

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელს ქეთი ბებიაშვილს ყოველდღე უწევს ურთიერთობა ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებთან. ჩვენთან საუბრისას, იგი დევნილების წინაშე მდგომ პრობლემებს შორის პირველ რიგში სტატუსის საკითხს გამოყოფს და ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამ პროცესს იმდენად აჭიანურებენ, რომ ის, რაც კანონის მიხედვით, ერთ თვეში უნდა გაკეთედეს, რეალურად წელიწადნახევრს იწელება.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ადამიანები იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ სახლები ცხინვლის რეგიონში. ამ ოკუპირებულ ტერიტორიას, ოდნავ მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენა უწოდა. ამ სოფლებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იძლებულნი გახდნენ საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინათ და საკუთარ ქვეყანაში დევნილობის ხვედრი გაეზიარებინათ. დღეს მათი ნაწილი დევნილის სტატუსის მაძიებელია. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც კანონის მიხედვით დევნილს ვერ უწოდებ, რეალური მდგომარეობით კი სხვას ვერაფერს დაარქმევ. ქეთი ბებიაშვილი გორის რაიონის რამდენიმე სოფლის მაცხოვრებელთა პრობლემაზეც საუბრობს. ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ ცხინვალის მოსაზღვრედ სახლობენ. დღეს-დღეობით იქ ცხოვრება უამრავ საფრთხეს უკავშირდება. ტერიტორია ოკუპირებული არაა, მაგრამ გუგუტიანთკარის, კოშკას, ზემო ნიქოზის, ზემო ხვითის მკვიდრთათვის იქ დარჩენა სიკვდილის ხახაში ყოფნას ნიშნავს. ხელისუფლებას დღემდე ვერ გაურკვევია რა კატეგორიას შეიძლება მიაკუთვნოს ეს ადამიანები.

სახელწიფო სტრატეგიის შესაბამისად, კომპაქტურად ჩასახლებული დენილები ავტომატურ რეჟიმში იღებენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სახელწიფო იძულებით გადაადგილებულ პირს არჩევანის წინაშე აყენებს. მან ან ეს დახმარება უნდა აიღოს და დევნილთათვის განკუთვნილ სოციალურ შეღავათზე თქვას უარი, ან პირიქით.

ქეთი ბებიაშვილი იმ საყოფაცხოვრებო პირობებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაშიც დღეს კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს უწევთ ცხოვრება. სახელდახელოდ აგებული კოტეჯებში ნესტი და მღრღნელები ჩვეულებრივი სანახაობაა.

დევნილების პრობლემების შესახებ საუბარი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშიცაა. მის თანახმად, „მიუხედავად იმისა,რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროში ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, დღესდღეობით ლტოლვილებზე ზრუნვას ძირითადად საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ".


XS
SM
MD
LG